რაც არ გკლავს გაძლიერებს!

რაც არ გკლავს გაძლიერებს!

ცნობილმა ნაცისტმა დამნაშავემ შტრაიხერმა ნიურნბერგის პროცესზე გაიხსენა: ლუთერმა წიგნი დაწერა -,,ებრაელობა და ტყუილები“ და შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა ჰიტლერი სწორად არ მოიქცა ებრაელებს რომ სდევნიდაო, რომ ჰკითხეს, რატომო, უპასუხა:

ებრაელები მხოლოდ იმიტომ არიან ასე ძლიერნი, რომ მთელი მათი არსებობის მანძილზე მუდმივ დევნას და რბევას განიცდიან, ეს აძლიერებს მათ წინააღმდეგობას. იქ, სადაც ანტისემიტიზმი არ იყო, ებრაელები დაკნინდნენ და გადაგვარდნენ. ამიტომაც არიან თვითონ ებრაელები უმთავრესი ანტისემიტები. რაც უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს ერი თავისი შვილების მიმართ, მით უფრო მტკიცეა მისი ბრძოლის უნარი.

თავად ებრაელებიც ხომ ხშირად იმეორებენ: რაც არ გკლავს, გაძლიერებსო.

XVIII-ს-ის ბოლოს, როდესაც ფრანგ ანატომსა და ფიზიოლოგს მარი ფრანსუა კრავიეს ჰკითხეს, განემარტა თუ რა არის სიცოცხლე, მან უპასუხა: ,,სიცოცხლე არის სიკვდილისათვის წინააღმდეგობის გაწევა.”

ქვეყნის ცხოვრების უმძიმესი დღეების თვითმხილველთ და მონაწილეთ შესაძლებლობა გვეძლევა, გავიგოთ ჩვენი ფიზიკური გადარჩენის უმთავრესი მიზეზი. შეუძლებელია, აღტაცებაში არ მოგიყვანოს ქართველი ერის სულიერი მხნეობის ძალამ. ასეთ დროს, როდესაც მარტო სიტყვებით უძლური ხარ გადმოსცე ყველაფერი, რასაც გრძნობ, განიცდი, უნდა ინატრო იყო მუსიკოსი, რომ ბგერებით თქვა სათქმელი, ან მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი...

დღეს, როდესაც ტრადიციულად არსებული უგუნური მმართველობითი სისტემის წყალობით ვამჟღავნებთ ისეთ გამძლეობას, ამტანობას და არსებობისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში ათასგვარ წვრილმანზე ვხარჯავთ იმდენ ენერგიას, რომელიც ნებისმიერ ერს მიიყვანდა უბრწყინვალეს შედეგებამდე, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ გმირულ წინააღმდეგობას უბადრუკ ხვედრთან. შეიძლება მავანთ ასეც ჰგონიათ, რომ ცეცხლში, რომელშიც აღმოვჩნდით ალმოდებულნი დავიწვებით და ფერფლად ვიქცევით. როგორც იწრთობა ფოლადი, ისე ამ უდიდეს ტანჯვაში ყალიბდება ჩვენი ხალხის ნებისყოფა და ხასიათი. მჯერა, ამ გაუსაძლის ყოფიდან ერთ დღესაც გამოვალთ ისე ძლიერნი, როგორც არასდროს ვყოფილვართ.

გვახსოვდეს ვისი ჯიშისა ვართ!

1335 წელს გიორგი ბრწყინვალემ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა. საქართველოში მყოფმა მათმა საოკუპაციო ჯარმა ვერ გაბედა ქართველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გიორგი V-მ ისინი ქვეყნიდან უომრად გააძევა. მონღოლთა ასწლოვან ბატონობას საქართველოში ბოლო მოეღო. მაგრამ მსოფლიოს მცირე და უდიდესი ქვეყნები ასწლეულების განმავლობაში კვლავ განაგრძობდნენ მათი უღლის ქვეშ ყოფნას, მათ შორის იყო რუსეთიც. ერთადერთი, რაც მათ გაუბედეს მონღოლებს ეს კულიკოვოს ველზე გამართული ბრძოლაა.

მატიანე ირწმუნება, რომ თითქოს 1380 წელს კულიკოვოს სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს დიმიტრი დონელს, რუსთა ჯარების მთავარსარდალს შიშისგან ცნობა წაერთვა. იგი ხის ქვეშ მხოლოდ მაშინ იპოვეს გულწასული, როცა რუსთა მხედრობამ მამაის თათართა ურდოები უკვე გაანადგურა.

ძვირად დაუჯდათ ეს გამარჯვება რუსებს. 2 წლის შემდეგ თოხთამიშმა მოსკოვი გადაწვა და კვლავ აღადგინა მონღოლთა ბატონობა, რომელიც რუსეთში კიდევ 100 წელი გაგრძელდა.

გვახსოვდეს ვისი ჯიშისა ვართ!

გმირთა მონატრება - მერაბ კოსტავა

24 წლის წინ - 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან, გზატკეცილზე თეთრი ფერის ”ნივა” ამოტრიალდა; ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა. დაღუპვის ამბავმა, იმ წუთიდან დღემდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა გააჩინა, ერია თუ არა მერაბის გარდაცვალებაში ავისმზრახველის ხელი. მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ და ჩვენს დღევანდელ ყოფას ბოლომდე გავიაზრებთ, ეჭვები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. განვლილი, სამაგალითო ცხოვრების გამო, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ მერაბ კოსტავას, სიკვდილის შემდეგ ქართველმა ერმა ეროვნული გმირის ტიტული არგუნა და მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა განსასვენებელი.

საუბედუროდ, კაცობრიობის ისტორია სისხლით იწერება. თაობები კი მხოლოდ დიადი საქმეებით და დიდი ადამიანების გახსენებით პოულობენ საკუთარი თავის რწმენას. გმირთა მონატრებასაც სწორედ ეს განაპირობებს.

საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის იმიტომ, რომ ბევრჯერ თქმული და დაწერილიც ხშირად უნდა გავიმეოროთ, რათა დავიწყებას არ მივცეთ კაცი, რომელმაც საქართველოს განთავისუფლებისათვის მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.

თავისუფლებისმოყვარე იდეები კი მერაბს ბავშვობიდან აყალიბებდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. ადრეული ასაკიდან გაიცნეს ერთმანეთი საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. გადაწყვიტეს ერთად ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ბ-ნი ზვიადის მამამ, ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება. ამიტომ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. შემდეგ ამას მოჰყვა დაპატიმრებები.

1980 წელს მერაბ კოსტავა გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. სულ მალე შორეულ აღმოსავლეთში მერაბ კოსტავასთან მოსკოვიდან უშიშროების პოლკოვნიკი ჩადის და ეუბნება, ორიოდე სიტყვით დაწერე, რომ ნანობ და 44 საათში გაგიშვებთ.

მერაბი პასუხობს: ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის ბოდიშს არ მოვიხდი….. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს და კიდევ 5 წელი დაუმატეს …

მთავარი მუხტი ეროვნული თვითგანცდისა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებისა, სიყვარულის საფუძველზე დგას.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია მერაბს სუკ–შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.

ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: “პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: “პრივეტ, ბრატცი!”

პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, მერაბ კოსტავა 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს მერაბ კოსტავა უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო” შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.

1978 წლის 14 აპრილიდან ამ საბედისწერო დღემდე თითქმის 11 წელი იყო გასული, ეს ისტორიისთვის უმნიშვნელო დროა, მაგრამ ის პერიოდია, წუთიც რომ საუკუნედ გეჩვენება. ამასობაში კი საბჭოეთის ცხოვრებაში ბევრი რამ უკვე შეცვლილიყო. მაშინ ქართული ენის დასაცავად ქუჩებში გამოსული ხალხი დაუძლურებული ლეონიდ ბრეჟნევის ძირმორყეულმა რეჟიმმა დაინდო და დასახვრეტად არ გაიმეტა, მოგვიანებით ჩვენს მიერ საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენით შეფასებული ეს გამარჯვება მითად ვაქციეთ. სიფრთხილის გამოჩენის უნარის დაკარგვამ კი 1989 წლის ტრაგედიამდე მიგვიყვანა. მხედველობიდან გამოგვრჩა, რომ ცბიერ გორბაჩოვს ამოფარებული ძალები ბოროტების იმპერიის დემონტაჟის დასაჩქარებლად ზვარაკს საჭიროებდნენ. საუბედუროდ, ეს მსხვერპლი ჩვენ გავიღეთ.

9 აპრილს მიტინგის ორგანიზებისათვის მერაბი კვლავ დააპატიმრეს, 40 დღის შემდეგ კი გაათავისუფლეს. პატიმრები ამბობდნენ, ციხეში ძალიან დადარდიანებული იყო და დატრიალებულ ტრაგედიას საშინლად განიცდიდაო.

მაშინ, როდესაც მოსკოვსა და თბილისში, და ვინ იცის კიდევ სად, არსებობდა სხვადასხვა გათვლები და მოლოდინები მსხვერპლად ქცეული ჩვენი შვილების დაღვრილ სისხლზე. მერაბ კოსტავა დამწუხრებული, ღრმა ტკივილით განიცდიდა მომხდარს. მისთვის ადამიანი კი არ იყო მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ თავად ადამიანი იყო თვალისჩინივით გასაფრთხილებელი. ამით განსხვავდებოდა ის, ყველა დროის პოლიტიკოსებისგან.

ციხიდან გამოსული მერაბი გაკვირვებულიც იყო, მან ხალხი ვერ იცნო. უთქვამს კიდეც: “ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო“.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: “მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო.”

ასე კი მხოლოდ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ღირსეული ადამიანები იქცევიან. ისტორიიდან ცნობილია, რომ როდესაც იტალიის ეროვნულმა გმირმა ჯუზეპე გარიბალდიმ, უცხოტომელებისგან მათი უკანასკნელი პლაცდარმიც გაანთავისუფლა, მოიხსნა უფლებამოსილებანი და ცხოვრება, როგორც რიგითმა იტალიელმა გააგრძელაა. მაშინ მას ამისთვის ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ დღეს მის ღირსეულ საქციელს ყველა აფასებს.

ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში მერაბ კოსტავას დახმარებისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მისი უახლოესი მეგობრები ყვებიან: ყველა თავის გაჭირვებაზე ჩიოდა. თავიდან რამდენიმეს დაეხმარა, სადღაც გაჰყვა, პრობლემა მოუგვარა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და მერაბის სახლს გაჭირვებული ადამიანების დიდი ტალღა მოაწყდა. მაშინ თქვა – “რას ვხედავ ამას! ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავო“. ძალიან აწუხებდა ის, რომ ადამიანები თავიანთ წვრილმან პრობლემაზე შორს არ იხედებოდნენ. ანუ არ ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ეხმარებოდა, დღე–ღამის ნებისმიერ დროს აკითხავდნენ სახლში.”

ერთმა ქალბატონმა მერაბს დაკარგული ძროხის პოვნაში დახმარება სთხოვა – ”ძროხა დამეკარგა, შეიძლება ჩემმა მეზობელმა წაიყვანა და გთხოვ მაპოვნინეო”. მერაბი ამ ქალბატონის პრობლემას გულგრილი არ დაუტოვებია. დაკარგული ძროხის შესახებ ფიქრობდა: ”ახლა ამ ადამიანისთვის ძროხა არის მთავარიო.”

მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძოდა. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას განაცხადა კიდეც: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთო.

აფხაზეთში დატრიალებული ამბების გამო, ღალიძგის ხიდთან ერთ მხარეს თბილისიდან დაძრული ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს – კი რუსის ჯარი. ყველა ისეთ გულზე იყო, რომ ძალით შევარდნილიყვნენ. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ქართველები წამოეგებოდნენ. მერაბ კოსტავა ჩაუდგა წინ მომიტინგეებს და ყველას სთხოვა, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ. ქართველების მხრიდან ვიღაცამ გაისროლა. ბედად დროზე აუკრეს ხელი იარაღზე. არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე და რუსების გეგმები ჩაიფუშა იმ დროს. სწორედ 1 კვირის თავზე მოკლეს შემდეგ კოსტავა, როგორც საქართველოს დაქუცმაცების ყველაზე ძლიერი ხელისშემშლელი, ქართული საზოგადოებისთვის დიდი ავტორიტეტის მქონე კაცი.

მართალია, მერაბ კოსტავას დაღუპვით, ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები,” მაგრამ ესეცაა, რომ გმირობა ისეთივე გადამდებია საზოგადოებისთვის, როგორც სილაჩრე.

ვფიქრობ რა ამ უსამართლოდ მრავალჯერ დასჯილ, მაგრამ გაუტეხელი სულის მქონე ქართველი ვაჟკაცის სულიერ სიძლიერეზე, ნებით თუ უნებლიედ ისტორიიდან ასეთი რამ მახსენდება: ძველ ელადაში ოლიმპიურ შეჯიბრში გამარჯვებული ჯილდოდ ოქროს დანით მოჭრილი გარეული ზეთისხილის ტოტებისაგან გაკეთებულ გვირგვინს ღებულობდა. ეს დიდი ღირსება იყო: მეწამული სამოსით შემოსილი გამარჯვებული ოთხცხენშებმულ ეტლზე მდგარი შედიოდა მშობლიურ ქალაქში. ზოგჯერ ამ შემთხვევის გამო, მისი თანამოქალაქეები ქალაქის კედლის ნაწილს არღვევდნენ. ამით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ რადგან ქალაქს ასეთი დამცველები ჰყავს, სიმაგრეები აღარ სჭირდებაო.

ბერძნები სწორედ იქცეოდნენ, ქვეყანას, რომელსაც ასეთი რაინდები ჰყავს სიმაგრეები აღარ სჭირდება.