სტივ მორსი - The Dixie Dregs მეწამული ექსპერიმენტი

სტივ მორსი - The Dixie Dregs მეწამული ექსპერიმენტი

როკ ჯგუფში ელექტროგიტარის დომინირება ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არც არაფერია გასაკვირი, მაგრამ სტივ მორსის სახით ჩვენ ვიცნობთ არამარტო შესანიშნავ გიტარისტს, არამედ ფიგურას, რომელმაც შეკრა და გააერთიანა ლეგენდარული Deep Purple, არ დატოვა რა გულგრილი მის მიმართ ამ ჯგუფის მილიონობით თაყვანისმცემელთაგან არავინ...

მოდით სკეპტიკოსებით დავიწყოთ. ჯგუფში გიტარისტად მხოლოდ რიჩი ბლეკმორის ყოფნის კონსერვატორი მომხრეები პირდაპირ აცხადებენ, რომ ჯობდა Deep Purple 1993 წელს, რიჩი ბლეკმორის წასვლისთანავე დაშლილიყო, რადგან მაესტროს დონის გიტარისტს ისინი ვერასოდეს იპოვიდნენ, ხოლო მორსი არამცთუ მისი აჩრდილი, არამედ ჯგუფში შემთხვევით მოხვედრილი „ტეხნარი“ გიტარისტია, რომელმაც ბოლომდე Kansas-შიც კი ვერ ივარგა და მისი ადგილი გასართობ The Dixie Dregs-შია.

ფაქტები კი საპირისპიროს მეტყველებენ, რადგან სტივ მორსის უდიდესი ძალისხმევითა და დამსახურებით, მისი ჯგუფში მოღვაწეობის 18 წლის განმავლობაში (რითაც უკვე 2 წლით გადაასწრო რიჩის ჯამურ ყოფნას კოლექტივში), Deep Purple-მა უკვე ხუთი სტუდიური და არაერთი საკონცერტო ალბომისა თუ DVD-ის ჩაწერა მოასწრო.

გავითვალისწინოთ მუსიკოსების ასაკი და მივაქციოთ ყურადღება Deep Purple-ს ზეაქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, რაც მორსის უდიდესი დამსახურებაა, რადგან როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, იგი მფრინავის ენერგეტიკით აღავსებს 21-ე საუკუნის Deep Purple-ს, რომლის ჟღერადობაც არათუ ჩამორჩენილს, არამედ ზეთანამედროვეს მოგვაგონებს წლევანდელი სტუდიური ალბომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.

სტივ მორსი ფსიქოლოგი დედ-მამის ოჯახში აღიზარდა. მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი მას ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა, რაც მომავალში მუსიკოსობასთან ერთად, კიდევ ერთი - მფრინავის პროფესიის დაუფლებაში დაეხმარა. მოზარდი მორსი მეთოდურად და გააზრებით ერთვებოდა ამერიკელი ახალგაზრდების ფსიქოდელიურ ფერხულში და სცენაზე უფროს ძმასთან ერთად, თუკი თავდაპირველად Led Zeppelin-ის  ქავერებს ასრულებდა, თანდათანობით სულ უფრო მეტად ინსტრუმენტულმა მუსიკამ გაიტაცა და ჯონ მაკლაფლინის კვალობაზე, ფიუჟენ გიტარისტად ჩამოყალიბდა.

სტივ მორსის პირველ სერიოზულ პროექტად The Dixie Dregs იქცა. ვიოლინოთი გამდიდრებული კოლექტივი ქანთრი-ბლუზისა და ჯაზ-როკ ფიუჟენის შესანიშნავ ნაზავს წარმოადგენდა. მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ინსტრუმენტული პიესები კი მელოდიურობითაც გამოირჩეოდნენ, ამიტომ ჯგუფს ამერიკაში მრავალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

1981 წელს პოპულარულ გამოცემა Guitar Magazine-მა სტივ მორსი წლის „ყველაზე სრულყოფილ გიტარისტად“ დაასახელა. მუსიკოსი ამ ტიტულს ხუთი (!) წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე მომდევნო Steve Morse Band-ში მოღვაწეობის პერიოდშიც ინარჩუნებდა, საბოლოოდ კი იგი Yes-ის სტივ ჰოუს გადაულოცა.

Steve Morse Band თავდაპირველად ტრიოს წარმოადგენდა, ხოლო 1985 წლის ალბომი Stand Up კი დიდებულმა მოწვეულმა გიტარისტებმა ალბერტ ლიმ, პიტერ ფრემპტონმა და ერიკ ჯონსონმა დაამშვენეს. ჯონსონმა და ლიმ იმღერეს კიდეც, ხოლოე ერთ სიმღერაში ვოკალის პარტია სანტანას მომღერალმა ალექს ლაიგერტვუდმაც შეასრულა.

Stand Up-ის გამოკლებით, Steve Morse Band კლასიკური ინსტრუმენტული ტრიოა, რომელშიც დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე მოწვეული მუსიკოსები. ზოგჯერ კი რეპერტუარი ვიოლინოს ჟღერადობითაცაა გამდიდრებული, რაც კვლავ The Dixie Dregs-ს მოგვაგონებს.

სწორედ Steve Morse Band-ის პერიოდში მიიღო მორსმა მოწვევა Deep Purple - დან, სადაც მას ჯო სატრიანი უნდა შეეცვალა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მას დღემდე გააჩერებდნენ ლეგენდარულ ჯგუფში და რომ კოლექტივის უმთავრეს ღერძად სწორედ ის იქცეოდა? მორსმა ხომ შეასნიშნავი ხუთეული არამარტო მენტალურად, არამედ ეპოქალურადაც შეკრა, შეასრულა რა ურთულესი მისია კონცერტებზე 1970-ანებისა და მისი პერიოდის სიმღერების საერთო ხასიათის მიღწევისა.

Deep Purple-ში სტივ მორსის სადებიუტო ალბომი Purpendicular განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია არაერთი ფაქტორის გამო. უპირველეს ყოვლისა, 1973 წლის ალბომ Who Do We Think We Are -ის შემდეგ, აქ თორმეტივე სიმღერის ავტორი ჯგუფის თითოეული წევრია. კომპოზიციური სიმწიფით კი რეპერტუარმა აშკარად აჯობა Perfect Strangers-დან მოყოლებული რიჩი ბლეკმორის პერიოდის ოთხივე სტუდიურ ნამუშევარს, რომლებიც მეტწილად ერთი ადამიანის ზოგჯერ თუნდაც გენიალურ, მაგრამ ძირითადად Rainbow-ში დანერგილ იდეებს ავრცელებდნენ.

Purpendicular-ის უჩვეულო სიხალასის სულისჩამდგმელი კი სწორედ რომ ჯგუფის ახალწვეულია. ფსიქოლოგების ოჯახში აღზრდილმა მუდმივად მომღიმარმა და თავმდაბალმა სტივ მორსმა, რომელიც ასაკითაც უმცროსი იყო ჯგუფის ღვაწლმოსილ მუსიკოსებთან  შედარებით, ჯგუფში მანამდე არნახული მეგობრობული ატმოსფეროს დანერგვას შეუწყო ხელი, რაც სხვებისთვისაც კოლექტიური მუშაობის სტიმულად იქცა.

რიჩისთან ერთად ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელი იყო. დიდი მაესტრო არასოდეს იტყოდა პრესის ფურცლებზე, რომ გილანი იმისთვისაა დაბადებული, რომ Deep Purple -ში იმღეროს... მუსიკოსობამდე ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო სტივ მორსი, რათა თვალში მოსვლოდა Deep Purple-ს კონსერვატორ თაყვანისმცემლებს. ბევრთან ბუნებრივია, რომ იგი „წარმატებას ვერ მიაღწევდა“ და ასეთები თბილისშიც გამოჩნდნენ, ვინც ბლეკმორის არყოფნის მიზეზით ითაკილეს ლეგენდარული ჯგუფის კონცერტზე წასვლა.

არადა დღევანდელი Deep Purple-ს  საკონცერტო მოღვაწეობა ხომ  ცალკე სალაპარაკო თემაა და უაღრესად საინტერესო ფენომენია არსებულ სიტუაციაში. ჯერ კიდევ ჯონ ლორდის პერიოდში სულ უფრო გახშირდა სცენაზე ისეთი მარგალიტების შესრულება, როგორიცაა Fools, No One Came, Maybe I’m A Leo, Pictures Of Home თუ When a Blind Man Cries. დროთა განმავლობაში კი ჯგუფის გილანისა და გლოვერის პერიოდის რეპერტუარიდან პრაქტიკულად აღარ დარჩა სიმღერა, სცენაზე რომ არ შესრულებულიყოს.

რა თქმა უნდა ამის უპირველესი მსურველები გილანი, გლოვერი და პეისი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სტივ მორსის ნიჭის გამოისობით სიმღერებმა, რომლებიც ბლეკმორის აზრით მაინცდამაინც სასცენო არ უნდა ყოფილიყო, შესანიშნავი საკონცერტო ელფერი მიიღეს, ხოლო Machine Head-თვის დაწუნებული When a Blind Man Cries საკონცერტო ჰიტადაც კი იქცა.

განსაკუთრებით ეფეტური სოლოები მორსმა კონცერტებზე ახლადდანერგილ Pictures Of Home-სა და Fools -ში შეასრულა. ყველაზე რთული კი ალბათ მუსიკოსისთვის რიჩი ბლეკმორის გიტარის პარტიების შესრულება უნდა გამხდარიყო, თანაც ისე, რომ წლების განმავლობაში მათი როგორც იმპროვიზაციული მხარე, ასევე ძირითადი ღერძი შენარჩუნებულიყო.

გარდა ამისა საჭირო იყო უკვე საკუთარი სოლოების მორგებაც რიჩის ხელწერასთან როგორც საკუთარ, ასევე ძველ სიმღერებში, თანაც იდენტურობის შენარჩუნებით... ასეთ კოლოსალურ სამუშაოს მორსი უკვე 18 წელიწადია ასრულებს და თუკი ზოგჯერ მას ერთფეროვნებაში დავადანაშაულებთ, ჩვენგან დიდი უსამართლობა უნდა იყოს, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ თვით Highway Star სტივ მორსს სცენაზე უფრო ხშირად ჰქონდეს შესრულებული, ვიდრე რიჩი ბლეკმორს!

სტივ მორსის ბგერა და სტანდარტული სვლები, რომლებიც ამ ერთფეროვნების ილუზიას ჰქმნიან, მეორეს მხრივ ხომ ამ პიროვნების ურყევობასა და გამტანობაზეც შეიძლება მეტყველებდნენ. მისმა დადებითმა აურამ კი სრული ასახვა ჰპოვა ისეთ კომპოზიციებში, როგორიცაა მაგალითად Steve Morse Band-ის Here Now & Then ან Deep Purple-ს The Aviator, რომლებშიც საოცარი სილაღითაა გადმოცემული ფსიქოლოგი მფრინავის სიცოცხლის სიყვარულით აღსავსე დამოკიდებულება გარემომცველ სამყაროსთან, ბუნებასთან, ადამიანთან... ეს კი როკ მუსიკის უაღრესად სიცოცხლისუნარიანი გრანდისთვის, რომელსაც Deep Purple ჰქვია, სწორედ ის აუცილებლობა იყო, რაც მის მუსიკოსებს ბოლომდე ერთად შეკრავს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში...