გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-„ჰამასის“ ომი გადამწყვეტ მომენტამდე, უფრო სწორად კი - ქალაქამდე, რაფაჰამდე მივიდა... რაფაჰა ღაზის სექტორის უკიდურესი სამხრეთის ქალაქია, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება და რომლის აღება და გაკონტროლება სურს ისრაელის „ცახალს“...
2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასისა“ და სხვა ისლამური შეიარაღებული დაჯგუფებების ღაზის სექტორიდან ისრაელის კიბუცებზე ერთ-ორდღიანი დაუნდობელი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ისრაელის შეიარაღებული ძალები 144 დღე-ღამეა, არანაკლები დაუნდობლობით ბომბავენ და აფეთქებენ ღაზის სექტორში მაცხოვრებელი პალესტინელების საცხოვრებელ სახლებს...
ისრაელის „ცახალმა“ და სპეცსამსახურებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, თითქმის ყველგან აიღეს კონტროლი, რჩება სექტორის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, ქალაქი რაფაჰა, რომლის 250 ათას მაცხოვრებელს სხვა ქალაქებიდან იძულებით გამოქცეული 1,5 მლნ დევნილიც შეუერთდა და ადვილი წარმოსადგენია, რა ცოდვის ბორბალი დატრიალდება ამ ქალაქში, თუკი ისრაელის „ცახალმა“ ჩვეული ტაქტიკით - ჯერ საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებით და შემდეგ - ჯავშანკოლონების სროლებით შესვლა დაიწყო ამ ქალაქში.
ისრაელის ხელისუფლება ურყევია - ჩვენ გვინდა „ჰამასის“, რომელმაც ასეთი სისასტიკით დაგვიხოცა ისრაელის მოქალაქეები, სრული განადგურება, რისი განხორციელებაც აუცილებელია სწორედ რაფაჰაში, რადგან „ჰამასის“ გადარჩენილი მებრძოლები სწორედ იქ აფარებენ თავსო...
მაგრამ „ჰამასთან“ ერთად რაფაჰაში, უშუალოდ ეგვიპტის საზღვართან, რომლის გახსნას ოფიციალური კაირო, ბუნებრივია, არც აპირებს (რაში სჭირდება ეგვიპტეს ერთი-ორი მილიონი ღაზელი პალესტინელი დევნილი?), „ჰამასის“ გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად, ორ მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლეც „მოემწყვდია“ და მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება, თუკი ისრაელმა ამ ქალაქის აღებაც გადაწყვიტა.
თელ-ავივში აცხადებენ, რომ თუკი 10 მარტამდე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს იმ დარჩენილ მძევლებს, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცა ისრაელის ტერიტორიიდან, ქალაქ რაფაჰაზე „ცახალის“ იერიშის დაწყება გარდაუვალი გახდება.
თავის მხრივ, „ჰამასის“ ხელმძღვანელობა ასეთ ულტიმატუმს აყენებს - ჯერ ისრაელის ჯარები წყვეტენ ცეცხლს და მთლიანად ტოვებენ ღაზის სექტორს და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებს მძევლებს.
გასაგებია, რომ ისრაელის ხელისუფლება, რომელმაც ამხელა მასშტაბის საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა ღაზის სექტორში, „ჰამასის“, როგორც სამხედრო ძალის გასანადგურებლად, უცბად უკან არ შეტრიალდება და გაბრუნდება - ოფიციალურ თელ-ავივს სურს, ისარგებლოს შექმნილი სიტუციით და ერთხელ და სამუდამოდ დაამხოს „ჰამასის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ღაზის სექტორში, რომელიც 2007 წლიდან მოდის.
ისრაელი წამსვლელია ღაზის სექტორის დროებით ოკუპაციაზეც კი (მიუხედავად იმისა, რომ ამას თითქმის მთელი მსოფლიო დაგმობს), რათა დრო მოიგოს და ღაზის სექტორის მმართველობაში დააბრუნოს ისეთი პალესტინური პოლიტიკური ძალა, რომელიც, „ჰამასისგან“ განსხვავებით, ბევრად უფრო ლოიალური გახდება თელ-ავივის მიმართ.
ისრაელის სახელმწიფოებრივი ინტერესები გასაგებია - მას არ სურს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი ტრაგედია ოდესმე განმეორდეს, შესაბამისად, აღარ უნდა არსებობდეს ღაზის სექტორის საზღვრებიდან მეზობელი ისრაელის კიბუცებზე თავდასხმების მცირე საშიშროებაც კი.
იმ შემთხვევაში, თუკი მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ერთიანი პალესტინური სახელმწიფო შეიქმნება, რომელიც მშვიდობიან თანაცხოვრებას გაარძელებს მეზობელ ისრაელთან, ეს ახლო აღმოსავლეთის ამსაუკუნოვან დაპირისპირებას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ...
მაგრამ, ის, რომ ბევრს არც ისრაელში სურს იხილოს ერთიანი პალესტინური სახელმწიფო და თავად პალესტინელებშიც მოიძებნებიან ბევრი ისეთნი, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას და მის განადგურებაზე ოცნებობენ - ასე რომ, ისრაელ-პალესტნის დაპირისპირებას ჯერ ბოლო არ უჩანს...