ზაზა გოგავა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში ხელახლა დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ზაზა გოგავა სახელმწიფო ბრალდების მოწმეა, რომელმაც მამხილებელი ჩვენება მისცა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
„ზაზა გოგავა გახლავთ სახელმწიფო ბრალდების მოწმე. იგი ერთხელ უკვე წარდგა სასამართლოში და მან პირდაპირი, მამხილებელი ჩვენება მისცა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სწორედ ზაზა გოგავამ დაადასტურა, რომ 7 ნოემბერს, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გასცა ბრძანება შეიარაღებული ძალები გამოეყენებინათ მომიტინგეთა წინააღმდეგ. სწორედ ზაზა გოგავას ჩვენების გათვალისწინებით ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს. მას კიდევ ერთხელ მოუწევს წარდგენა სასამართლოს წინაშე და პასუხის გაცემა შეკითხვებზე - ვინ დაავალა 7 ნოემბერს ჯარის გამოყვანა“, - აღნიშნა პროკურორმა.
ზაზა გოგავა ორი დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.