ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
სამწუხაროდ, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს. ვერცერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ვითარებაში პარლამენტში ისევ ორი პარტია იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
„დღევანდელი რეიტინგები ყველამ იცის. სამწუხაროდ, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს. ვერცერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ვერც რადიკალურები და ვერც არარადიკალურები. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ცუდია. ამ ვითარებაში პარლამენტში ისევ ორ პარტიას მივიღებთ, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. თუმცა იმ პირობებში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ და ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მომდევნო წლებში შეიძლება რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება რა თქმა უნდა სასიკეთო მიმართულებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს ხელისუფლება განიხილოს ამ ვითარებაში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი, კობახიძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო შევა, თუ თავისი სატელიტებით, რადგან ამით სიტუაცია პარლამენტში არ შეიცვლება.
„რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტში შევა „ნაცმოძრაობა“, თუ „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით. რა განსხვავებაა პლუს „ლელო“ შევა, თუ პლუს გახარია, ეს ხომ ერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, ეს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში. დღესაც ხედავთ, რომ არის 10 პოლიტიკური პარტია პარლამენტში, მაგრამ პლურალიზმის დონე არ არის სათანადო. სინამდვილეში კი არის ოპოზიციის 8 პარტია წარმოდგენილი, უმეტესობა ერთი პოლიტიკური პარტიაა. რამდენი პარტია შევა პარლამენტში, ეს არ არის ევროკავშირის ინტერესების სფერო. ევროკავშირს აინტერესებს ის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები“ , - აღნიშნა კობახიძემ.