ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს პრინციპებზე, ღირებულებებზე და გაერთიანდება მხოლოდ ანგარებისა და დავალების ირგვლივ, მით უფრო უკეთესი იქნება ზოგადად სურათისთვის.
„ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია და შესაბამისად, ეს [პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან] არავის გვიკვირს, პირიქით, მოსალოდნელიც იყო და ვფიქრობ, ეს კარგიცაა. რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს პრინციპებზე, ღირებულებებზე და გაერთიანდება მხოლოდ ანგარებისა და დავალების ირგვლივ, მით უფრო უკეთესი იქნება ზოგადად სურათისთვის. ჩვენს ამომრჩეველს საბოლოო ჯამში გაუმარტივდება გადაწყვეტილების მიღება, ის იქნება მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და განვითარების, თუ მხარს დაუჭერს ასეთ უპრინციპო ადამიანებს, ვინც მხოლოდ და მხოლოდ და პოლიტიკური ინტერესებისა და კონკრეტული მანკიერი დავალებების შესასრულებლად ერთიანდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
„ერთობა ევროპისთვის“ - სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს. ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კონსულტაცია გაიმართა თეონა აქუბარდიასთანაც. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს, ზურაბ ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიას პარტიის წევრთან მართავს.