ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) უკრაინაში მომხდარ საკადრო-პოლიტიკურ ინციდენტს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „მტრობა პრეზიდენტსა და ჯარების სარდალს შორის: დაძაბულობის პერსპექტივა“, რომელშიც განხილულია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის არსებული რთული ურთიერთობის ანატომია. მთავარი კითხვა: როგორ გავითარდება სიტუაცია ახლო მომავალში?
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პორტიდან გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლება ძალზე წინააღმდეგობრივი ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც კიევ-მოსკოვის ომში გარდამტეხ მნიშვნელობას შეიძენდა. მართალია, ამჟამად ვალერი ზალუჟნი პოსტს ინარჩუნებს, მაგრამ არავინ იცის ხვალ-ზეგ რა მოხდება, ამიტომ მისი მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა.
ვოლოდიმირ ზელენსკისათვის დამაფიქრებელი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ მისმა ორმა გენერალმა - 58 წლის სახმელეთო ძალების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ და 38 წლის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა - უარი თქვეს მთავარსარდლის პოსტის ვაკანსიის დაკავებაზე, ვალერი ზალუჟნის შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში. ალექსანდრე სირსკიც და კირილო ბუდანოვიც პრეზიდენტთან დაახლოებული პირები არიან, მაგრამ ამ სიტუაციაში ორივემ თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა ამჯობინა.
სხვათა შორის, ალექსანდრე სირსკის, რომელიც, როგორც ამბობენ, „ოპერატიულ ტვინს“ წარმოადგენდა უკრაინის არმიის 2022 წლის შემოდგომის წარმატებებში - რუსეთის ჯარის უკანდახევაში კიევიდან და ხარკოვიდან, თავისი „მინუსები“ ჰქონია: არმიის ზოგიერთ ქვედანაყოფებში იგი პოპულარული არ არის, საბრძოლო მოქმედებებისადმი ხისტი მიდგომების გამო (მაგალითად, გასულ წელს არასტრატეგიულ ქალაქ ბახმუტთან ბრძოლების დროს უამრავი უკრაინელი დაიხოცა, მაგრამ ალექსანდრე სირსკი მის დათმობას მაინც არ აპირებდა, საბოლოო ჯამში კი ბახმუტი რუსებმა მაინც დაიკავეს).
რაც შეეხება კირილო ბუდანოვს, ის საკმაოდ იდუმალ და ამბიციურ პიროვნებას წარმოადგენს. მისი მიდგომებიც სამხედრო სარდლობის საქმიანობისადმი არატრადიციული და თავისებურია. კირილო ბუდანოვი ისეთი სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელია, რომელიც თავისი ფუნქციებით ძალიან განსხვავდება საარმიო ოპერატიული ქვედანაყოფებისაგან. მას არ აქვს მსხვილი საარმიო შენაერთისადმი სარდლობის გამოცდილება, არ გაუვლია შესაბამისი სამხედრო კარიერა. უკრაინის შეირაღებულ ძალებში მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა, სადაზვერვო სამმართველოში კი რამდენიმე ათასი. ასე რომ, როგორც ჩანს, კირილო ბუდანოვი თვითონვე მიხვდა და ბოლო მომენტში უარი თქვა შეთავაზებულ თანამდებობაზე.
ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი. დასავლეთიდან მატერიალური და ფინანსური დახმარება მცირდება, ფრონტზე საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტია, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პარალიზებულია, ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის ობიექტები ან განადგურებულია, ან მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობენ, კიევი დასავლეთის იმედზეა, ამ დროს კი რუსეთის სამხედრო მრეწველობა სრული სიმძლავრით მუშაობს. მაგალითად, ჭურვებს, რომლებიც ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ხარჯვით საბრძოლო მასალას წარმოადგენს, რუსეთი ხუთჯერ მეტს ამზადებს, ვიდრე უკრაინა იღებს დასავლეთისაგან. ალბათ, ამითაც აიხხნება ის ფაქტი, რომ ბოლო დროს რუსეთის არმია ხარკოვის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით იბრძვის.
უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ვალერი ზალუჟნის პოპულარობა უფრო მაღალია, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკისა. შესაბამისად, მათ შორის საკმაო დაძაბულობა წარმოიქმნა. გარეგნულად ისინი თითქოს ისევ ერთად იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში მეტოქეობდნენ.
რასაკვირველია, გენერლის პოპულარობის ზრდა პრეზიდენტმა შენიშნა. მან ისიც კარგად დაინახა, რომ გენერლის ირგვლივ ნელ-ნელა ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მოიყარეს თავი. მართალია, ვალერი ზალუჟნი დღეს აცხადებს, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, მაგრამ არავინ იცის, თუ რას იტყვის იგი ხვალ. ვალერი ზალუჟნისკენ იხრება ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელსაც, ბუნებრივია, ამჟამინდელი პრეზიდენტი არ მოსწონს და სიტუაციით სარგებლობს. „პრეზიდენტი თუ ვალერი ზალუჟნის გადააყენებს, ეს იქნება „ზურგში ტყვია“ ეროვნული ერთიანობისათვის“, - წერს პეტრო პოროშენკო თავის „ტელეგრამ-არხში“.
როგორც უკრაინის პოლიტიკური წრეებიდან ზოგიერთი წყარო ამბობს, სანამ უკრაინა დემოკრატიულ სახელმწიფოდ რჩება (ფორმალურად მაინც), ახლო მომავალში მსგავსი სიტუაციები შეიძლება კიდევ წარმოიქმას: „დილით რომ ვიღვიძებთ, ჩვენ პირველ რიგში საჭმელზე ვფიქრობთ, ზოგიერთები კი პრეზიდენტობის შენარჩუნებაზე ან არჩევაზე ფიქრობენ“.
არაფერი არაჩვეულებრივი არ არის იმაში, რომ სამხედრო მდგომარეობის დროს სამოქალაქო ლიდერები სამხედრო ფიგურებს ცვლიან, თუნდაც ძალიან მაღალჩინოსნებს. ზოგჯერ ამის მიზეზი სამხედრო სფეროში გამოჩენილი არაკომპეტენტურობაა, ზოგჯერ ომში განცდილი მარცხი, ზოგჯერ კი პირადი შუღლი და შურისძიებაც. ისტორიაში მსგავსი მაგალითები საკმაოდ ბევრია:
აშშ-ის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალი ჯორჯ მაკლენანი 1862 წელს (სამოქალაქო ომში, მერილენდის ბრძოლის შემდეგ); ბრიტანეთის პრემიერმა ჰერბერტ ასკვიტმა - გენერალ-ფელდმარშალი სერ ჯონ ფრენჩი, 1915 წელს (პირველ მსოფლიო ომში, იპრთან ბრძოლაში მარცხის გამო); 1951 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა კორეის ომის დროს გაეროს ჯარების სარდალი, გენერალი დუგლას მაკარტური პოსტიდან გაათავისუფლა, კატასტროფული მარცხის გამო; 1973 წელს თანამდებობა დაკარგა ახალგაზრდა გენერალმა არიელ შარონმა - "განკითხვის დღის" ომის შემდეგ, როცა მან თვითრეკლამირება დაიწყო ომში წარმატების მიღწევის გამო - უცხოელ ჟურნალისტებს უამრავ ინტერვიუს აძლევდა და ხაზს უსვამდა თავის გმირობას. რასაკვირველია, იმ დროს არავინ იცოდა, რომ მომავალში არიელ შარონი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა... 2010 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოსტიდან მოხსნა ავღანეთში აშშ-ის ჯარების მთავარსარდალი, გენერალი სტენლი მაკირნანი, რომელმაც ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტი აგდებულად მოიხსენია. მოკლედ, მაგალითები საკმაოდ ბევრია.
ანალოგიურმა დინამიკამ, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა ვოლოდიმირ ზელენსკიზეც, რომელსაც ვალერი ზალუჟნის „აღზევება“ არ მოეწონა. დიახ, სამხედრო საკითხებში მათ უთანხმოება აქვთ: გენერალმა ინტერვიუში საჯაროდ განაცხადა, რომ „ომი ჩიხში შევიდა“ (ანუ კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა), პრეზიდენტმა კი თქვა, რომ ჩიხში არ შესულაო. გენერალი ამბობს, რომ აუცილებელია ფართომასშტაბიანი მობილიზაცია, პრეზიდენტს კი ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება არ სურს. უფრო ადრე მათ სხვადასხვა აზრი ჰქონდათ ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებზეც. როგორც ჩანს, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მოთმინების ფიალა აივსო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გენერლის პოლიტიკურმა ავტორიტეტმა მოიმატა.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უფლება აქვს შეცვალოს ის მთავარსარდალი, რომელსაც იგი აღარ ენდობა: სამხედრო ჩინის მქონე თანამდებობის პირი სამოქალაქო პრეზიდენტს უნდა დაემორჩილოს, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მაგრამ ჯარისკაცებში ესოდენ პოპულარული ადამიანის თადარიგში გაგზავნა დიდ პოლიტიკურ და სამხედრო რისკებთან არის დაკავშირებული (ვალერი ზალუჟნის უკან ხომ არმია დგას).
ჯერჯერობით ნათელი არ არის, თუ რით დასრულდება ეს ისტორია - საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არ არის. გენერლის თანამდებობაზე ყოფნა თუ არყოფნა პრეზიდენტზე უშუალო გავლენას ახდენს - შეიძლება მისი მოქმედება სისუსტედ შეფასდეს. ანუ, ისევე როგორც ბრძოლის ველზე, საკადრო „ომშიც“ გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნება.