ვფიქრობ, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონოდა და ეს კანონი სამი მოსმენით უნდა მიგვეღო, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, რომელსაც შემდეგ რუსული დაარქვეს.
„ეს არის ყველაზე ბინძური ნარატივი, რაც შეიძლება არსებობდეს, მათ შორის რომელიც გააძლიერა სალომე ზურაბიშვილმა. ამერიკული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა როგორ შეიძლება იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძველი, მე ვერ წარმომიდგენია. ბევრი ადამიანი იყო შეცდომაში შეყვანილი და ზოგი ძალიან სუბიექტური. შესაბამისად, როგორ შეიძლება ამერიკული კანონის გაპროტესტებამ კანდიდატის სტატუსი მოგვაპოვებინოს. სინამდვილეში ეს იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, რომელსაც რუსული დაარქვით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. 10 მარტს კი პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.