ქართული ჯარი წითელ არმიას დიდ წინააღმდეგობას უწევს

ქართული ჯარი წითელ არმიას დიდ წინააღმდეგობას უწევს

გამარჯვება ალგეთთან.

დანამდვილებით გადმოგვცემენ, რომ ალგეთთან ჩვენს საარტილერიო ნაწილს ჯიჯავაძის ხელმძღვანელობით სასტიკი ბრძოლა ჰქონია მტრებთან. მიუხედავად იმისა, რომ მტრის რიცხვი გაცილებით აღემატებოდა ჩვენს ნაწილს, მტერი უკუქცეულ იქმნა. ჩვენმა როტამ გაჰფანტა და საგრძნობლად დააზარალა ხუთასი კაცისაგან შემდგარი მტრის რაზმი.

ახალი ჯარები ფრონტისკენ.

17 თებერვალს დილით, ტფილისის სადგური ზედიზედ ისტუმრებდა ფრონტისაკენ ახალ-ახალ ეშელონებს.

ჯარის ერთ-ერთი ეშელონი სადგურიდან ფრონტისაკენ პირდაპირ ქვეითად გაემგზავრა ქალაქის ქუჩებით.

საუცხოო სანახავი იყო ჯარის მწყობრი სიარული მუსიკით, შეიარაღება - ტყვიისმფრქვეველებით, სამთო ზარბაზნებით და სხვ. ეს იყო შუადღის 12 საათზე.

ხალხით გაჭედილ რუსთაველის პროსპექტზე და სხვა ქუჩებში ტაშს და “ვაშა ჯარს, გაუმარჯოს“ ძახილს დასასრული არ ჰქონდა. ასე, ქუჩებით მეორე ეშელონმაც გაიარა.

კახეთ-ქიზიყი დაიძრა!

მუხანათური მტრის შემოსევის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელს ალაზნის მხარეს. დიდი და პატარა იარაღს ისხამს და საბრძოლველად გამოდის. სოფლებში განაჩენი გამოაქვთ: ან სიკვდილი, ან გამარჯვება!

მწყობრი გუნდები ახოვანი ვაჟკაცებისა მოეშურება პოზიციებისაკენ. ზოგმა მათგანმა მიაღწია კიდეც ბრძოლის ველს.

ტყვეები.

ფრონტიდან განუწყვეტლივ ჩამოჰყავთ ტყვეები, რომელთა სანახაობა პირდაპირ საზარელია: ფერმიხდილნი, დაფლეთილნი, ჭუჭყით სავსე - ისინი მხოლოდ სიბრალულს იწვევენ. ტყვედ მოყვანილნი არიან უმეტესად რუსები და სომხები.

უკანასკნელი ცნობები.

უკანასკნელ წუთს შემდეგი ცნობები მოვიდა:

ჩვენი ჯარი შეტევით გადავიდა ზაქათალაში.

ფოილოს მიმართულებით ჩვენმა ჯარმა მთელს ფრონტზე ხაზი გაასწორა წინ წაწევით. ჩვენი ჯარის თავგამოდებულმა და მკაცრმა შეტევამ მტერი მთელს ხაზზე შეაჩერა.

ბორჩალოში სომხები უდიერად სძარცვავენ თათრებს. არ ინდობენ არც ქალს და არც ჩვილთ. მთელი თათრობა აღშფოთებულია და ფეხზე სდგას. განსაკუთრებულმა დელეგაციამ მიჰმართა ნოე ჟორდანიას თხოვნით, რათა თათრობა, ცხენოსანი თუ ქვეითი, შეერთებულ იქნას ჩვენს ჯართან ერთად მოქმედებისათვის. უკანასკნელი სიტყვა იყო: ნუ გაგვწირავთ, ნუ მიგვატოვებთ, გვაბრძოლეთ და ვიბრძოლებთ ისე როგორც ერეკლეს დროს გვიბრძოლნიაო.

ნოე ჟორდანიამ განუცხადა: ბორჩალოს ზოგი ნაწილი მხოლოდ სტრატეგიულის მოსაზრებით და დროებით დასტოვა ჩვენმა ჯარმა, რომ მაშველ ჯარებით გამაგრებულმა შეტევაზე გადავიდეს და მტერი სრულიად დამარცხებული უკუაქციოს. დელეგაციის თხოვნა მიღებულ იქმნა მხედველობაში.

მაშველი ჯარები განუწყვეტლივ მოდის თბილისში. აქედან წამსვე იგზავნებიან ფრონტზე.

მთელს ფრონტზე მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა.

დღეს ნაშუადღევს ჩვენი ჯარი შეტევაზე გადავიდა.

უკანასკნელ ჟამს.

ჩვენს შეკითხვაზე ფრონტზე მდგომარეობის შესახებ, გენერალურმა შტაბმა ასეთი პასუხი გაგვცა: მდგომარეობა წუთიდან წუთამდე იცვლება ჩვენს სასარგებლოდ.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულბიბლიოთეკას