თემურ ჭყონია: კობახიძის გაპრემიერებით, მის წარმატებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმაც აიღო

თემურ ჭყონია: კობახიძის გაპრემიერებით, მის წარმატებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმაც აიღო

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენით, მის წარმატებაზე გარკვეული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმაც აიღო.

„მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე წარდგენილია ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც წარმდგენი, წარმატებაში ხელს უნდა უწყობდეს. ამავდროულად, რადგან წარადგინა, გარკვეული ვალდებულება მანაც აიღო. ეს პოზიტიურ მოლოდინს აჩენს“, - თქვა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას.

ბიზნესმენი პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს წარმატებას უსურვებს და ამბობს, რომ 2024 წლის მთავარი საქმე ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულებაზე კონცენტრაცია უნდა იყოს.

"დასაწყისშივე ვუსურვოთ ირაკლი კობახიძეს წარმატება. ის ხომ „ოცნების“ პრემიერი არაა; ის ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის მოქალაქეებიც ჩვენ ვართ; აქედან გამომდინარე, მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა ვუსურვოთ, რაც შეიძლება სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. ამის პოტენციალი საქართველოს აქვს და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

მოქალაქეების უმრავლესობის სურვილია, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ მომავალმა პრემიერმა ცხრა პუნქტის შესრულებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს და რეკომენდაციების შესრულების დისციპლინის ხარისხი ასწიოს.

2024 წელი საარჩევნო წელია და მოქალაქეების დაჟინებული სურვილი და მიზანი ყველამ უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს. ცხრა პუნქტი ისე და იმ ვადაში უნდა შევასრულოთ, როგორც ევროკავშირი გვთხოვს და ამაში ხალხის როლი ძალიან დიდია.

არ მომწონს მხოლოდ იმის თქმა, რომ გეგმის თანახმად, ცხრა რეკომენდაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. უნდა გვითხრან 6 თვეში რამდენ პუნქტს შეასრულებენ და რამდენი შესრულდება, თორემ შეიძლება 2024 წელი დასრულდეს და რეკომენდაციები შეუსრულებელი დარჩეს.

შეიძლება, ჩვენ ინტერვიუზეც ვინმემ - თქვენ ვის დაჰკარგვიხართო, მაგრამ როგორ გეკადრებათ?! ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებას. ეს არის თემა, რომელიც ყველას გვეხება“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი ახალი პრემიერისთვის რჩევების მიცემისგან თავს იკავებს.

„რჩევები არ აქვს, არც აქვს აზრი. რამდენი ადამიანი იქნება, იმდენი რჩევა რომ გაითვალისწინოს პრემიერმა, შეიძლება, ქაოსი მივიღოთ. მთავარია, ყველას ესმოდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი არის ბიზნესი, ამიტომაც ბიზნესი უნდა იყოს წარმატებული.

ასევე, ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე პარლამენტში, ასევე, რეგიონებში თანამდებობებზე იყვნენ თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები. თაობა, რომელიც დაიბადა კომუნისტურ წყობაში არ უნდა იყოს ქვეყნის მართვაში. საბჭოთა საქართველოში დაბადებულ ქართველებს პატივს ვცემ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ისტორია აქვს“, - განაცხადა მან.

ამასთან, ბიზნესმენს მოლოდინი აქვს, რომ ირაკლი კობახიძე ბევრს იშრომებს, რათა მისი მისამართით არსებული შესაძლო პრეტენზიები გააქარწყლოს.

„ირაკლი კობახიძეს ვიცნობ; ის ერუდირებული ადამიანია; აქედან გამომდინარე, რადგან ქვეყნის პრემიერი გახდა და ეკონომიკა-ბიზნესის სფეროში სპეციალისტი არაა, ვფიქრობ, უფრო მეტ შრომას ჩადებს მის მიმართ არსებული შესაძლო პრეტენზიების გადასალახად, რათა დაგვიმტკიცოს, რომ ვცდებით. ისეთი თანამდებობა მიიღო, წესით, ეს ამბიცია უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

Gami ამ ნახევარქათამამ პოლიტიკური ანალიზიც დაიწყო. დარჩნენ მშივრები: ხუხაშვილი, ძაბირაძე, გოგოლაშვილი და ძმანი მათნი!
9 თვის უკან