ობიექტურად რომ შევადაროთ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ბევრი მოქმედი კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ლიდერია - პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მომწიფდა, ევროკავშირს შეუძლია დღესვე გაგვიხსნას მოლაპარაკებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს უარი ეთქვა წინა ჯერზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, როგორ მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, ერთის მხრივ იმისთვის, რომ არცერთი საბაბი არ დაეტოვებინა უარისთვის და მეორე, როგორი საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს. მე მგონი, გამოჩნდა, რომ მართალი, სწორი პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და რომ ოპოზიცია და ზოგიერთ აქტივისტთა გუნდი პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ამ ანალიზს თუ გავყვებით და სწორედ ასე გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლება, ერთი წელი გვაქვს შემდეგ გადაწყვეტილებამდე, რა პროცესშიც, საქართველოს ხელისუფლება ისეთივე წარმატებით დაიწყებს ამ საკითხებზე მუშაობას. ერთადერთი, მე რისი შიშიც მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გვექნება, ოპოზიცია და ზოგიერთი პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ უფრო გააფთრებულად შეეცდება რადიკალური დღის წესრიგის შემოტანას. კიდევ უფრო, გააფთრებულად შეეცდება ყველანაირად დაანახოს ევროკავშირს განხეთქილება ქვეყნის შიგნით. ამას აკეთებდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ვერ შეძლეს და იმედი მაქვს, რომ ვერც ახლა შეძლებენ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზეც.
„რაც შეეხება მოაპარაკებების გახსნას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მათი სწრაფად დახურვა. ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირმა, თავის დროზე საქართველოსთან სამი წლით გვიან დაიწყო, ვიდრე უკრაინასთან. ვიზალიბერალიზაცია სამი წლით გვიან დაიწყო საქართველოსთან, ვიდრე უკრაინასთან, მაგრამ უკრაინაზე მალე დავხურეთ ეს მოლაპარაკებები. ამიტომ ჩვენი, მათ შორის პარლამენტის ფოკუსი იქნება ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი იქნება მომწიფებული, მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმ ეტაპზე ვიყოთ იმ დროისთვის, რომ მალევე დავხუროთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების გახსნა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც უმთავრესი პოლიტიკური ნაწილია, თორემ სხვა ასპექტების მიხედვით, დღესაც, რომ ავიღოთ და ობიექტურად შევადაროთ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ბევრი მოქმედი კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ლიდერია. პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მომწიფდა ევროკავშირს შეუძლიათ, დღესვე გაგვიხსნას მოლაპარაკებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.