ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში მხილებულია ხუთი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა კობა დავითაშვილის თემა, ტელეკომპანია „იმედის“ საკითხი. ამ საქმეებზე პასუხისმგებლობა სწორედ ზურაბ ადეიშვილზეა დაკისრებული და ამ ადამიანის საპატიო სტატუსით ბუნდესტაგში სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას და არც გერმანულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის იქნება სასარგებლო. გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, ეთქვათ, რომ ეს ვინმეს მხედველობიდან გამოეპარა.
რა სასიამოვნოა, როცა კანონის უზენაესობაზე იმ ადამიანს ელაპარაკები, რომლის სახელიც საქართველოში ასოცირდება ბიზნესის რეკეტთან და იმ ციხის ზედამხედველობასთან, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ. მგონი, ამ ყველაფრის ფონზე სწორი რეაქცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს იყო შეცდომა ან შეიძლება საერთოდ არაფრის თქმა სჯობდა. დეზინფორმაცია რაშია, რაიმე ფაქტი გაყალბდა? უსამართლო შეფასებებს ვაკეთებთ? – არ მესიამოვნება, რომ ჩემს ქვეყანაში მივიღო და პარლამენტში ისეთი ადამიანი ვიხილოთ, რომელიც ბრალდებულია არაერთ საქმეში. ასეთი ადამიანის პარლამენტის ლოჟაში ყოფნა მომინდება? – ადეიშვილზე პრეტენზიის გამოხატვა დეზინფორმაციად თუ ითვლება, კი ბატონო, ასე იყოს, მაგრამ მე ასე ვერ ჩავთვლი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებაზე და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობს.