"მე თქვენ რუსულ რჯულზე მოგაქცევთო" - როგორ ხდებოდნენ "მეცნიერები" რაიკომის მდივნები, მინისტრები და სხვა ფულიანი ხალხი

ირაკლი ბოკუჩავა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 50 წელს მოესწრო და იმდროინდელი ბევრი რამ ახსოვს. მათემატიკის აკადემიურმა დოქტორმა, რომელიც საქართველოში პირველი მათემატიკის ტესტების კრებულის ავტორია კოლეგებთან ერთად, თავისი ცხოვრების საინტერესო ამბები გაგვიზიარა.

სტალინის სიკვდილი

- მეოთხე კლასში ვიყავი, სტალინი რომ გარდაიცვალა. ეს იყო წარმოუდგენელი ტრაგედია მთელი საბჭოთა ხალხისთვის, განსაკუთრებით ქართველებისთვის, რადგან ის კრემლში ჩვენზე მზრუნველ მამად წარმოგვედგინა. მახსოვს 5 მარტს, დილის 9 საათზე მუსიკის მასწავლებელთან მიმიყვანა მამაჩემმა, უნდა დავეტოვებინე გაკვეთილზე. ჩვენ ჯერ არც ვიცოდით რა მოხდა და როცა თვალცრემლიანმა მასწავლებელმა მამაჩემს ტირილით უთხრა: დავიღუპეთ ბატონო ვალოდიაო, მეც თვალებზე ცრემლები მომადგა. რა დროს გაკვეთილი იყო! ისე, ცოტა შემრცხვა, რომ გაკვეთილის გაცდენა გამიხარდა. ნამტირალევი დავბრუნდი სახლში. მთელი გზა ატირებულ ხალხს ვხედავდი და მეორე დღე თუ გათენდებოდა, არ მეგონა. არ ტიროდნენ მხოლოდ ბაბუაჩემი და მამაჩემი. ვიფიქრე, კაცები არიან და თავს იკავებენ-მეთქი. ბაბუა ირაკლის თბილისის სასულიერო სემინარიაში სოსოსთან ერთად უსწავლია. სკოლაში მასწავლებლები გაკვეთილებზე ტიროდნენ და ჩვენც ვისხედით, როგორც პანაშვიდზე. ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას. რადიოში სულ სამგლოვიარო მუსიკა იყო 9 მარტამდე, დაკრძალვის დღემდე და დიქტორები საათში ერთხელ სამგლოვიარო ხმით გადმოსცემდნენ ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვა ქალაქიდან. „გაფრინდი, შავო მერცხალო“ უყვარდაო და იმასაც მოსკოვიდან გადმოსცემდნენ დღეში რამდენჯერმე. მეორე-მესამე დღეს გაკვეთილები კი ჩატარდა, მაგრამ "ოროსნებს" არ იძახებდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ ზარმაცები სტალინის სახელს არცხვენდნენ.

მუქარა უკეთილშობილესი კაცისგან

- ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა უკეთილშობილესი კაცი, აკადემიკოსი ლოგინ ნიკოლაევიჩ ბოლშევი. მასთან სხვადასხვა სპეციალობის უამრავი ხალხი მიდიოდა საკონსულტაციოდ, ყველა, ვისაც სტატისტიკური მასალის დამუშავება სჭირდებოდა. მეც ხშირად ვესწრებოდი მის სემინარებს. ბოლშევს რამდენიმე ქართველი ასპირანტი ჰყავდა და როგორც მეჩვენებოდა, ჩვენ განსაკუთრებით პატივს გვცემდა და ვუყვარდით. ყოველთვის გაღიმებული, გულთბილად გვეგებებოდა. არავის აგრძნობინებდა, რომ ის აკადემიკოსი იყო და შენ - უბრალო ასპირანტი. მართალი გითხრათ, ძალიან მიყვარდა ეს კაცი, ისევე როგორც აკადემიკოსი იური ვასილიევიჩ პროხოროვი, ისიც მეგობრული, ოღონდ უფრო თავშეკავებული.

მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, მალევე დავქორწინდი და მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში ისევ მოსკოვში გავემგზავრეთ. ქორწილში ფული გვაჩუქეს და გადავწყვიტე ჩემი მოსკოველი მეგობრები რესტორან „ინტურისტში“ მიმეწვია. დავპატიჟე იქაური ასპირანტები, უფროსი მეგობრები, მათ შორის, პროხოროვი და ბოლშევი. პროხოროვი თავშეკავებულად სვამდა, ბოლშევი კი კარგად გამოთვრა. დამიძახა და ღიმილით მითხრა: ირაკლი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ ნამეტანი ამაყი ხარო. - რას გულისხმობთ-მეთქი? - ჩემთვის არასოდეს არაფერი გითხოვიაო. მერე სახე შეეცვალა და მრისხანედ მეუბნება: არა უშავს, მე თქვენ რუსულ რჯულზე მოგაქცევთო. ვის ჩვენ? ვერაფერს მივხვდი. ეს მუქარაც რა შუაში იყო იმ მხიარულებაში, ვერ გავიგე. მთელი ცხოვრება მახსოვს მისი ეს სიტყვები და ვერ მივმხვდარვარ, რისი თქმა უნდოდა. მაინც მგონია, ამ სიტყვებში რუსი ადამიანის იმპერიალისტური სული აირეკლა...

საერთო საცხოვრებელი

- მოსკოვში სწავლისას 700-კაციან საერთო საცხოვრებელში დავბინავდი, სადაც 30-მდე ქართველი ვიყავით. ამ საერთო საცხოვრებელში სამი აფხაზიც ცხოვრობდა. ერთი იყო ავად სახსენებელი არძინბა, სულ თავდახრილი დადიოდა და არავის ესალმებოდა. ის იყო "კაგებეს" დაქვემდებარებული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი, რომელსაც იმ დროს აკადემიკოსი პრიმაკოვი ხელმძღვანელობდა. არძინბა ისეთი უცხვირპირო ვინმე იყო, ერთი სული გვქონდა, კარგად გვეცემა, მაგრამ საბაბს არ იძლეოდა. სხვათა შორის, მისი უვარგისი დისერტაცია მოსკოვის საბჭომ არ მიიღო და გაჭირვებით თბილისში დააცვევინეს. ასეთივე უცხვირპირო იყო მეორე აფხაზიც - სერგეი შამბა, მოგვიანებით აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი. ისინი არც ქართველებს და არც სხვებს არ ეკარებოდნენ, არც მეგობრები ჰყავდათ. მგონი, ისიც იმავე ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც არძინბა. მოკლედ, "კაგებე" თავის კადრებს ზრდიდა. იყო კიდევ მესამე აფხაზი ბიჭი, ძალიან ხალისიანი და მეგობრული - დიმა გულია, აფხაზური ლიტერატურის კლასიკოსის, დიდი დიმიტრი გულიას შვილიშვილი. ის სულ ჩვენთან ატარებდა თავისუფალ დროს, ქართულად მშვენივრად საუბრობდა. მერე დავკარგე და რა ბედი ეწია, არ ვიცი.

ვასია

- ჩვენს საერთო საცხოვრებელში ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ დადიოდა ვასია თავისი უზარმაზარი იატაკის მომხვეწი მანქანით, რომელიც ძველი, მძიმე და ძალიან ხმაურიანი იყო. დილით მოვიდოდა 9 საათზე და საღამოს 6-ზე გალეწილი მთვრალი ამთავრებდა სამუშაო დღეს. საქმე ის იყო, რომ ჩვენ ყველას დილით ინსტიტუტში გვეჩქარებოდა და ვასია ერთი ჭიქა ჭაჭის ფასად, პირველად ჩემს ოთახში იწყებდა მუშაობას. ამ ჭაჭის გამო ვუყვარდი და პატივსაც მცემდა. ერთხელ მომადგა, - გამოდი, შენი ოთახიდან უნდა დავიწყოო. რადგან ჭაჭა არ მქონდა, - ამ ჯერზე არ გინდა-მეთქი, - ვუთხარი. - არა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, მაინც გაგიკეთებო და დაიწყო გრუხუნი. 2-3 წუთის მერე მეკითხება: ფეხსაცმლის საწმენდი კრემი ხომ არ გაქვსო? გამოვუტანე საკმაოდ მოზრდილი თუნუქის კოლოფით, თან მიკვირს, სამუშაო ტანსაცმელში და მტვერში ამოგანგლულს, რა ფეხსაცმლის წმენდა აუტყდა. თურმე, სადა ხარ? პურის ნაჭერი და დანა მთხოვა. მერე ეს შავი კრემი, როგორც კარაქი, პურზე წაუსვა. თვალებდაჭყეტილი ვუყურებ, ნუთუ ამას შეჭამს? ამან 1-2 წუთით გააგრძელა მუშაობა და მიუბრუნდა თავის „ბუტერბროდს“. არ ჭამო, მოკვდები, ვეუბნები შეშინებული. ვასიამ გაიცინა: პირველად კი არ ვაკეთებ, უყურე! პურის ნაჭერს დანით კრემიანი ნაწილი ააჭრა, ის გადააგდო და შეუდგა უკვე დამბალი პურის ნაჭრის ჭამას სიამოვნებით. შემდეგ ამიხსნა: ამ კრემს ტექნიკური სპირტისგან ამზადებენ. პურზე რომ წავუსვი, ის შავი მასა ზემოთ დარჩა და სპირტმა კი ქვევით, პურში გაჟონაო. ვასიამ ისიც მითხრა, რომ მართალია, ტექნიკური სპირტი მომწამვლელი და მომაკვდინებელია, მაგრამ თურმე პურში იფილტრება და ამ თვისებას კარგავს. აი, არყის ასეთი სიყვარული ჰქონდათ მაშინდელ ჩვენს „უფროს ძმებს“. არა მგონია, ეს საუკუნოვანი ტრადიცია ახლა დაევიწყებინოთ.

მილიციაში

- მე და ჩემი თბილისელი მეგობარი კოტე ოდიშვილი ერთდროულად ვსწავლობდით მოსკოვში, ოღონდ სხვადასხვა ინსტიტუტში. ერთმანეთი რომ მოგვენატრებოდა, ვხვდებოდით ხან იმასთან, ხან ჩემთან. ცოტა ფულიც თუ გვქონდა, სადმე იაფიან კაფეში ვივახშმებდით და ცოტასაც დავლევდით. ერთხელაც მომაკითხა, კაფეში წავედით. რომ ვივახშმეთ, გასახდელთან მივედით პალტოებისთვის. ერთი ცინგლიანი რუსის ბიჭი ჩემს მეგობარს ულვაშში წაეტანა და ორივეს დედა შეგვაგინა, თან უტიფრად დაიწყო სიცილი. ხელები თავისუფალი მქონდა და კარგადაც მოვდე ყბაში. დაეცა. ჩვენ გამოვედით. მარტი იყო და მოყინულ თოვლზე ფეხი სრიალებდა.

თურმე ის ბიჭი მარტო არ ყოფილა, ასე ათნი მაინც იქნებოდნენ და დაგვესივნენ. ატყდა ჩხუბი. გაწევ-გამოწევაში ფეხი დაგვისრიალდა და დავეცით, ისინი წიხლებს გვირტყამდნენ. მილიციელი იქვე იდგა და ამას გულგრილად უყურებდა. რომ მოთავდა ყველაფერი, მერე გამოიძახა რაციით მანქანა, მე და ჩემი ძმაკაცი მიგვიყვანეს მილიციაში. მორიგეს მილიციელმა უთხრა, ამათ იხულიგნეს და 10 კაცs სცემესო. ჩაიწერეს ჩვენი სახელები, გვარები, ინსტიტუტები, პასპორტებში შეამოწმეს, გვქონდა თუ არა ჩაწერა. მერე შეგვიყვანეს გისოსებიან გალიაში. გავიდა ნახევარი საათი. მორიგეს ვეკითხები: რას გვიპირებთ-მეთქი? - ან 10 დღით ჩაგსვამთ, ან თქვენს ინსტიტუტებს ვაცნობებთო. ჩვენთვის ორივე მიუღებელი იყო და გავჩუმდით. რაღაც დროის მერე მორიგე გვეკითხება: კი მაგრამ, რატომ სცემეთ იმ 10 კაცსო? - კარგი იქნებოდა, გვეცემა, ღირსი იყვნენ, დედა შეგვაგინეს-მეთქი. კაცი სიცილით ლამის სკამიდან გადმოვარდა, ამის გამო იჩხუბეთო? ჩვენც გავიცინეთ, მოვიჩხრიკეთ ჯიბეები, ბოდიში მოვუხადეთ, ამის მეტი არა გვაქვსო და ფული გალიიდან მივაწოდეთ. იმანაც, ასეთ უბრალო საქმეზე აღარ შემაწუხოთო და სიხარულით გამოგვიშვა.

დისერტაციების დაცვის „წესი“...

- 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, უპირველესად, ინტელიგენციის წრეებში. ერთ-ერთი ასეთი დისიდენტი, ებრაელი კაცი, გვარად დიმშიცი იმ ლაბორატორიაში მოავლინეს, სადაც მე ვმუშაობდი. მას ცალკე კაბინეტი გამოუყვეს, იჯდა იქ და რაღაცებს წერდა. რატომღაც თვალში მოვუვედი, ხშირად მპატიჟებდა თავის ოთახში და სხვადასხვა თემაზე მელაპარაკებოდა. ძალიან განათლებული კაცი იყო, მისგან ბევრ ისეთ რამეს ვიგებდი, სხვაგან რომ ვერ წავიკითხავდი. მერე და მერე მომენდო, უფრო გულახდილი გახდა. ქართველებზე დამიწყო საუბარი, თუ რა კარგი, ნიჭიერი ხალხი ვართ. ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ ერთ დღესაც მეკითხება: საქართველოში ფულიან ხალხს იცნობო? გამიკვირდა, თუმცა ვუთხარი, რომ ზოგიერთს ვიცნობდი. იმათ დისერტაციის დაცვა არ უნდათო? ეს უფრო გამიკვირდა, ისინი დღე და ღამე ფულის კეთება-განაწილებაზე ფიქრობენ და რა ედისერტაციებათ-მეთქი? დიმშიცმა მითხრა: ზაფხულში რომ დაბრუნდები თბილისში, დაელაპარაკე ასეთ ხალხს, ოღონდ სანდოებს. ჩვენ გავუკეთებთ დისერტაციებს, სტატიებს მაგათი სახელით გამოვაქვეყნებთ, ოპონენტებსაც ვუშოვით და დაცვაზე ორ გვერდს ზეპირად თვითონაც დაისწავლიან. მთელი სამეცნიერო საბჭო ხმას მისცემს და შენც, შენს წილს მიიღებო. მერე დამისახელა 2-3 ქართველი ცნობილი თანამდებობის პირი და რამდენიმე ცნობილი მეწარმე, მაგათ ჩვენ გავუკეთეთ დისერტაციებიო. იმ წუთიდან შემზიზღდა ეს კაცი, ჩემს ჩათრევასაც რომ ცდილობდა ამ საძაგლობაში. დისერტაციებიც თუ იყიდებოდა, არ მეგონა. თურმე როგორ ხდებოდნენ რაიკომის მდივნები, მინისტრები და სხვა ფულიანი ხალხი „მეცნიერები“.