ფასების ზრდაზე საუბრობს ხალხი, რომელიც რუსეთთან სანქციების დაწესებას და ეკონომიკის ჩამოშლას ითხოვდა. მაშინ გენახათ ფასების ზრდა და გაჭირვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თურქეთში გადასვლას და საზოგადოებისთვის იქაური ფასების გაცნობას აპირებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, დადასტურდა, რომ ფასების ზრდაზე ლაპარაკის მიზანია, უპასუხოდ დატოვონ კითხვა, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა.
„როდესაც ელემენტარულად ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე: კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა, მათ ამის საპასუხოდ წამოწიეს, რომ ფასების ზრდა ცუდია. ჩვენ ვპასუხობთ, რომ დიახ, ფასების ზრდა ცუდია. ეს სიცუდე განსაკუთრებით თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ახლა გვაქვს კონკრეტული პასუხები. ამაზე საუბრობს ის ხალხი, რომელიც რუსეთთან სანქციების დაწესებას და ეკონომიკის ჩამოშლას ითხოვდა. მაშინ გენახათ ფასების ზრდა და გაჭირვება. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და სიღარიბე გაანახევრა. ეს ნახევარიც ძალიან ბევრია, ახლა სათითაოდ დასდევენ და ამ ხალხის გაჭირვებაზე პიარ-კამპანიას აგებენ. ჩვენი პასუხია კონკრეტული ციფრები, ომისა და პანდემიის ფონზე გავზარდეთ ეკონომიკა - ეს არის ჩვენი პასუხი მათ მიერ გამოგონილ თემაზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.