მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულფასოვნად და ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს

მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულფასოვნად და ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხელ სარჯველაძე სუს-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულფასოვნად და მაღალ დონეზე ფუნქციონირებს.

„საბედნიეროდ, საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულფასოვნად და ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს. ეს კარგად გამოჩნდა იმ ფონზე, თუ რამხელა ავანტიურას აარიდა ქვეყანა ამ გახსნილმა საქმემ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება დასრულდა, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ეტაპი, პრევენცია მოხდა სრულფასოვნად და პრაქტიკულად დაზღვევა გაკეთდა, რომ რამე უბედურება არ მოჰყვა ამ ყველაფერს. მაგრამ ახლა გამოძიებას უნდა ვადროოთ, რომ ყველა გარემოება, ყველა საკითხი და განსაკუთრებით ცალკეული ადამიანების მოტივაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დარჩეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.