ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს უმასპინძლა. ვიზიტი „ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ახალგაზრდებს შორის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და განმტკიცების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მის ერთ-ერთ მიზანს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ არმიაში მსახურებისადმი ინტერესის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ახალგაზრდები აკადემიის ხელმძღვანელობას და მსმენელებს, მათ შორის იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აკადემიაში სწავლობენ. მასპინძლებმა მათ აკადემიაში სწავლის პროცესის, სასწავლო კურსების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუმრებმა ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მოინახულეს ყაზარმები, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები და საკლასო ოთახები.
პროექტი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით ხორციელდება. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობამდე ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ახალგაზრდებს პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თემაზე ორი სამდღიანი სემინარი უკვე ჩაუტარდათ. პროგრამას უძღვებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეთნიკურ უმცირესობათა თემაზე მომუშავე ექსპერტები და სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”. პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებსაც ეწვევიან.