ოპოზიციის ნაწილი კითხვას სვამდა და პასუხსაც არ ელოდა, ტოვებდა დარბაზს, ხოლო ნაწილის უშუალო ჩართულობა მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პროცესში იყო მათთვის დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი აქტივობებით, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
„გავეცანით როგორც გაწეულ საქმიანობას, მათ [მინისტრობის კანდიდატების] ხედვებს, რომელიც პირდაპირპროპორციულად ჯდება 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ პარამეტრებში. სიღრმისეული და ამომწურავი პასუხი იყო სამივე მინისტრობის კანდიდატის მხრიდან გაცემული ყველა საკითხზე. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ესწრებოდა, ზოგი ცდილობდა, რომ პოზირება გაეკეთებინა - კითხვას დასვამდა და პასუხსაც არ ელოდა, ტოვებდა დარბაზს, ხოლო ნაწილის უშუალო ჩართულობა ამ პროცესში იყო მათთვის დამახასიათებელი შეურაცხმყოფელი და პერფორმანსის მსგავსი აქტივობებით“, - აღნიშნა მიქანაძემ.
გაერთიანებულ კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გვიანობამდე გაგრძელდა. დღის მეორე ნახევარში დეპუტატებმა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მათ სამომავლო გეგმებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. სხდომებს ხმაურიანი განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია. რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს კი სხდომათა დარბაზიც დაატოვებინეს. გაერთიანებულმა კომიტეტებმა მთავრობის წევრებისთვის ნდობის გამოცხადებას გუშინ მხარი დაუჭირეს.