„ადამიანები არიან მაღლები და დაბლები, მსუქნები და გამხდრები, მელოტები და ბანჯგვლიანები, ჭკვიანები და სულელები, ლამაზები და ულამაზოები, მდიდრები და ღარიბები... მაგრამ, „კოლტმა“ ყველა გაათანაბრა“ - ასეთი იყო იარაღის ცნობილი მწარმოებლის რეკლამა წინისწინა საუკუნეში. მაგრამ ქართულ ენაში კოლტი სხვა რამეს აღნიშნავს, კერძოდ - ღორების გუნდს. ცხენების გუნდს რემა ქვია; თხებისას - არვე, ძროხებისას - ნახირი, ჯოგი; მგლებისას - ხროვა; ცხვრებისას - ფარა... ღორების გუნდს, როგორც ვიცით, კოლტი ეწოდება.
როგორც ჩანს, გათანაბრება კოლტის ფუნქციაა, მოწოდება... თუმცა, მაშინ და იქ, ველურ დასავლეთში სულ სხვა კოლტი იყო და კოლტი ყველას ქონდა. ასე იქმნებოდა ამერიკა...
აქ სხვა კოლტი იყო - ერთი გუნდი ვართო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რას დაირქმევ, მთავარი ხომ არსია, ხოლო არსით ეს იყო კოლტი, ახლაც კოლტია, კოლტი ღორებისგან შედგება, ღორისთვის კი ყველა თანაბარია, თავისი და სხვისი არ იცის, ყველაფერი თავისთვის უნდა, კოლტში იქნება ეს თუ კოლტს გარეთ. მაგრამ, ჩვენ ერთი გუნდი ვართო და, გუნდად მოვიხენიოთ.
ხანდახან, რომ ვუსმენ, მგონია, რომ ამ ბოლო დროს აღარ ხიბლავთ ერთ გუნდად მოხსენიება, ერიდებიან კიდეც. ვიღაც - მერაბიშვილს ემიჯნება, ვიღაც - ახალაიას, ვიღაც - ადეიშვილს, ვიღაც - სოსო თოფურიძეს... სააკაშვილს კი, ყველა ემიჯნება.
აბა, რაჭაში ღორები თითქმის აღარ ყავთ, თორემ ამ ზაფხულში დავაკვირდებოდი და პარალელებსაც გავავლებდი, მაგრამ პირიქითაც შეიძლება - ნაციონალების ერთიან გუნდზე დაკვირვებითაც მივხვდებით, თუ როგორი ურთიერთობებია კოლტში, იერარქიის რა საფეხურები არსებობს, ვინ პირველობს და ვინ უკანასკნელობს, რამდენად თავსდებიან ერთ ტლაპოში და ზაფხულის ხვატში ვინ იჩემებს ყველაზე ღრმა ტალახს და საზამთროს ქერქის ყველაზე დიდ ნაჭერს.
მოკლედ, ვაკვირდებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ვსწავლობთ ღორების ფსიქოლოგიას.
„ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“... ვერ გაძღა მაგათი მუცელი, არ ეყოთ, რაც აკონტროლეს - ბიზნესი, მედია, საზოგადოებრივი და სტუდენტური ორგანიზაციები, სპორტი, ხელოვნება, თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება... რაც მივიღეთ, ყველამ დაინახა, მათ შორის მათაც, ვინც საკუთარ დინგს იქით ვერ იყურება. დაინახეს, მაგრამ ეცოტავებათ. ათი წლის წინ არაკონტროლირებადი ტერიტორიები ეცოტავათ, ხუთი წლის წინ ცოტათი დაწყნარდნენ, მაგრამ „ცოტათი“, „კინაღამ“ და „თითქმის“ არ ითვლება, თან - როცა კოლტთან გაქვს საქმე, თუმცა, ერთი გუნდი ვართო - სულ ამას გაიძახოდნენ და ჩვენც ერთ გუნდად მოვიხსენიოთ, მით უმეტეს, რომ სადღაც წყინთ კიდეც ერთ გუნდად მოხსენიება და ჩუმ-ჩუმად, მორიდებით გვაპარებენ, რომ ის თამროები აღარ არიან, რომ მიხვდნენ საკუთარ შეცდომებს, აღიარეს, აიღეს პასუხისმგებლობა და ახლა მზად არიან, რომ „ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“.
ღორს რომ ენა ქონდეს, ალბათ ისიც აღიარებდა რაღაც-რაღაცეებს, იქნებ გრძნობს კიდეც, ღორულად რომ იქცევა, იქნებ წუხს კიდეც, მაგრამ ღორია და სხვანაირად არ შეუძლია - გაივლის, გაგეხახუნება, დაგსვრის და იმას გააგრძელებს, რაც მისი არსია - ღორობას.
ამათ კიდევ - ერთად ვაკონტროლოთ მთავრობაო.
იქნებ, ნებისმიერი ღორი გრძნობს, რომ ერთ დღესაც მას დაკლავენ და ამათ, ნაცებს, დავიჯერო, არავინ ჩაუხედა ყავაში და არავინ უთხრა, რომ მალე სუფრაზე მოხვდებიან, პირში ბოლოკით?!
თუ არავის უთქვამს და აგერ, ვეუბნები. იმათი სახელითაც ვეუბნები, კოჰაბიტაციის მხოლოდ 27 ოქტომბრამდე ატანის პირობა რომ დადო.
საარჩევნო ადმინისტრაციებში და კანდიდატთა შტაბებში იციან ხოლმე, გააკრავენ კედელზე ფურცლებს და მერე ყოველ დღე თითოს ხევენ - არჩევნებამდე დარჩა ოთხი დღე, არჩევნებამდე დარჩა სამი დღე, არჩევნებამდე დარჩა ორი დღე... ქართულ ოჯახებში ზუსტად ასე ელოდებოდნენ არჩევნებს, რომელიც რაღაცას დაასრულებს და რაღაცას დაიწყებს. სიკეთეს მეორე დღესვე ვიგრძნობთ, როცა დავით ბაქრაძე აღარ შეგვეხვეწება - „ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“ და გიორგი თარგამაძე აღარ დაგვაბოლებს: „მე ხშირად მეკითხებიან - „გვეშველება რამე?“
თარგამაძეს ნამდვილად აღარაფერი ეშველება. ვინ რას ეკითხება კედელზე გასულ, გასუსულ ხვლიკს?
ბაქრაძის საქმე ცოტათი სხვაგვარადაა - მისთვის მოქალაქეობა და სამოქალაქო უფლებები ჯერ არავის ჩამოურთმევია და ჯერ კიდევ, სანამ ყველაფერი გაირკვევა, შეუძლია მათთან ერთად აკონტროლოს მთავრობა, ვინც შრომობს, სწავლობს, წვალობს, იბრძვის და არ ტრაბახობს, სუფთა წარსული მაქვსო, რადგან სუფთა წარსული მათთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ცხოვრების წესია. ქუდი კი მხოლოდ ქურდს ეწვის, შორიდან მხოლოდ კვამლი ჩანს, მაგრამ კვამლი ხომ უცეცხლოდ არ არსებობს?
აი, მივალთ ახლოს და ვნახავთ, რა უნდა მოვუხერხოთ ცეცხლმოკიდებულ ნარჩენებს - წყალი დავასხათ, მიწა მივაყაროთ თუ ვაცადოთ და დაიწვას ბოლომდე. ყოველ შემთხვევაში, გასაკეთებელი ერთად უნდა გავაკეთოთ - ერთად მივაყაროთ მიწა, ერთად დავასხათ წყალი და ერთად ვაკონტროლოთ წვის პროცესი.
წარმოვიდგინე წვის პროცესი და საშინელებათა ფილმები გამახსენდა, ვამპირები რომ იწვიან და მაინც რომ ჩხავიან.
ეგეთი ჩხავილი ჩამესმის ახლაც - „ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“.
ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ აკონტროლებდა მთავრობას ბაქრაძე, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ვნახეთ მკვლელობები, დარბევები, დაყაჩაღებები, დამცირება, შეურაცხყოფა, ტკივილი, სიცრუე... და უარესის მოლოდინი გვქონდა. რისი მოლოდინი გექნება, როცა სააკაშვილი ბრძანებს, ახალაია ასრულებს და ბაქრაძე აკონტროლებს?
მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში იყო, როცა ბაქრაძე ვერაფერს აკონტროლებდა, თვით საკუთარ დანა-ჩანგალსაც კი, მაგრამ ამის გახსენება მას აღარ უნდა, იმდენად ნათელი, გასაგები და სამარცხვინო იყო ყველაფერი. ამას არ იხსენებს და არც არავინ გაახსენა - შეიბრალეს, დაინდეს, მაგრამ რატომ? ვითომ, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა?
აბა, იმ ბიჭების მშობლებს კითხე, პაპანაქება სიცხეში მათი შვილების გვამები რომ... გახსენებაც არ მინდა, მაგრამ იმის ფიქრიც კი მზარავს, რომ შესაძლოა, ვინმეს დაავიწყდა და აღარ ახსოვს.
მათთან ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა? ისიც მეყოფა, მათთან ერთად, ერთ ჰაერს რომ ვსუნთქავ. ჰაერი არ მყოფნის და ვგრძნობ, როგორი გაფაციცებით მაკვირდება კედელზე გასული გასუსული ხვლიკი.
ხვალაც ამ თვისაა, მაგრამ უკვე სხვა ცხოვრებისაა. ისტორია ვიცით, ზღაპრების აღარ გვჯერა და ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ.