ამჯერად სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე „ქართული ოცნებაც" ალაპარაკდა. „სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის, იქიდან გამომდინარე, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს," - აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. მანამდე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე განცხადება გახარიას პარტიამ გააკეთა.
როგორც ჩანს, ეს სცენარი რეალურად განიხილება. მოჰყვება თუ არა ამას მასობრივი პროტესტი ქვეყნის შიგნით ან უცხოეთიდან, ამაზე ანალიტიკოსები „მთელ კვირასთან" ამბობენ, რო მიშას ციხეში გადაყვანა საქართველოში მკვეთრ პროტესტს არ გამოიწვევს, თუმცა დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნება" შეიძლება კვლავ გახდეს კრიტიკის ობიექტი.
„სააკაშვილი დროდადრო ცდილობს გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს ეს გაითამაშოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. მგონია, რომ მას აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს. თუმცა, შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს და მე არ მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამაზე ვისაუბრო", - აღნიშნა კობახიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანამ შეიძლება მცირე აქციების ფონზე ჩაიაროს, დასავლეთიდან კი მკვეთრი რეაქცია არ იქნება, რადგან საქართველოზე ზეწოლის პროგრამები დასავლეთში მოხსნილია დღის წესრიგიდან.
„ქუჩაში პროტესტი, პატარა, მცირემასშტაბიაბი ვარიანტები, ხალხის მცირე რაოდენობით ალბათ იქნება. რაც შეეხება ევროპიდან პროტესტს, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ ვატყობთ, რომ მიშას გულშემატკივრების ცნობილი ევროპული სახეები ჯერჯერობით ჩუმად არიან, კანდიდატის სტატუსის მოცემაზეც კი მათ რამე კრიტიკული არ უთქვამთ. ეს იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, დასავლეთში მოიხსნა საქართველოზე ზეწოლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროგრამა. აღარ არის პროგრამაში ის რომ საქართველოზე ზეწოლა მოხდეს მეორე ფრონტი და ა.შ.
„თუ ანალოგიური პროგრამა ისევ მოხსნილი იქნება, არც დასავლეთი მისცემს მიშას თემაზე რეაქციას. მით უმეტეს რომ ნაწყენებიც არიან - ამდენი ხანი იძახეს კვდებაო და უცებ წამოდგა ეს მომაკვდავი ადამიანი, თანაც დროშა დაიჭირა ხელში. ასე რომ, ალბათ თავს მოტყუებულად გრძნობენ.
„მაგრამ თუ დღის წესრიგში ისევ დადგა საქართველოსკენ რაღაც ისრების სროლა, მაშინ ერთ-ერთ ისრად შეიძლება წამოისროლონ სააკაშვილის თემა. ამიტომ პრინციპში რადგან ეს დასავლეთიდან მოსალოდნელია და რადგან ბოლომდე არ ვიცით რა პროცესები მიდის დასავლეთში, ჩვენ კი არა თვითონ დასავლეთმა არ იცის, ამიტომ მე მგონი არ ღირს აჩქარება იმაში, რომ შეუცვალონ სააკაშვილს ადგილსამყოფელი", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" შერჩევით სამართალზე საუბრობს, თუმცა ისიც ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძაფრი პროტესტი არ მოჰყვება.
„მასობრივი პროტესტი არ იქნება ამ შემთხვევაში. რეალობა ის არის, რომ ნათლად ჩანს, როგორი ზეწოლა არის თუნდაც სასამართლოზე, თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე. მმართველი პარტიის კომპეტენცია არ არის, რომელი პატიმარი იქნება ციხეში და რომელი სამკურნალო დაწესებულებაში. ეს შესაბამისი ინსტიტუტების კომპეტენციაა. ამიტომ, პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს, როცა კობახიძის დონეზე როდესაც წყდება ეს საკითხი, აქ ჩანს, რომ დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია.
„თუ გადაიყვანეს მიშა ციხეში, ვიცით, რომ ევროპიდან „ქართული ოცნება" და მისი პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი შერჩევითი სამართლის გამო. აქ პრობლემა ის კი არ არის, სააკაშვილი ციხეშია თუ საავადმყოფოში, არამე იმაში, რომ დღეს სააკაშვილი რომ პარიმრობაშია და „ქართული ოცნებიდან" ბევრს აქვს დანაშაული ჩადენილი, თუმცა პასუხს არ აგებს არავინ", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.