პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკაში და განსაკუთრებით იმ თემაზე, თუ ვინ ვისთან წავა და ვინ ვისგან წამოვა. თუმცა, თუ დავეყრდნობით მხოლოდ პარტიის ლიდერების განცხადებებს დღეის მდგომარეობით, არანაირ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე ლაპარაკიც არ არის. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე პარტიისგან ("ნაცმოძრაობისგან" გამიჯნული) ე.წ. მესამე ცენტრის შექმნის იდეა ზღაპრად დარჩა.
"ნაცმოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთად გავლენ არჩევნებზე, "ლელო" - ცალკე, გახარიას პარტია - ცალკე, მელიას გუნდი - ცალკე და დანარჩენი შედარებით წვრილი პარტიებიც ცალ-ცალკე. არის თუ არა საქართველოს პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომ პარტიები არ გამოეკიდნენ დიდი ოპოზიციური გაერთიანების იდეას? თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, გამართლებულია და პირველ რიგში, ზემოხსენებული პარტიებისთვის. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობაში დღეს არ არის ისეთი განწყობა, არიქა, ოღონდ ხელისუფლება შეიცვალოსო და მზად არიან მეორე მხარეს მისცენ ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ "მეორე მხარის" ნაწილი მათთვის მიუღებელი ფიგურებით არის დაკომპლექტებული. რაც შეეხება ე.წ. მესამე ცენტრს - კი ბატონო, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან კარგი იქნება, რომ "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა, სხვა პარტიებიც გამსხვილდებიან. და ასეც მოხდება, თუ დღევანდელი კვერცხის მოლოდინში არ "შეეზილებიან" დიდ პარტიებს (როგორც "სტრატეგია" "ნაცმოძრაობას"), შესაძლოა "მესამე ცენტრიც" მივიღოთ და "მეოთხეც". საჭიროა გრძელვადიანი გეგმები და არა ისეთი ტაქტიკა, თუ ეს არჩევნები არ მოვიგე, დამთავრებულია ყველაფერიო.
მთავარია, მესიჯები დახვეწონ და ზუსტად უთხრან ამომრჩეველს, ვინ არიან, რა უნდათ და რატომ უნდა მისცენ ხმა. არსებული ინფორმაციით, ფინანსურად წელგამართულ პარტიებს უცხოელი კონსულტანტები ჰყავთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქართულ პოლიტიკას, მათ შორის ამომრჩეველთან ურთიერთობას, თავისი ნიუანსები აქვს, რაშიც ჩაწვდომა უცხოელ კონსულტანტს დროის მცირე მონაკვეთში შეიძლება გაუჭირდეს. მესიჯებში ჩადებული უნდა იყოს არა მარტო ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არამედ ისიც, თუ რითი განსხვავდებიან ისინი კოლეგა ოპოზიციონერებისგან. სხვათა შორის, ამ მხრივ "იუთუბერმა" გახარიამ საინტერესო პოზიცია აირჩია - სოცქსელებიდან ეკონტაქტება ამომრჩეველს (იმიტომ, რომ ამა თუ იმ ტელევიზიის სტუდიაში გახარიას სტუმრობის 70% ეთმობოდა 20 ივნისის მოვლენებს, რაც ყოფილ პრემიერს დისკომფორტს უქმნიდა) და აკეთებს "იდუმალ" და "ჯიგრულ-ქართულ" განცხადებებს, რომ "ყველას მიხედავს", "ყველას მოუვლის"...
თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, უფრო მეტი სიმკვეთრე სჭირდება "ლელოს" მესიჯბოქსსა და სიმბოლურ აქტივობასაც. მაგალითად, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რატომ უნდა მივიდეს მათთან ხაზარაძე "ფორდ მუსტანგით". გასაგებია, რომ შემდეგ "ლელოს" ლიდერებმა განმარტეს, რომ "ფორდ მუსტანგი" თავის დროზე რევოლუციური მოდელი იყო, გამარჯვებასა და რაღაც ახლის დაწყებასთან ასოცირდება და ა.შ. თუმცა პოლიტიკურ სიმბოლოებს უკან მიდევნებული განმარტებები და პრესკონფერენციები არ უნდა სჭირდებოდეს.
ერთი ლიდერი და სამი პარტია?!
ზემოხსენებული პოლიტსუბიექტებიდან ყველაზე გაურკვეველი მელიას გუნდთან დაკავშირებული საკითხია. არა, მათ თქვეს, რომ პარტიას აყალიბებენ და არ აპირებენ "ლელოსთან" გაერთიანებას (ეს ვერსია წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ მელიას სტრატეგიული პარტნიორი უწოდა), თუმცა მელიას გუნდში კიდევ ვინ იქნება, საკითხავი აი, ეს არის. პოლიტიკოსების ეპიზოდური განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ახალ პარტიაში ნიკა მელიასთან ერთად ვიხილოთ ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, ზურა-"გირჩი" ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. არადა, ზურა ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას უფრო "ნაცმოძრაობაში" ელოდნენ. არავის არ ვერჩით, მაგრამ "დროამ" და "გირჩმა" 5%-იანი ბარიერი რომ გადალახონ, სენსაცია იქნება. მელიას პარტიას ამის შანსი მეტ-ნაკლებად აქვს. შესაბამისად, წმინდა პოლიტიკური რაციონალიზმიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნებში მელიას პარტიის ქუდით მონაწილეობა თავად ხოშტარიასა და ჯაფარიძისთვის იქნება კარგი. მელიას ნიკა გვარამიას პოლიტიკურ მომავალსაც უკავშირებენ, თუმცა ეს საკითხი მაინც ბუნდოვანია, იმიტომ, რომ არსებული ინფორმაციით, გვარამია თავისი პარტიის შექმნას გეგმავდა. თუ მელია-გვარამიას ალიანსი არ შედგა და ამ უკანასკნელმა მართლაც შექმნა პარტია, მაშინ... სააკაშვილი უკვე მრავალპარტიული ლიდერი იქნება.
დიახ, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც სააკაშვილს "ბელადად" ერთდროულად სამი პარტია აღიარებს: "ნაცმოძრაობა", მელიას პარტია და გვარამიას პარტია. არა, გულუბრყვილოები არა ვართ და ძალიან კარგად ვიცით, რომ მელიას მაინცდამაინც გულზე არ ეხატება მიშა (გვარამიასგან განსხვავებით). თუმცა საჯაროდ მას ტყვეობაში მყოფს უწოდებს და "ნაცმოძრაობის" ე.წ. ახალ მენეჯმენტს სულ იმაში ადანაშაულებდა, რომ არაფერს აკეთებდნენ მის გასათავისუფლებლად.
"ნაცმოძრაობის" ახალი უცნაურობა
"ნაცმოძრაობის" ლიდერები უკრაინას სთხოვენ, რომ ამ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს სააკაშვილისადმი "არაადამიანური მოპყრობის" ფაქტები. საოცარია, რომ ერთი ქვეყნის პარტია მეორე ქვეყნის პროკურატურას სთხოვს დახმარებას. თუმცა ასეთი ფაქტები იყო მსოფლიოში. მაგალითად, სსრკ-ის კომუნისტურ პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში სატელიტებად ჰყავდა იქაური პატარ-პატარა კომპარტიები. ჰოდა, თუ რომელიმე კომპარტიას (ევროპაში თუ ბანანის რესპუბლიკაში) იქაური ხელისუფლება "გააბრაზებდა", ისინი მოსკოვს სთხოვდნენ ხოლმე დახმარებას. რა თქმა უნდა, არანაირ პარალელებს არ ვავლებთ უკრაინის ხელისუფლებასა და საბჭოთა კომპარტიას შორის, უბრალოდ, ფაქტად ვამბობთ.
საინტერესოა ისიც, თუ რატომ ჩათვალეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა, რომ უკრაინას უნდა შეახსენონ, სააკაშვილის უფლებები დასაცავიაო. კიევში არ დავიწყებიათ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაკავებულია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, თუ როგორ წარმოუდგენიათ უკრაინის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება?! საქართველოში უნდა ჩამოვიდეს საგამოძიებო ჯგუფი, დაჰკითხოს ხელისუფლების წარმომადგენლები, აქ ექსპერტიზები ჩაატარონ თუ როგორ?! იმედია, ამ თემაზე პატრიოტი სააკაშვილის პარტიის პატრიოტი წევრები აუცილებლად ისაუბრებენ.
...ისევ სალომე ზურაბიშვილზე
ბოლო 6-7 თვეა ქართული პოლიტიკური გასართობია იმაზე მკითხაობა, გადავა თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციაში და თუ გადავა, ვის აირჩევს პოლიტიკურ პარტნიორად. ექსპერტები და პოლიტიკოსები გულდასმით მსჯელობდნენ, გახდება თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციის გამაერთიანებელი ძალა. ბოლო დროს ამ თემას აცოცხლებს "ოცნება", რომლის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი აუცილებლად შეუერთდება ოპოზიციონერთა რიგებს.
ყველაფერზე თანამიმდევრობით: პრეზიდენტს არ გაუკეთებია მკვეთრი მინიშნება მის პოლიტიკურ გეგმებზე, შესაბამისად, მხოლოდ მან იცის, როდის და რას იზამს. ორგანიზაციულად ოპოზიციას ვერ გააერთიანებს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური მარათონის მთავარი მოთამაშეები ცალ-ცალკე აპირებენ არჩევნებზე გასვლას.
ასევე, სალომე ზურაბიშვილს წითელი ხაზები აქვს გავლებული "ნაცმოძრაობასთან" და, დიდი ალბათობით, "ნაცმოძრაობიდან" ახალწამოსულებთან. შესაბამისად, თუ მან გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, მოუწევს ორი ოფციიდან "არჩევა" - "ლელო" ან გახარიას პარტია. არსებული ინფორმაციით, ამ კუთხით გახარიას უფრო მეტი შანსი აქვს. თუმცა თეორიულად შესაძლოა გათამაშდეს სხვა სცენარიც და ზურაბიშვილი მაინც მოგვევლინოს ოპოზიციის გამაერთიანებლად, ოღონდ არა პარტიულად და ორგანიზაციულად.
საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. მოქმედი კანონმდებლობით, თუ ზურაბიშვილი 27 სექტემბრამდე (ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე) გადადგა, ახალი პრეზიდენტი მაქსიმუმ 45 დღეში უნდა აირჩიონ ხმოსნებმა (მათ შორის პარლამენტის დეპუტატებმა), ხოლო თუ გადადგა 27 სექტემბრის შემდეგ (თუნდაც 28 სექტემბერს), მაშინ უნდა დაველოდოთ ახალი პარლამენტის არჩევას და ახალი პარლამენტის ახალი ხმოსნები (საკრებულოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების ხმოსნები) აირჩევენ ახალ პრეზიდენტს.შესაბამისად, შესაძლოა გათამაშდეს შემდეგი სცენარი: ზურაბიშვილი გადადგეს 27 სექტემბრის შემდეგ და ოპოზიციურმა პარტიებმა მას მხარი დაუჭირონ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ანუ ასეთი მესიჯი გაუგზავნონ ამომრჩეველს - ჩვენ კი ვმონაწილეობთ საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე, მაგრამ საერთო ჯამში თუ ოპოზიციამ აიღო უფრო მეტი მანდატი, ვიდრე "ოცნებამ", ჩვენ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადას. ამით ზურაბიშვილის ფაქტორს მაქსიმალურად გამოიყენებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ძნელი წარმოსადგენია, სალომე ზურაბიშვილს გადადგომა მხოლოდ იმიტომ უღირდეს, რომ პარლამენტის დეპუტატამდე "დაქვეითდეს". მას, ალბათ, ურჩევნია მიიყვანოს ბოლომდე საპრეზიდენტო ვადა და გავიდეს დამსახურებულ პოლიტიკურ პენსიაზე.თუმცა ეს მხოლოდ თეორიული სცენარია, რაზეც შესაძლოა არც პრეზიდენტი ფიქრობს და არც ოპოზიციონერები.