რა თქმა უნდა პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, რადგან კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ევროპულ სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„რატომღაც ჩვენ გვთხოვენ კანონმდებლობაში ისეთი რეგულაციები დავამკვიდროთ, რომელიც არსად ფუნქციონირებს. ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში ეს კანონმდებლობა დაახლოებით 2 წელი მოქმედებდა და სამწუხაროდ ვერანაირი პოზიტიური შედეგი ვერ გამოიღო“, - აღნიშნა კახიანმა.
მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაუსაბუთებელია და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში ამგვარმა კანონპროექტმა არ იმუშავა.
კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროს უკვე წარედგინა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.