თვითმმართველობა როგორც დემოკრატიის მწვერვალი

თვითმმართველობა როგორც დემოკრატიის მწვერვალი

საქართველო თვითმმართველობის რომანტიკულ ეპოქაში შედის. ჩვენ შეგვიყვარდა ევროპული დემოკრატია და გვინდა ამ სიყვარულის მწვერვალს მივაღწიოთ. რეფორმისტული აზროვნება, ცხადია, კარგია, მაგრამ როგორ რეალიზდება ცენტრალური ხელისუფლების მეტად ამბიციური იდეები რეგიონებში, ადგილობრივი მმართველობების მრავალრიცხოვან სტრუქტურებში?! ხელისუფლება სამოქმედოდ ევროპული გამოცდილების „ან-ბანს“ გვთავაზობს, „რომანი“ კი რეგიონებში უნდა დაიწეროს.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა დაიწეროს, მაგალითად, ჩემს მშობლიურ - კასპის რაიონში, ქართული დემოკრატიის რომანი და იქ თვითმმართველობის ნაყოფი აღმოცენდეს, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებელი აზროვნება არ შეუძლია და ის ღრმა, უძირო პროვინციალიზმშია ჩაიძირული; სადაც უფლებები, მოვალეობები, საარსებო გარემო და საერთოდ სიცოცხლე, დაკნინებულია, როგორც ამ რაიონის უნაყოფოდ ქცეული, მოურწყავი ველ-მინდვრები; სადაც უსისტემო, „რევოლუციური“ არჩევნები გამოფხიზლების ერთადერთი იმპულსია და ისიც მხოლოდ ადამიანთა პირად ამბიციებს აღვიძებს. ერთი სიტყვით, საქართველოს რეგიონებში თვითმმართველობის საფუძვლებიც კი მენტალურად თუ მატერიალურად, სრულიად დეგრადირებულია.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართვის სისტემის დეცენტრალიზაციის მეტად მომხიბვლელი იდეა, მართლაც იმედისმომცემი შუქურასავით გამოკრთა და საზოგადოებაში უდიდესი ინტერესი, მოლოდინი და აზრთა დაპირისპირება გამოიწვია.

საკითხი ასე დგას: იქ, სადაც არ არის დემოკრატიის ევროპული ტრადიცია, როგორ იმუშავებს განვითარებული თვითმმართველობის მზა ევროპული მოდელი?! როგორ მოვახერხოთ ჩვენი პროვინციების გაცოცხლება?!

რა გვაქვს, რისი გამოყენება შეგვიძლია რეგიონების დონეზე, როგორ წავახალისოთ პოტენციური თვითმმართველი - ადგილობრივი ხელისუფლება?!

მივყვეთ მთავრობის ნებას, გავიდეთ რეგიონებში და გზადაგზა დავკვალიანდეთ, რა უნდა იცოდეს ზოგადად ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფორმის დაწყებამდე, რა სასტარტო პირობებია მათ გამგებლობაში.

რეფორმის ავტორების ძალისხმევა რეალიზდება რეგიონებში (და მთელს ქვეყანაში) არსებული საზოგადოებრივი განწყობის ადეკვატურობით და მისი ჩართულობით მიმდინარე პროცესებში. თანამედროვე პროგრესული ინსტიტუცია - ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ გარემოში რომ დაინერგოს, ეკონომიკური საფუძვლების გარდა, იქ შესაბამისი სოციალური გარემო უნდა არსებობდეს, რაც ვლინდება ადამიანთა მენტალურ თვისებებში, საზოგადოებრივ შეგნებაში, შინაგან მრწამსსა და ფასეულობათა სისტემაში. ეს ყოველივე, შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში, სუბიექტის სიახლისადმი მზადყოფნაში აისახება, რადგან საზოგადოებას აქვს თვითგანვითარების შინაგანი რესურსი, სიახლისადმი ბუნებრივი სწრაფვა. ადამიანთა აქტივობის ამ ასპექტებს ახასიათებენ ტერმინით - „სოციალური კაპიტალი“, რაც თავისთავად, ქვეყნის უდიდესი რესურსია და ძირითადად განვითარებული საზოგადოების პროდუქტს წარმოადგენს. მისი დონე და განვითარების ხარისხი გვიხასიათებს თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს სახელმწიფოს ნებისმიერი ინიციატივა და პროგრესული ნოვაცია.

ამდენად, გარდაქმნა რომ შედეგიან რეფორმად იქცეს, რეფორმის ინიციატორმა, უპირველესად, ჩვენი საზოგადოება ქალაქებში და რეგიონებში გარინდებისა და უმოქმედობის მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს და მათი ენერგია წარმართოს პროგრესისკენ, თვითშემოქმედებისკენ, ანუ შექმნას რეფორმისთვის ადეკვატური სოციალური გარემო - მობილიზაცია გაუკეთოს და აამოქმედოს საზოგადოების ენერგეტიკული კაპიტალი. წარმატებისთვის ეს ფაქტორი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური რესურსები.

ერთი სიტყვით, რეფორმა საზოგადოებიდან უნდა დავიწყოთ და არა ამ საზოგადოების მიერ შესაქმნელი და მათივე სამართავი ინსტიტუციებიდან, რითაც ის შემდგომ თვითმმართველობას განახორციელებს.

ამ უმნიშვნელოვანესი პირობის დასაცავად, ვფიქრობ, რეფორმის პირველ ეტაპზევე, უნდა შემუშავდეს მეცნიერულად დასაბუთებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ამ მიმართულებით მოქმედების ფორმებს, შესაბამის ნორმებს და მექანიზმებს, მათი გამოყენების პირობებს და სქემებს საზოგადოების მაქსიმალური აქტივობის მისაღწევად, რეფორმის სოციალურ-იდეოლოგიური საფუძვლების შესაქმნელად.

გავაგრძელოთ, გავყვეთ რეფორმას და მის ავტორებს. ახლა ვნახოთ, რა მატერიალური გარემო და ეკონომიკური რესურსები არსებობს რეგიონებში თვითმმართველობის დასამკვიდრებლად.

ნებისმიერი ქალაქის თუ რაიონის თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად, მეტ-ნაკლები ზომით, აუცილებელი და საჭირო ობიექტური წანამძღვრები არსებობს - ბუნებრივი და მატერიალური რესურსები, შრომითი რესურსები, განადგურებას გადარჩენილი ეკონომიკური ბაზა, ფინანსური შემოსავლები, საწარმოო, სამმართველო, საყოფაცხოვრებო, კულტურული ინფრასტრუქტურა და სხვ. არ არსებობს (დღემდე) სუბიექტური, მეთოდოლოგიური წანამძღვრები და მათი რეალიზაციის საკანონმდებლო თუ მოდულაციური მექანიზმი. ეს წანამძღვრები შესაბამის კონცეპტუალურ მოდელებში უნდა აისახოს.

მეთოდოლოგიური წანამძღვრები საჭიროა იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ რა გვინდა დღეს და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ორგანიზაციულ-მეთოდური საკითხებია გადასაწყვეტი, ე. ი. გაცხადდეს მიზანი, ინტერესები და შესაძლებლობები. აქაც, საჭირო იქნება ცოდნის (სამეცნიერო ბაზის), ინტელექტუალური კაპიტალის ჩართვა, რაც თანამედროვე პოსტინდუსტრიულ მსოფლიოში ეკონომიკის ძირითადი რესურსია. ალბათ, უნდა შემუშავდეს თითოეული რაიონის და მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროგრამები, მათი ბუნებრივ-კლიმატური და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი იქნება თუ თითოეული რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის მოხდება ისეთი მოდელის შერჩევა, რომელიც მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩართულობით, ეფექტიან პროფილად ჩამოყალიბდება და განვითარების უპირატეს პერსპექტივას შექმნის. ძირითადად, რეგიონული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის შესაბამისი მაპროფილებელი, ტრადიციული (ზოგჯერ უნიკალური) დარგები გახდება.

ტერიტორიული თვითმმართველობის სისტემა დაეფუძნება თითოეული მხარის და რაიონის გეოპოლიტიკურ, დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ, ეკონომიკურ, კულტურულ-სოციალურ თავისებურებებს და არსებულ „სოციალურ კაპიტალს“. გამოიკვეთება რეგიონის პოტენციალი, პერსპექტიული სამეურნეო პროფილი, თავისთავადობა. აღნიშნულის შესაბამისად, ჩამოყალიბდება თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანიზების ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ჩარჩო-მოდელები.

ტერიტორიული თვითმმართველობა რეალიზდება ადგილობრივი ხელისუფლების და მის დაქვემდებარებაში გადაცემული საწარმოებისთვის უფლების დელეგირებით - ავტონომიურად მართონ, განკარგონ და გამოიყენონ მათ გამგებლობაში არსებული საკუთრება; დამოუკიდებლად დაამყარონ ერთმანეთთან სამეურნეო ურთიერთობა. სამეურნეო ავტონომია საერთო რესპუბლიკური კანონმდებლობით განისაზღვრება.

ეს ნიშნავს, რომ რეგიონს, როგორც თვითმმართველ ეკონომიკურ ერთეულს შეუძლია დამოუკიდებელი ეკონომიკური პარტნიორის სტატუსით ჯანსაღ სამეურნეო ურთიერთობაში შევიდეს ნებისმიერ სხვა რეგიონთან, როგორც ეკონომიკურ პარტნიორთან. ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონის სამეურნეო კომპლექსის პრიორიტეტული განვითარების არჩევის შესაძლებლობას იძლევა. ეს კვლავწარმოების სტრუქტურულ ცვლილებებში აისახება. კერძოდ: არსებული ვითარების გათვალისწინებით, აქცენტი აღებული უნდა იყოს ადგილობრივ სუბსტანციურ, ბუნებრივ რესურსებზე, ტრადიციულ მეურნეობებზე და ამის საფუძველზე, შევეცადოთ ვაწარმოოთ არა მხოლოდ ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია;

უნდა შემუშავდეს კონკრეტული საწარმოო პროგრამები, ორიენტაცია ავიღოთ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე;

გადაისინჯოს და დაზუსტდეს რეგიონის სამეურნეო პროფილის დარგობრივი და შიგადარგობრივი სტრუქტურა. ამისათვის უნდა გამოიკვეთოს საბაზო მაპროფილებელი დარგები, რომელთა პროდუქციაც კონკურენტუნარიანად იქნება მიჩნეული. უარი ვთქვათ მასალატევად და ენერგოტევად დარგებზე, ინტერესი გავამახვილოთ ინოვაციურ დარგებზე და ტექნოლოგიებზე;

აუცილებელია დაზუსტდეს რესპუბლიკური, სამხარეო და მუნიციპალური საკუთრებითი ერთეულები, დადგინდეს მათი პროპორციები და წილი. დაისვას საკითხი მათი დაქვემდებარების სტატუსის შეცვლის ან დაზუსტების შესახებ, რაც შემოსავლების გამიჯვნის ვარიანტებში აისახება;

პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია ორიენტაცია ავიღოთ უნიფიცირებული სამეურნეო კომპლექსების შექმნა-მოდელირებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ არცერთ რეგიონში, არცერთი სამეურნეო სფერო სამეურნეო კომპლექსად არ არის ჩამოყალიბებული. კომპლექსის ნაცვლად ისინი წარმოადგენენ ეკონომიკურად, ეკოლოგიურად, დარგობრივად დაუსაბუთებელ საწარმოთა ნაკრებს, რომელთა ფუნქციონირება არც ტერიტორიულ და არც დარგობრივ ეფექტს არ იძლევა.

აუცილებელია თვითმმართველობების იურიდიულ და სამეურნეო სუბიექტთა ფუნქციონირების მოდელირება ურთიერთობის სხვადასხვა დონეზე. საჭიროა მართვის სუბიექტთა და სამართავ ობიექტთა რაციონალური რაოდენობის განსაზღვრა.

რთულ სამეურნეო ურთიერთობათა დარგობრივ სისტემაში რაციონალურია მართვის შედარებით მეტი დამოუკიდებელი სუბიექტისა და ნაკლები ობიექტის ურთიერთდამოკიდებულება. რეგიონულ სისტემაში - ტერიტორიული მართვის ნაკლები სუბიექტისა და მეტი სამართავი ობიექტის ურთიერთდამოკიდებულება. თვითმმართველობის ოპტიმალური მოდელი მათი რაციონალური ერთიანობით მიიღწევა.

სამეურნეო თვითმმართველობის ეს მოთხოვნა რეგიონული მართვის ტერიტორიულ სტრუქტურაში გულისხმობს:

ადმინისტრაციული დარაიონების გამსხვილებას;

ადმინისტრაციული მართვის ორგანოთა (სუბიექტთა) შემცირებას;

ადგილობრივი მუნიციპალური დაქვემდებარების საწარმოო-ორგანიზაციათა მაქსიმალურ შესაძლო სიმრავლეს ერთი მმართველი სუბიექტის გამგებლობაში.

დარგობრივ სტრუქტურაში:

სახელმწიფო საკუთრების დეცენტრალიზაციას და მის გადანაწილებას თვითმმართველობის დამოუკიდებელ ეკონომიკურ სუბიექტებს შორის;

წვრილ და საშუალო საწარმოთა გაერთიანებას ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და სამეურნეო სარგებლიანობის შესაძლო ვარიანტთა გათვალისწინებით;

დარგობრივი და დარგთაშორისი გაერთიანებების, ასოციაციების და სხვ. შექმნას;

მართვის ერთი სუბიექტისკენ სწრაფვას.

მსოფლიოში დღეს ინდუსტრიალიზმის ეპოქის მემკვიდრეობის - არარაციონალური ბიო-ეკონომიკური გარემოს მკურნალობაზე საუბრობენ. ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესის მოთხოვნებმა ადამიანი მაქსიმალურად მომხმარებელი გახადა, რაც მხოლოდ ცოცხალი ბუნების ექსპლუატაციის ხარჯზე ხდებოდა და ეს განვითარებული მსოფლიოსთვის მრავალი პრობლემის საფუძველი გახდა.

ამ მხრივ საქართველოს „გაუმართლა“.

ბიო-ეკონომიკური გარემო ჩვენს რეგიონებში „სუფთა“ და „ცარიელია“. პოსტსაბჭოთა ეკონომიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა თითქმის აღარ არსებობს. ე.ი. ჩვენ თავისუფალი ვართ განვითარებული მსოფლიოს მომხმარებლური ეპოქის პრობლემებისგან, ასევე, საბჭოთა ცენტრალიზებული, მრავალდარგოვანი ეკონომიკის ნარჩენებისგან. გვეძლევა შანსი ცივილიზაციის „შეცდომები“ გავითვალისწინოთ და ჩვენ თვითონ შევქმნათ ახალი ქართული ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ჩვენს ქალაქებში თუ რეგიონებში, და ეს ქართული „ან-ბანით“ დაწერილი თვითმმართველობის „რომანის“ საფუძველი იქნება.