2005 წლის 3 თებერვლის, დილას, 08:38 წუთზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ერთობლივი ბრიფინგი და იქ გაკეთებული განცხადება მთავარ მსოფლიო სენსაციად იქცა. მაშინ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვი უბედური შემთხვევის, კერძოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად დღეს დილით გარდაიცვალნენო. ვანგას ნიჭი უნდა ჰქონოდა მერაბიშვილს, რომ გამოეცნო სიკვდილის მიზეზი, რადგანაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება 2005 წლის 3 თებერვლის დილის 9 საათზე დაიწყო და ბუნებრივია, ექსპერტიზის დასკვნა ბრიფინგამდე არ არსებობდა. თუმცა ნათქვამია: “როცა რაღაც ძალიან, ძალიან გინდა, მაშინ შეიძლებაო“. ჟვანიას „თანამებრძოლებს“ ძალიან, ძალიან უნდოდათ, რომ ის „უბედური შემთხვევის შედეგად“ გარდაცვლილიყო და რა შეუშლიდათ ხელს?! მთავარი პოლიციელი და მთავარი პროკურორი გვერდიგვერდ იდგნენ და დაბნეულობისაგან ჩვეულებრივზე უფრო მეტი ბორძიკით „აწვებოდნენ პირველ ჩვენებას“. სულ „მთავარ-მთავარი“ კი, ალბათ, ტელევიზორში ადევნებდა თვალს მათ გასაჭირს.
დღესაც თვალწინ მიდგას ის ბრიფინგი და კარგად მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია: როგორ, ქვეყნის მეორე პირი ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა და სად იყო მისი პირადი დაცვა? არსებული ინსტრუქციის თანახმად, უცხო შენობაში და გარემოში პირადი დაცვა ან მუდმივ ვიზუალურ კონტაქტში უნდა იყოს დასაცავ პირთან, ან ტელეფონით ყოველ 20-25 წუთში უნდა ეკონტაქტებოდეს. პასუხგაუცემელი კითხვები დღითი დღე მატულობდა და მაშინ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „რაღაც დამპალა დანიის სამეფოში”. შემდეგ კი მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არეულმა კომენტარებმა უკვე ისიც დაადასტურა, რომ „მეფე (პრეზიდენტი) შიშველია“ და ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების რეალური გარემოებების დამალვა-გაყალბებას კოლექტიურად ცდილობდნენ. ეს კი იმ დროს ხდება, როცა საქმეში სპეცსამსახურია ჩარეული.
არასასურველი ობიექტის მშვიდობიან პერიოდში ლიკვიდაციისათვის სპეცსამსახურები თითქმის ყოველთვის ქმნიან უბედური შემთხვევის იმიტაციას, რადგანაც ჯანმრთელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალების “საუკეთესო” ახსნა, საყოფაცხოვრებო პირობებში მისი ტრაგიკული დაღუპვა ან სხვა უბედური შემთხვევაა (ავტოავარია, დენის დარტყმა, აბაზანაში “დახრჩობა”, იარაღის “გავარდნა”, საკვები პროდუქტით მოწამვლა, გაზით გაგუდვა და ა.შ. – ეს სპეცსამსახურის ფანტაზიაზე და კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული).
ყველა შედარება თუ პარალელი გარკვეულწილად პირობითია და პირდაპირი ანალოგიების გატარება, როგორც წესი, არაკორექტულია. ეს - “ჩვეულებრივი” საზოგადოებისათვის, ხოლო სპეცსამსახურების საქმიანობაში ისტორია და დღევანდელობა უხილავი ძაფებითაა “გადაბმული”. ყველა ეს “ძაფი” ერთ ადგილას იყრის თავს, სადაც შესვლა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. ეს ადგილი... სპეცსამსახურების სრულიად საიდუმლო არქივებია, სადაც აღინუსხება, როგორც წარმატებული (რომლებიც შესაძლებელია საერთოდაც არ გახდეს საზოგადოებისათვის ცნობილი), ასევე - წარუმატებელი ოპერაციები (რომლებიც უფრო ხშირად ხდება ცნობილი). ეს არქივები ინფორმაციისა და კონკრეტული გამოცდილების ის წყაროა, რომელიც არასოდეს შრება. საჭიროა პიროვნების (მსახიობის, მეცნიერის, პოლიტიკოსის და ა.შ.) კომპრომეტირება, დაშანტაჟება ან ლიკვიდირება? არქივებში ჩახედავენ ძველ ოპერაციებს და ყველაზე მისაღებ მეთოდს შეარჩევენ - ბუნებრივია, ახალი რეალიების გათვალისწინებით. თუმცა ხშირად მეთოდიც იგივე რჩება. პატარა “იაღლიშებიც” მოსდით, როცა ძალიან მოინდომებენ და ყველაფერს იმდენად იდეალურად დაგეგმავენ და განახორციელებენ, რომ აშკარად ჩანს: მსგავსი ფაქტებისა და მოვლენების ბუნებრივი თანხვედრა ცხოვრებაში ობიექტურად შეუძლებელია. ამ დროს სპეცსამსახურები, როგორც წესი, საპირისპირო შედეგს იღებენ: საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა დეზინფორმაციის.
2005 წლის თებერვლის დასაწყისში თბილისში დატრიალებული ტრაგედია, როდესაც ოფიციალური ვერსიით ორი ადამიანი ნახშირჟანგით გაიგუდა, სამწუხაროდ, ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამ მიზეზით მანამდეც და შემდეგაც საქართველოში რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა, ეს ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მრავალმხრივ ანალოგიური ფაქტი ზუსტად სამოცდათხუთმეტი წლის წინ საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვშიც მომხდარა. ფაქტების შედარების შემდეგ ამ ორ ტრაგედიას საოცრად ბევრი საერთო აღმოაჩნდათ: მაშინაც ორი ადამიანი გაიგუდა ნახშირჟანგით, მხოლოდ არა გამათბობლის, არამედ - გაზის წყლის გამაცხელებლის (“კალონკის”) მიზეზით. გარდაცვალება ტრაგიკული შემთხვევა იყო თუ წინასწარ განზრახული - იქაც გაურკვეველი დარჩა. ოფიციალური ვერსია და მინიშნებები მაშინაც ახლობლების პროტესტს იწვევდა. სპეცსამსახურები მაშინაც ცდილობდნენ გარდაცვლილთა დისკრედიტირებისათვის ამ ფაქტისთვის ცნობილი “ შეფერილობა” მიეცათ. კიდევ ისაა საინტერესო, რომ მოსკოვში გარდაცვლილებს ბევრი რამ აკავშირებდათ საქართველოსთან და ქართველ მთამსვლელებთან. ასე, რომ მცირე ხნით ალპინიზმის გარემოში გადავინაცვლოთ.
მაინც რა მოხდა მოსკოვში 1948 წლის 24 მარტს?
გამოჩენილი საბჭოთა ალპინისტი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და, იმავდროულად, ცნობილი მოქანდაკე ევგენი აბალაკოვი და იური არციშევსკი (მაიორი, თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამხედრო კათედრის თანამშრომელი) 1948 წლის 24 მარტს დაიღუპნენ. ოფიციალური ვერსია: ბუნებრივი გაზით მოწამვლა. ამ დღეს აბალაკოვი და არციშევსკი მოსკოვში აბალაკოვის ნაცნობის სახლში, აბაზანაში ჩაკეტილები, შიშვლები, გარდაცვლილები იპოვეს.
ვინ იყვნენ ძმები აბალაკოვები?
ევგენი აბალაკოვი (1907-1948 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა ალპინისტი იყო. უფროს ძმასთან – ვიტალისთან (1906-1986 წწ.) ერთად, ისინი 1931 წელს გამოჩნდნენ საბჭოთა მთამსვლელთა რიგებში.1930-1940-იან წლებში მრავალი მწვერვალი დალაშქრეს კავკასიონისა და პამირის მთებში. ევგენი ამავე დროს ძალზე ცნობილი და ნიჭიერი მოქანდაკეც იყო. მისი მასწავლებელი, სტალინის მიერ ძალზე დაფასებული მოქანდაკე – ვერა მუხინა, აბალაკოვს იხსენებდა, როგორც კარგ ხელოვანს, უშიშარ მთამსვლელს და ვაჟკაცურ პიროვნებას, რომელიც დაჯილდოებული იყო “რკინის ჯანმრთელობით და ადამიანური წესიერებით”. მის პიროვნულ თვისებებზე შემთხვევით რომ არ ვაკეთებ აქცენტს, მკითხველი თავად მიხვდება.
1931 წლიდან მოყოლებული, რაც მათ კავკასიონზე პირველად შედგეს ფეხი, აბალაკოვებს ყოველთვის გამორჩეულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან და ქართველებთან.
1934 წლის აგვისტო-სექტემბერში ძმები აბალაკოვები პამირის სამხედრო-სასწავლო ექსპედიციაში მონაწილეობდნენ, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის იუსტიციის მინისტრი, შემდგომში რეპრესირებული (დახვრიტეს 1938 წ.) ნიკოლაი კრილენკო ხელმძღვანელობდა. აბალაკოვები მეგობრობდნენ წითელი არმიის სხვა მეთაურებთანაც, რომლებიც შემდგომში “ტროცკიზმის” ბრალდებით რეპრესირებულნი იყვნენ. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძმები აბალაკოვები საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ალპინიზმის ინსტრუქტორებად მსახურობდნენ და არა ერთი სამხედრო-სასწავლო ლაშქრობა განახორციელეს, ხოლო პამირის მთებში ჩატარებული სწავლებისათვის უფროსი ძმა – ვიტალი თავად ვოროშილოვმა დააჯილდოვა ოქროს საათით. ამ პერიოდში ძმები აქტიურად მონაწილეობდნენ სრულიად საიდუმლო საბჭოთა გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციებშიც და მათი დახმარებით აღმოჩენილ იქნა მრავალი სტრატეგიული დანიშნულების მინერალური ნედლეული.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან ევგ. აბალაკოვი მოსკოვის მისადგომებთან იბრძოდა, როცა მოულოდნელად, 1942 წლის აგვისტოში “ენ-კა-ვე-დეში“ გამოიძახეს, ორი დღის შემდეგ კი ის უკვე თბილისში იყო, იმ 150 ყველაზე ცნობილ საბჭოთა ალპინისტთა შორის, რომლებიც ლავრენტი ბერიას ბრძანებით მაშინ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საბჭოთა სპეცრაზმის სამთო-სამხედრო ინსტრუქტორები და მებრძოლები გახდნენ. ამ სპეცდანაყოფების უშუალო ხელმძღვანელი კი ცნობილი საბჭოთა “ტერმინატორი” და “დივერსიების მეფე” - გენერალი სუდოპლატოვი იყო. მათ ევალებოდათ კავკასიის მთებში უღელტეხილებისა და საცალფეხო ბილიკების დაცვა სახელგანთქმული გერმანული სამთო დივიზიის - “ედელვაისის” შემოტევებისაგან. იმ პერიოდში შეიქმნა ამიერკავკასიის ოპერატიული ჯგუფის ალპინისტური ქვედანაყოფი, რომელიც ოპერატიულ და მეთოდურ უზრუნველყოფას უწევდა სამხედრო ნაწილებს.
ერთი წლის მანძილზე ევგენი აბალაკოვი ბაკურიანში გახსნილი შინსახკომის “სპეცნაზის” სამთო-სამხედრო და სათხილამურო მომზადების საიდუმლო სკოლის უფროსის მოადგილე იყო, სადაც მთებში ბრძოლის ტაქტიკასა და ტექნიკას ასწავლიდა. 1943 წლიდან ევგ. აბალაკოვი კვლავ ალპინიზმს დაუბრუნდა და 1948 წლამდე რამდენიმე ურთულესი ასვლა განახორციელა კავკასიონისა და პამირის მწვერვალებზე. იმავდროულად, ის აქტიურად აგრძელებდა შემოქმედებით მუშაობასაც – მისმა რამდენიმე ქანდაკებამ გამოფენებზე პრემიაც კი დაიმსახურა.
1948 წლის 23 მარტს მოსკოვის მეცნიერთა სახლში ევგენი აბალაკოვმა წაიკითხა მოხსენება პამირის ექსპედიციის შედეგების შესახებ. წინ ახალი დასალაშქრი მწვერვალები იყო და თვითონაც “ცხოვრების მწვერვალზე” იყო. თითქოს არაფერი მოასწავებდა ტრაგედიის მოახლოებას...
1948 წლის 24 მარტს მოსკოვში, ერთ-ერთი ბინის აბაზანაში ორი გვამი აღმოაჩინეს. დაღუპულები იყვნენ მთამსვლელები ევგენი აბალაკოვი და იური არციშევსკი. ისინი გამთენიისას, მეტად საეჭვო, გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენებისთვის ძნელად დასაჯერებელ ვითარებაში გარდაცვლილები იპოვეს.
1948 წლის 27 მარტს გაზეთ “სოვეტსკი სპორტში” გამოქვეყნდა ნეკროლოგი, რომელიც ასე იწყებოდა: “უაზრო შემთხვევამ ჩვენს რიგებს გამოაკლო”. ხოლო მეორე დღეს გაზეთმა “იზვესტიამ” მცირე ნეკროლოგით აუწყა მისი გარდაცვალება. ასე “გამოეხმაურა” საბჭოთა ხელისუფლება ევგ. აბალაკოვის სიკვდილს. ქართულ გაზეთებში კი აბალაკოვზე საერთოდ არაფერი დაბეჭდილა. ეს უფრო გასაოცარია, რადგანაც ეს პიროვნება საქართველოს სპორტული საზოგადოებისათვის კარგად იყო ცნობილი. უფრო მეტიც,1945 წლის ოქტომბერის ბოლოს, რვა დღის მანძილზე, ურთულეს კლიმატურ პირობებში მან ქართველ ალპინისტებთან (ბ.ხერგიანთან და გ.ზურაბიანთან) ერთად დალაშქრა უშბა, იქ დაღუპული მეგობრის, გამოჩენილი ქართველი მთამსვლელის, ალიოშა ჯაფარიძის ცხედრის მოძებნისა და ჩამოსვენების მიზნით, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერებს და ტანსაცმლის ნაწილს მიაკვლიეს. თვითონაც ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. ამ ამბის შემდეგ ქართველი მთამსვლელი ქალი, საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარებული ალექსანდრა ჯაფარიძე ევგენი აბალაკოვს “ძმად” მოიხსენიებდა.
ვინ იყო იური არციშევსკი?
იური ანატოლის ძე არციშევსკი (1915–1948 წწ.), მაიორი, თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის (თრტიი) სამხედრო კათედრის თანამშრომელი. განსაკუთრებით მწირია ცნობები ამ პიროვნების შესახებ. დიდი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ მისი გარდაცვალების ნეკროლოგს მივაკვლიე, რომელიც საქართველოში გამომავალ გაზეთ “ზარია ვოსტოკას” 1948 წლის 28 მარტის ნომერში გამოქვეყნდა და სადაც თრტიი-ის სამხედრო კათედრის ოფიცერთა და ნებით დაქირავებულთა შემადგენლობა იუწყებოდა არციშევსკის გარდაცვალებას.
საბჭოთა ალპინისტთა სიაში მისი გვარი ერთადერთხელ გვხვდება – 1947 წელს სხვა სამ პიროვნებასთან, მათ შორის - ორ ახალგაზრდა მანდილოსანთან ერთად, ის კავკასიონის მცირე სირთულის ერთ-ერთ მწვერვალზე (სონგუტი-ხოხი, 4460 მ) ასულა. ალპინიზმის კორიფეებთან –აბალაკოვებთან მას არც ერთი ასვლა არ ჰქონდა ჩატარებული. მათ შორის ევგ. აბალაკოვისთვის ბოლო, 1946-47 წლების პამირის ექსპედიციებში არციშევსკი არ მონაწილეობდა.
მაშ, რა საერთო უნდა ჰქონოდა მათთან? სავარაუდოდ, მათ ერთმანეთი გაიცნეს ბაკურიანის სპეცსკოლაში, სადაც ევგ. აბალაკოვი სამთო პირობებში ბრძოლის ინსტრუქტორი, ხოლო არციშევსკი - სპეცრაზმელი იყო. ამ ვერსიას ადასტურებს ისიც, რომ აბალაკოვის მიერ ომის პერიოდში შესრულებული ქანდაკებების ჩამონათვალში ვინმე არტიშევსკის სკულპტურაც მოიხსენიება. ამ შემთხვევაში, ალბათ, მექანიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე და „არციშევსკი“ –„არტიშევსკი“ ერთი და იგივე პიროვნებაა.
არსებული ცნობებით, 1948 წლის 23 მარტს ის და ევგ. აბალაკოვი მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. არციშევსკის თბილისიდან კახური ღვინოც ჰქონია წაღებული და მომავალი ლაშქრობების დასაგეგმად ისინი ნაცნობ მთამსვლელს ეწვივნენ კომუნალურ ბინაში, სტუმრად. გამთენიისას კი აბალაკოვი და არციშევსკი „გაზით გაგუდულები“, შიშვლები იპოვეს აბაზანაში. მიუხედავად იმისა, რომ აბალაკოვი საბჭოთა კავშირში საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო, იმ დროს გამოძიება, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა (ქვემოთ მიხვდებით, რატომ არ იწყებდა საბჭოთა მილიცია გამოძიებას). ოფიციალური ვერსიით, მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევად დაფიქსირდა. ასეთია მშრალი ფაქტები. დღეს ძალზე გაძნელებულია 75 წლის წინანდელი შემთხვევის ყველა ნიუანსის მიკვლევა. მით უფრო, იმიტომ, რომ საბჭოთა ოფიციოზი მაქსიმალურად შეეცადა აბალაკოვისა და არციშევსკის სიკვდილის ვერსია “უბედურ შემთხვევას” არ გასცდენოდა, თან ბინძური მინიშნებებით და “პიკანტური სოუსით” ყოფილიყო შეზავებული (ამიტომაც არ იწყებდნენ გამოძიებას, ვითომ გარდაცვლილების რეპუტაციას უფრთხილდებოდნენ). ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ ევგენი აბალაკოვისა და იური არციშევსკის ოჯახის წევრები. მათი აზრით, ეს იყო მკვლელობა. დაეჭვების საფუძველი მრავლად იყო, თუნდაც ის, რომ „ბუნებრივი გაზის გაჟონვით“ მხოლოდ ორი სტუმარი დაიღუპა, მასპინძლებიდან კი ყველა საღ-სალამათი გადარჩა, განსაკუთრებით საინტერესო თავად ბინის პატრონის, გიორგი ბელიკოვის ბიოგრაფიაა.