საქართველოს გეოეკონომიკური პოტენციალი გაზის სპოტ-ბაზარზე (მეორე ნაწილი)

საქართველოს გეოეკონომიკური პოტენციალი გაზის სპოტ-ბაზარზე (მეორე ნაწილი)

ექსპერტები მსჯელობენ, თუ რომელი კომპანიები შევლენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

პირველ რიგში, ალბათ, ჩინური ენერგო გიგანტები. უკრაინაში ომამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინში იმყოფებოდა თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან მოლაპარაკებებზე. ორივე მხარე ცდილობდა ხაზი გაესვა ერთიანობაზე, დასავლეთთან დაძაბულობის ესკალაციის პირობებში. სავარაუდოდ, ახლა, როდესაც რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დგას, მისი დამოკიდებულება ჩინეთზე, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირეზე, მხოლოდ გაიზრდება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი სტაბილურად აფართოებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ჩინეთთან და ენერგოკონტრაქტებმა ამ ცვლილებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ათ წელზე მეტი ხნის წინ, „აღმოსავლეთ ციმბირი - წყნარი ოკეანის“ (ESPO) ნავთობსადენის აგების შემდეგ რუსეთი, რომელიც იბრძვის საუდის არაბეთთან ჩინეთის იმპორტში პირველი ადგილისთვის, გახდა ჩინეთიში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი. რუსული LNG გაზის ტერმინალები ასევე აგზავნიან თხევად გაზს ჩინეთში, ხოლო 2019 წლის ბოლოს „გაზპრომმა“ დაიწყო ამ ქვეყანაში გაზის იმპორტი „ციმბირის ძალის“ (Power of Siberia) მილსადენით, რომლის წლიური საპროექტო სიმძლავრეა 55 მილიარდი კუბური მეტრი. პუტინის პეკინში ვიზიტის დროს „გაზპრომი“ და ჩინეთის CNPC შეთანხმდნენ მეორე ხელშეკრულებაზე, „ციმბირის ძალის“ მილსადენით დამატებით წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე.

ექსპერტები ასევე მსჯელობენ ინდოელი ინვესტორების ინტერესების გაფართოების პოტენციალზე. კერძოდ, ONGC Videsh Ltd (OVL)-ს აქვს წილი Sakhalin-1 პროექტში, საიდანაც ამერიკული ExxonMobil გავიდა. OVL ასევე Rosneft-ის ინვესტორია Vankor-ის საბადოში Oil India-სთან, Indian Oil-თან და Bharat PetroResources-თან ერთად. ეს ინდური კომპანიები ასევე დაინტერესებულნი არიან Taas-Yuryakh პროექტით, რომელსაც BP ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს დაწესებულმა სანქციებმა არ შეაჩერა ჩინელი და ინდოელი ინვესტორების ექსპანსია რუსეთის ენერგეტიკაში, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამჯერად გარემოებები შეიცვალა. რუსეთში ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა რისკის ზუსტ შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო მკაფიო სურათი გამოჩნდება, შესაძლოა, რუსეთში აზიური ბიზნესის მნიშვნელოვანი გააქტიურება მოხდეს ე. წ. შერწყმის და შესყიდვების (M&A) გარიგებებში და არაა გამორიცხული, რომ ძირითად პროექტებში დასავლური კომპანიები აზიურმა მოთამაშეებმა ჩაანაცვლონ.

და ბოლოს, რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება თურქული მიმართულებით შეცვალოს ევროპის სატრანზიტო მარშრუტები და იქ რუსული გაზის ჰაბი გახსნას.

შეუძლია რუსეთს ე. წ. თურქული ჰაბით გაზის ევროკავშირში ფარულად შეტანა?

„გაზპრომში“ იმედოვნებენ, რომ მონოპოლია ირიბად შეინარჩუნებს ევროპაში თავისი ყოფილი ბაზრის ნაწილს, ამიტომ, რუსეთი ხელს უწყობს თურქეთს, რომ ის ჩამოყალიბდეს როგორც ევროპაში მისი გაზის მიწოდების „ჰაბი“. ანალიტიკოსები კითხულობენ, არის თუ არა ეს ანტირუსული სანქციების თავიდან აცილების ხრიკი და გაგრძელდება თუ არა ფარულად რუსული გაზის ექსპორტი ევროკავშირის წევრებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულებას. ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ხომ პირობა დადო, რომ უახლოეს წლებში მთლიანად შეაჩერებს რუსული გაზის იმპორტს!

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად 2022 წლის შემოდგომაზე შესთავაზა თურქეთს მის ტერიტორიაზე ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების ჰაბის შექმნა. ეს წინადადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვის ფსკერზე მომხდარმა აფეთქებებმა გაანადგურა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის ოთხიდან სამი მილი.

„გაზპრომს“დარჩენილი აქვს რამდენიმე ვარიანტი ევროპაში მილსადენის გაზის გასაგზავნად. რუსეთისა და პოლონეთის მიერ დაწესებულმა ურთიერთსანქციებმა და კონტრსანქციებმა ხელი შეუშალა რუსული გაზის დასავლეთის მიმართულებით მიწოდებას წლიურად 33 მლრდ კუბური მეტრის წარმადობის „იამალი-ევროპის“ მილსადენით, რომელიც კვეთს რუსეთიდან ბელარუსს და უკავშირდება პოლონეთს.

რუსეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა ომმა შესაძლოა ყოველ წუთს გამოიწვიოს ჯერ კიდევ დარჩენილი 100 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის მარშრუტით. ამდენად, სტაბილური გაზმომარაგება ევროპას რჩება მხოლოდ წელიწადში 31,5 მილიარდი კუბური მეტრის წარმადობის მილსადენით „თურქული ნაკადით“, რომელიც გადის შავი ზღვის ფსკერზე, როგორც გაზის მოქმედი სატრანსპორტო მარშრუტი. თუმცა, გაზის ევროპაში გადასატანად ახლა მისი სიმძლავრის მხოლოდ ნახევარი გამოიყენება, დანარჩენი კი თურქეთის ბაზარს ეთმობა. და ჯერ კიდევ 2003 წელს აგებული, ასევე რუსეთიდან თურქეთში, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 16 მლრდ კუბური მეტრის წლიური წარმადობის მილსადენით „ცისფერი ნაკადი“.

პუტინის წინადადებაა, რომ „თურქულ ნაკადს“კიდევ ორი მილი დაემატოს, რათა მისი სიმძლავრე გაორმაგდეს. თავად თურქეთის ბაზარი გაზით უკვე გაჯერებულია, მაგრამ თურქეთს აქვს წვდომა არა მხოლოდ აზერბაიჯანულ და ირანულ გაზზე, არამედ თხევად გაზზეც (LNG), რასაც ყატარიდან და ალჟირიდან ყიდულობს. ასევე, თურქეთი მიზნად ისახავს 2024 წელს საკუთარი ბუნებრივი აირის მოპოვებას ოფშორული „საკარიას“ საბადოდან, რომელიც სავარაუდოდ დაფარავს მის მზარდ მოთხოვნას გაზზე მომდევნო წლების განმავლობაში. თეორიულად, თურქეთს შეუძლია ევროპაში გადაამისამართოს მთელი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზი, რომელიც ევროპის მილსადენების სისტემაში კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იქნება გადატუმბული.

კრემლს სურს თურქეთში რუსული გაზის გაგზავნა ევროპაში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის, რადგანადაც მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი ქვეყანა და კომპანია ეტაპობრივად შეწყვეტენ მილსადენებით რუსული გაზის მოხმარებას მომდევნო წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, რუსეთის გეგმა არის თურქეთისთვის ჭარბი გაზის მიწოდება, რომელიც შემდგომში ევროპელ მყიდველებზე ფარულად, როგორც თურქული გაზი, ისე იქნება გადაყიდული. მომავალ თურქულ ჰაბში მოხვედრილი გაზის მოლეკულები არ განსხვავდება ერთმანეთისგან და იმის გადაწყვეტა, თუ რა რაოდენობისაა რუსული წარმოშობის გაზი, რომელსაც ევროპა თურქეთიდან იღებს, რთული გასარკვევი იქნება. მაგალითად, უკრაინამ წლების წინ შეწყვიტა გაზის იმპორტი რუსეთიდან და მისი იმპორტის დიდ ნაწილს პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს; თუმცა, ეს გაზი საბოლოო ჯამში, ხომ რუსული წარმოშობისაა!

თურქეთში ჰაბის შექმნის გეგმები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მის ხორცშესხმას წლები დასჭირდება. არც მოსკოვს და არც ანკარას არ გაუკეთებიათ კომენტარი მისი შექმნის ზუსტ ვადებზე, ან ახალი მილსადენის ინფრასტრუქტურის ხარჯთაღრიცხვაზე. მაგრამ თუკი „თურქული ნაკადის“ (TurkStream) აგება  დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დაჯდა, ექსპერტების ვარაუდით, მისი სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 63 მილიარდ კუბურ მეტრამდე 7 მლრდ დოლარამდე ეღირება.

საინტერესოა, რომ „თურქული ნაკადის“ წარმადობა თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 60 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, მაგრამ მოსკოვმა 2015 წლის ოქტომბერში მისი სიმძლავრის განახევრება გადაწყვიტა, რადგან თურქეთმა, ადრე შეპირებულთან შედარებით, რუსული გაზის შესყიდვაზე უფრო ნაკლები ინტერესი გამოხატა. რამდენიმე თვით ადრე „გაზპრომმა“ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ასევე წარადგინეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) გეგმა, რომელიც ითვლებოდა უკეთეს, ტრანზული ქვეყნების გვერდის ამქცევი მარშრუტით ევროპაში რუსული გაზის გასაგზავნად, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მაშინ მოსალოდნელი იყო გერმანიასთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება. ამ გაზსადენის აფეთქებამ რუსეთს მხოლოდ თურქეთის მარშრუტის იმედი დაუტოვა.

აშკარაა, რომ რუსეთს გაუჭირდება აზერბაიჯანის გარეშე „თურქული ნაკადის“ ძვირადღირებული გაფართოების სამუშაოების განხორციელება დასავლეთის მიერ მისი ეკონომიკური იზოლაციის ფონზე - სწორედ საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაა მისი მთავარი დაბრკოლება. მაგრამ მოსკოვს შეიძლება ასევე ჰქონდეს იმედი, რომ ევროკავშირი იაფი გაზისთვის რაღაცას მაინც გააკეთებს.

2022 წლის ივლისში ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი, პირადად ჩავიდა ბაქოში, რათა ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რომელიც აზერბაიჯანის გაზის ევროპაში მიწოდებას აორმაგებს. ევროკავშირი ითხოვს 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი აირის შეძენას. ამის გაკეთებას დასჭირდება კასპიის ზღვის საბადოების შემდგომი განვითარება და „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) მილსადენის ქსელის გაფართოება, რომელიც თურქეთიდან სამხრეთ ევროპაში გადის. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელ-ბაქოს შეთანხმება, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიზნად ისახავს რუსული გაზის მიწოდების ჩანაცვლებას, მან შესაძლოა მოსკოვს გარკვეული შესაძლებლობაც მისცეს. შესაბამისად, ევროპაში იმპორტის სანქცირების გამო, რუსეთს შეუძლია უფრო მეტი გაზი მიჰყიდოს აზერბაიჯანს, ვიდრე 2022/23 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მას მიაწოდა, დაფაროს მისი შიდა მოთხოვნის უმეტესი ნაწილი და ეს, თავის მხრივ, აზერბაიჯანს აირის უფრო მეტ მოცულობას გაუთავისუფლებს ევროკავშირში გასაგზავნად. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ევროკავშირის ძალისხმევას, ჩამოერთვას რუსეთს გაზის გლობალური ბაზრის წილი - რუსული გაზი უბრალოდ სხვაგან გაიყიდება...

მსგავს სქემას ნავთობზე რუსეთი ახორციელებს  საუდის არაბეთის სამეფოსთან (KSA): რუსეთი მასზე ყიდის ნავთობს, რომელსაც ეს უკანასკნელი ამუშავებს თავისი შიდა საჭიროებისთვის, და ამით ათავისუფლებს მეტ არასანქცინირებულ ნავთობს საექსპორტოდ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისთვის მეტი გაზის მიყიდვის სტრატეგია და თურქეთის გამოყენება ევროპაში გაზის უწყვეტი, მაგრამ არაპირდაპირი მიწოდების გამტარად, იქნება მოსკოვის ლოგიკური პასუხი ევროკავშირის ვალდებულებაზე, გაწყვიტოს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან. მაგრამ ეს სქემა ასევე შეიცავს რისკებს. კერძოდ:

- ეს უპირველეს ყოვლისა, უაღრესად ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს თურქეთს, რომელსაც შეუძლია შეწყვიტოს რუსული გაზის დიდი მოცულობების ევროპაში ექსპორტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის შემთხვევაში. ბოლო პერიოდში რუსეთსა და თურქეთს არასახარბიელო ურთიერთობა ჰქონიათ - განსაკუთრებით 2015 წლის ბოლოს, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი, რომელიც სირია-თურქეთის საზღვართან მიფრინავდა. მომდევნო წლებში მხარეებმა დაახლოებას მიაღწიეს;

- გაზის ტრანზიტი თურქეთის გავლით ანკარას დიდ სატრანზიტო შემოსავლებს მისცემს. სწორედ არასატრანზიტო სტატუსმა გახადა „ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2“ მილსადენები (Nord Stream 1,2) რუსეთისთვის ყველაზე სასურველ მარშრუტად - სატრანზიტო გადასახადები ამ მილებით გაზის გადატუმბვისას არ იყო საჭირო და იაფი რუსული გაზი ევროპის შუაგულში, რუსული ვიბორგიდან გერმანულ გრეიფსვალდში, ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ავლით - ბალტიკის ფსკერით შედიოდა. მაგრამ, თუ რუსული გაზი ევროპაში თურქეთის გავლით, ფარული გზით გაიყიდება, მაშინ ტრანზიტის საფასური გაიზრდება, ვინაიდან თურქეთი იყიდის გაზს საბაზრო ტარიფით, შემდგომში საკუთარი ჰაბიდან კიდევ უფრო მაღალ ფასად გასაყიდად.

აზერბაიჯანში რუსული გაზის მიწოდების აღდგენა

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის გაჭიანურების პირობებში, 2022 წლის 18 ნოემბერს რუსულმა „გაზპრომმა“ თავის დაზღვევის მიზნით გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს აწვდის 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე, ამ რუსული მონოპოლიის მიერ სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტით.

როგორც ცნობილია, სწორედ „გაზპრომი“ იყო აზერბაიჯანისთვის გაზის მიმწოდებელი 2000-2006 წლებში, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სწრაფად გააფართოვა საკუთარი გაზის წარმოება BP-ის მიერ ოპერირებად „შაჰ-დენიზის“ საბადოზე, რაც მას საშუალებას აძლევდა დაეფარა არა მხოლოდ საკუთარი გაზის საჭიროებები, არამედ ექსპორტი განეხორციელებინა საქართველოსა და თურქეთში. როდესაც მისი გაზის დიდი ნაწილი უკვე უცხოელმა კომპანიებმა შეისყიდეს, 2017-2018 წლებში აზერბაიჯანი კვლავ დაუბრუნდა რუსეთიდან გაზის მიღებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც „შაჰ-დენიზის“ განვითარების მეორე ეტაპის გაზი 2019 წელს თურქეთში გაიგზავნა შესყიდვები კვლავ შეწყვიტა.

აზერბაიჯანი დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს თავისი გაზის საზღვარგარეთ გაყიდვას, ვიდრე შიდა საჭიროებებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საექსპორტო შემოსავლები. „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმება გაფორმდა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი 2023 წლის ზამთრის შუა პერიოდში პიკისთვის ემზადებოდა. თუმცა, რუსული გაზის იმპორტის განახლება ახლა დამატებით კითხვებს აჩენს იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა ახლახანს ვალდებულება აიღო ევროპაში მეტი გაზის გადატუმბვაზე.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის გაკეთებულ განცხადებაში, SOCAR-მა აღნიშნა, რომ მას აქვს „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია და რომ ორი კომპანია „...ცდილობენ თავიანთი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, გაზის ნაკადების ურთიერთგაცვლის ორგანიზებით“.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გავლით ხორციელდება, რათა ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ევროპელ მომხმარებლებთან მივიდეს. ბაქოსა და ბრიუსელს შორის 2022 წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ პირობა დადო, რომ 2022 წელს ექსპორტს 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. როგორც ბრიუსელმა, ასევე ბაქომ, მოიწონეს ეს ახალი შეთანხმება, როგორც ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების გაფართოება. ევროკომისიამ შეთანხმებას უწოდა “გამარჯვება ევროკავშირის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობებში“, მაგრამ არასოდეს არ დაკონკრეტებულა, რა იქნებოდა დამატებითი მიწოდების წყარო. ფაქტიურად ხომ ბაქომ ევროპაში არა 12-ის, არამედ 18 მლრდ კუბმეტრი აირის მიწოდება შეძლო! ამასთან, უკვე 2024 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანი ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან  მოლაპარაკებებს აწარმოებსგაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. „სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) ამჟამად მუშაობს სრული სიმძლავრით და თუ გვინდა მისი მეშვეობით გაზის დამატებითი მოცულობის ექსპორტი, ის უნდა გაფართოვდეს. აქ გარკვეული თანხებია საჭირო, დამატებითი სატუმბი სადგურები უნდა დამონტაჟდეს. არის ჩვენი გაზის საჭიროება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული გაზი უკვე მიეწოდება ბულგარეთისა და რუმინეთის ბაზრებს. შესაძლოა ამ ქსელს უახლოეს მომავალში სერბეთიც შეუერთდეს.

Eurasianet-ის ცნობით, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით (რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანული გაზის ექსპორტზე), დამატებითი საექსპორტო გარიგებები საბადოდან გაზის გაყიდვის შესახებ, უკვე შეთანხმებული წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ზემოთ, არ არის შეთანხმებული საოპერაციო კონსორციუმთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი რუსული გაზის დამატების გარეშე, ერთ წელიწადში ვერ შეძლებდა გაეზარდა გაზის მოპოვება 10 მლრდ კუბმეტრიდან 18 მლრდ კუბმეტრამდე შემდეგი ობიექტური მიზეზების გამო:

- აზერბაიჯანის „სოკარი“ გაზის თითქმის ყველა საბადოს - „აფშერონს“, „ყარაბახს“, „შაჰ-დენიზ 3“-ს, „უმიდს“, „ბაბეკს“ და ა.შ. დასავლურ კომპანიებთან ერთად ამუშავებს. მაგრამ აზრბაიჯანში მოქმედ ამ დასავლურ კომპანიებში (BP, Total, Equinor, Statoil და ა.შ.) ბოლო წლებში, ეკოლოგიური მიზეზებით, თითქმის განახევრდა ინვესტიციები წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე და გაიზარდა ალტერნატიული ენერგო პროექტების დაფინანსება;

- ასევე ეკოლოგიური მოსაზრებებით არის შემცირებული „დერეფნის“ ტრადიციული დამკრედიტებელი ბანკების - EIB, EBRD და სხვ. წიაღისეული საწვავის მოპოვების საკრედიტო პორტფელები;

- კასპიის ახალი გაზის საბადოები ურთულეს გეოლოგიურ მასივებში მდებარეობენ. მაგალითად, ახლადაღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გაზის საბადო  „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის“ ნავთობის საბადოს ფსკერის ქვეშ მდებარეობს, რაც მის ექსპლოატაციას, ნავთობის სრულად ამოღებამდე, თითქმის შეუძლებელს ხდის. ურთულესი გეოლოგია აქვს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე გაზის საბადოს „უმიდს“ და იმავე ტექტონიკურ ბლოკზე განლაგებულ „ბაბეკს“, აგრეთვე „ზაფარს“ და „მაშალს“.

ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვას: ჩუმად ხომ არ იყიდება რუსული გაზი, როგორც აზერბაიჯანული, ევროკავშირ-აზერბაიჯანის 2022 წლის ივლისის მემორანდუმის გადაჭარბებით შესასრულებლად?

ერთის მხრივ, აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლება შეიძლება უბრალოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ ბაქო საკმაოდ შეშფოთებულია თავისი შიდა მოთხოვნის გაზრდით. და მართლაც, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შეთანხმება მხოლოდ მემორანდუმია და, შესაბამისად - არასავალდებულო. მაგრამ შეთანხმების გაფორმების დრო ბადებს ეჭვს და ვარაუდს, რომ რაც უფრო გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით მეტად შეეძლება აზერბაიჯანს გამოიყენოს იაფი რუსული გაზი თავისი შიდა მოთხოვნის დასაფარად, რათა მეტი კასპიური გაზი გამოათავისუფლოს ევროპაში ექსპორტის გასაზრდელად.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია შეისყიდოს იმდენი რუსული გაზი, რამდენიც უნდა. მაგრამ გამოდის, რომ ის იყენებს რუსულ გაზს ევროპაში კასპიური აირის მეტი მოცულობების გასაგზავნად (ფაქტიურად ეს გარიგება „სვოპ“ მიწოდებაა). ამდენად, გაზის რუსეთიდან აზერბაიჯანში იმპორტი გარკვეულწილად ძირს უთხრის ბაქო-ბრიუსელის 2022 წლის ივლისის შეთანხმების სულისკვეთებას. ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად უჭირს ევროპას რუსული გაზის ალტერნატივის უზრუნველყოფა უახლოეს პერსპექტივაში, და რამდენად შეეცდება მოსკოვი ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გაზსადენების თავისი მიზნებისათვის გამოყენებას.

სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მილებში რუსული გაზი საბჭოთა კავშრის დროიდან არსებული აზერბაიჯან-რუსეთის მილსადენით მოახვედროს და ის, როგორც აზერბაიჯანული, ევროპაში ისე გაყიდოს. საქმე ისაა, რომ რუსეთის წინადადება, თურქეთში რუსული გაზის ჰაბის აგების შესახებ, „გაზპრომის“ დასაფინანსებელია. ამ უკანასკნელს კი, ევროკავშირში ექსპორტის განახევრების გამო, ამისათვის საჭირო თანხა არ აქვს. ეს ჩანს „გაზპრომის“ 2023 და 2024 წლების გამოქვეყნებული საინვესტიციო პროგრამებიდან, რომლებიც ღია დოკუმენტებია. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „გაზპრომს“ არც „თურქული ნაკადის“ მეორე რიგის - ორი პარალელური მილსადენის შავი ზღვის ფსკერზე გაყვანისთვის საჭირო 7 მლრდ დოლარი არ აქვს გამოყოფილი!

იმავდროულად ნათელია, რომ აზერბაიჯანის გაზის ბაზარი რუსეთს არ შესთავაზებს ისეთივე მაღალ ანაზღაურებას, რასაც ევროპა უზრუნველყოფს. თუმცა, მიმდინარე ომის ფონზე, ევროპაში „გაზპრომის“ საბაზრო წილის უმეტესი ნაწილის შეუქცევადი დაკარგვის საპირწონედ, აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული მარშრუტებით ექსპორტი მოსკოვისთვის შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთს გაცილებით მეტი დრო დასჭირდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის - ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით გაზის დამატებითი საექსპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

დასკვნა

ამრიგად, დამტკიცდა სტატიის შესავალში გამოთქმული ჰიპოთეზა მასზედ, რომ ომის პირობებში, 2024 წელს გაგრძელდება „გაზპრომის“ მონოპოლიური მილსადენებით ევროპის გაზმომარაგების ჩანაცვლება გაზის სპოტ-ბაზრებზე ვაჭრობით. ზემოთგანხილული გეოეკონომიკური პროცესებიდან ჩანს, რომ ევროკავშირი მეტ ძალისხმევას მიმართავს არა თურქეთის ე.წ. ჰაბის განვითარებაზე, არამედ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე და გაზის სპოტ-ვაჭრობის ხელშეწყობაზე, რასაც საქართველოს მხრივაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაჭირდება. მიგვაჩნია, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული წინადადებები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ევროკავშირისკენ თხევადი გაზის ტანკერებით ტრანსპორტირების პროექტის რეანიმაციის შესახებ, ძალიან დროულია.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი - „თეთრი ნაკადის“ გაზსადენის და თხევადი გაზის ტრანსპორტირების - AGRI(LNG)-ის პროექტირება შეწყდა. ეს იყო ყველაზე პერსპექტიული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, რადგან ორივე გვერდს უვლიდა არა მარტო რუსეთს, არამედ თურქეთსაც, და შესაბამისად, ანეიტრალებდა მათ სატრანზიტო ჰეგემონიას.

სწორედ ამ ჰეგემონიის დასაძლევად განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს კასპიის ზღვის სანაპიროდან ევროპისთვის გაზის საქართველოზე გავლით მიწოდებაზე. ბ-ნმა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, უკვე დაწყებული იყო და ითვალისწინებდა გეგმას, რომლითაც „...გაზი გათხევადდება საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი მისი ხელახალი გაზიფიცირებამოხდება რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი შეჩერდა და შემდგომი განვითარება არ ჰქონია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „... ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როცა ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე. ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალობა წელს მოიპოვა“.

ბატონმა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პროექტის და ინფრასტრუქტურის შეფასება მიმდინარეობს. "ეს არ მოხდება არც ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში", - თქვა მან და დასძინა, რომ "...პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვსახოთ სრული სურათი... შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ დეტალური სამოქმედო გეგმა და დავიწყოთ მისი ეტაპობრივად განხორციელება, ინვესტიციების მოზიდვის ჩათვლით.“