"სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში Chatham House-ში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისას. ამასთანავე, აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. მან ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეც და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში "რეალური მიზეზით" არის, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და ყურადღებით აკვირდება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ვითარებას და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ამ განცხადებას ჩვენში საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის რიტორიკა შეცვლილია, რაც იმედს აძლევთ, რომ შესაძლოა მართლაც შეიწყალოს ექსპრეზიდენტი. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მან ეს ზურაბიშვილის საწინააღმდეგო მორიგი კამპანიისთვის გამოიყენა. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- ხელისუფლების განცხადებები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გასაგებია, ეს იმ კონტექსტში ჯდება, რასაც ისინი პრეზიდენტთან დაპირისპირების შემდეგ ავითარებენ, რომ ზურაბიშვილი თითქოს ოპოზიციის პრეზიდენტია და არა ქვეყნის. მის დაკავშირებას განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობასთან" ცდილობენ.
ზურაბიშვილის ეს განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე, რა თქმა უნდა, მორალური საკითხიც არის, მაგრამ დიდი დოზით უფრო პოლიტიკური თემაა და ნებისმიერ შემთხვევაში იქნება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მორალური, რა თქმა უნდა, თუ ამაზე წავა ზურაბიშვილი. ის ამ საკითხზე საუბრისას ძველებურად კატეგორიული აღარ არის, ამან განაპირობა როგორც მმართველი პარტიის, ისე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ნათქვამი უფრო დიპლომატიური განცხადებაა და ის ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის. რაც მთავარია, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ მისი რეიტინგი, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძალიან დაზარალდება. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ევროინტეგრაციის საქმეში პრეზიდენტის მხარდამჭერია, ძირითადად, ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველია, რომელსაც არც "ნაციონალური მოძრაობა" მოსწონს და არც "ქართული ოცნება", ამიტომ სააკაშვილის შეწყალება მათგანაც აღქმული იქნება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მხარდაჭერა. ვაღიაროთ, დღეს საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს მაინც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს, რაც არ უნდა თქვან ევროპარლამენტარებმა თუ სხვა უცხოელმა პოლიტიკოსებმა. ამგვარი მოცემულობა იყო აქამდეც და რჩება კვლავაც. ამიტომაც პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება ქვეყანაში მის პოლიტიკურ ფასს ძალიან დასცემს. ესეც რომ არ იყოს, სააკაშვილი, გარდა მსჯავრდადებულისა, ბრალდებულიც არის - არაერთ სხვა საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, ის შეიძლება საერთოდ არ გამოუშვან ციხიდან, ან გამოუშვან რამდენიმე საათით, როგორც გიგი უგულავა წლების წინ. ამიტომაც ეს იქნება პრეზიდენტის ფუჭი გასროლა, რითაც ვერც სააკაშვილი იხეირებს და ვერც ოპოზიციური სპექტრი. ეს უფრო "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს. ვფიქრობ, ზურაბიშვილმა ეს მშვენივრად იცის და ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
- საგარეო პოლიტიკის წლიური ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტმა 28 თებერვალს დაამტკიცა, "ქართული ოცნების" მორიგი კრიტიკის საფუძველი გახდა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის აზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით კი, "დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს". შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ("ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან") ინიციატივით, პროექტში შეიტანეს შესწორება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხება.
- სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ თემის აჟიტირებით ისევ და ისევ ცდილობს ქვეყნის დასავლური კურსის დისკრედიტაციას, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ. საქმე ის არის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ გზის მხარდამჭერია, ხელისუფლების ამგვარ განცხადებებს კი შედეგი არ მოჰყვება. კი, ერთჯერადად შეიძლება ბევრმა მიიჩნიოს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ცდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ხელისუფლება მიიღებს პოლიტიკურ დივიდენდს.
შეიძლება ამან პირიქითაც კი იმუშაოს, რადგან ვერანაირმა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ, რასაც ხშირად მიმართავენ ხელისუფლება და მისი სატელიტები, ვერ გაამართლა. როგორც არ უნდა გააშავონ დასავლეთი, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მშვენივრად ხედავს იმ დიდ სიკეთეებს, რაც ევროინტეგრაციამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს, ამას ხედავს ჩვენი ემიგრაცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ინახავს, ამას ხედავენ სამოგზაუროდ ევროპაში ჩასული ქართველები, ამას ხედავს ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც განათლების მისაღებად სწორედ დასავლურ ქვეყნებს ირჩევს. დიახ, დღეს დასავლურ ქვეყნებში წასული ემიგრაცია არჩენს საქართველოს. იყო დრო, როდესაც ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილი რუსეთში იყო და იქიდან შემოდიოდა ფული, მაგრამ დღეს ეს ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი.
- ბევრი ანტიდასავლურ ნაბიჯად მიიჩნევს "ქართული ოცნების" ინიციატივას შექმნას ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტი...
- ეს არის წინასაარჩევნოდ შემოგდებული კიდევ ერთი თემა. წინა არჩევნებზე, თუ გახსოვთ, "ქართული ოცნება" გარეჯის დაცვას ცდილობდა და გამარჯვების შემდეგ სულ მიივიწყა ეს თემა. ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ, მაგრამ იმასაც მალე მიივიწყებენ. ეს არის კონსერვატორული განწყობის ამომრჩევლის გულის მოგების ცდა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ლგბტ თემის საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ ლგბტ თემის დიდი პროპაგანდისტები იყვნენ. საარჩევნოდ ქულების მოგროვებას ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, საზოგადოების ნაწილი ამ თემებზე რეაგირებს. იქამდეც მივიდნენ, რომ გვაშინებენ, მალე ვიღაც მოგვთხოვს სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი გაქრეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდანო. ამან ის აჟიოტაჟი გამახსენა, რომელიც ახლდა წლების წინ ეთნიკური კუთვნილების ჩანაწერის საკითხს, იმჟამად ვთქვი, ამ ჩანაწერის გარეშეც მშვენივრად ვიცი, რომ ქართველი ვარ და პასპორტში ჩახედვა ამისთვის არ მჭირდება-მეთქი და იგივე შემიძლია გავიმეორო სქესის აღმნიშვნელ ჩანაწერზეც.
მოკლედ, ეს ყველაფერი საარჩევნოდ სჭირდებათ. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამას მშვიდად შეხვდება, თან ჯერ ვნახოთ, რას ჩაწერენ იმ კანონპროექტში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ უნდა მივიჩნიოთ დიდ უბედურებად. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ამაზე ააგოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია. მოკლედ, სერიოზულად არც შეიძლება ამ საკითხზე ლაპარაკი. ჩვენ ევროკავშირთან დასაახლოებლად 9 მუხლი გვაქვს შესასრულებელი, სჯობს ამას მივხედოთ.
- ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ. მიმდინარე კვირას ველით ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიების დაფუძნებას. როგორ შეიძლება შეფასდეს ოპოზიციური ფლანგი არჩევნებამდე 8 თვით ადრე?
- ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. სულ სამი ელექტორალური ჯგუფია: "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე და ე.წ. შუაშისტი. ჯამურად ამომრჩევლის ეს სამივე ჯგუფი დაახლოებით 1 800 000 ამომრჩეველს აერთიანებს, რჩება კიდეც რაღაც რაოდენობა, რომელიც ზუსტად არჩევნების წინ იღებს გადაწყვეტილებას ან არ მიდის არჩევნებზე. ოპოზიციამ სწორედ ამ ელექტორალური განწყობებით უნდა იხელმძღვანელოს. თითქოს ყველა ყველაფერს ხედავს, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ დაადგა საშველი ოპოზიციის ჩამოყალიბებას. 5%-იან ბარიერს დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ გადალახავს, ოპოზიციური ხმები გაიფანტება და "ქართულ ოცნებასთან" წავა. ამის მიუხედავად, ყველა ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. ნიკა მელიას ფაქტორი ოპოზიციაში პრობლემას არ ქმნის. ის "ნაციონალურ მოძრაობას" უყოფს ხმებს. ვის რამდენი შეხვდება ამ გაყოფილ ხმებში, იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეაფასებს არსებულ ვითარებას და ვის რა ძალის ჯგუფი ეყოლება.
ჩემი აზრით, მელიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვს, იმდენად დიდი რაოდენობის ამომრჩეველს წამოიყვანს "ნაციონალური მოძრაობისგან". რეგიონებში ადგილობრივი საკრებულოების წევრების განცხადებებს თუ ადევნებდით თვალს, გეცოდინებათ, რომ ბევრი უჭერს მხარს მელიას, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მას პარტიული სტრუქტურა, ფაქტობრივად, გამზადებული აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტსაც შეძლებს, თუ ხოშტარიასა და ჯაფარიძესთან საერთო ენას გამონახავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ხაბეიშვილ-კეზერაშვილის გუნდს გაასწროს კიდეც. რაც შეეხება გვარამიას, პარტიას კი დაარქვა "ახალი", მაგრამ იმ მოჭიდავე დათუნაშვილს თუ არ ჩავთვლით, იქ ჯერ ახალს ვერავის ვხედავ და დამოუკიდებლადაც მას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს. თუ მელიასთან გამონახავს საერთო ენას, შეიძლება ეს საინტერესო კონფიგურაცია იყოს. მისი ამომრჩეველიც "ნაციონალურ მოძრაობას" გაუყოფს ხმებს. მას შუაშისტი ელექტორატის მიმხრობის არანაირი საშუალება არა აქვს. ეს შეიძლება მელიამ უფრო შეძლოს.
რაც შეეხება შუაშისტ ფრთას, მთავარ პრობლემას სწორედ იქ ვხედავ, სადაც არიან: გახარია, "ლელო", ელისაშვილის პარტია, ანა დოლიძე, იაგო ხვიჩიას "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები. თუ ეს სუბიექტები გაერთიანდებიან, ძალიან ძლიერ ძალად ჩამოყალიბდებიან, რომელიც არა მარტო სრულად აითვისებს შუაშისტ ელექტორატს, არამედ ამომრჩევლის ნაწილს წამოიყვანს "ქართული ოცნებიდან" და ასე განსაჯეთ, "ნაციონალური მოძრაობიდანაც". მას პირველ ადგილზე გასვლის შანსიც შეიძლება ჰქონდეს. პირველ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ კონსტიტუციით, უპირველესად მას ენიჭება მთავრობის დაკომპლექტებისას უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ ფრთაში გახარიამ უკვე გამოაცხადა, რომ არჩევნებში მარტო გავა. დარჩნენ "ლელო", ელისაშვილი, ხვიჩიას "გირჩი" და ანა დოლიძე. თუ "ლელო" მათ გააერთიანებს, შეიძლება გახარია პარლამენტის გარეთაც კი დატოვოს, ხოლო თუ გახარიაც ცალკე იქნება, "ლელოც" და მხოლოდ წვრილი პარტიები გაერთიანდებიან, მაშინ სამივე სუბიექტის წარმატება სათუო იქნება, დაძლევენ კი საერთოდ 5%-იან ბარიერს?..
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ძალიან ბევრი პატარა პარტიაა - ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, "პატრიოტთა ალიანსი" და ა.შ. ისინი 1%-საც ვერ აიღებენ, ბარიერს კი ვერ გადალახავენ, მაგრამ ხმებს წაიღებენ, რომელთა რაოდენობა საერთო ჯამში იმდენად დიდი იქნება, რომ უფრო დიდ, ზემოხსენებულ მსხვილ ჯგუფებს პრობლემებს შეუქმნის ბარიერის გადალახვაში. ასე რომ, ყველაფერი ძალიან მარტივია!.