პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, ამბობს, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველაფერს განიხილავს". ვისთან შეიძლება შეკრას ალიანსი და ჩამოაყალიბებს თუ არა პარტიას პრეზიდენტი, ანალიტიკოსები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
დიდია ალბათობაა იმისა, რომ ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში ვიხილოთ - ამბობენ ანალიტიკოსები, მათი თქმით, თუ პრეზიდენტმა პარტიის ჩამოყალიბება თავად გადაწყვიტა, სავარაუდოდ ის 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ამის პერსპექტივა მხოლოდ უკვე არსებულ პარტიებთან ალიანსში ექნება. ამასთან, ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა „ნაცმოძრაობასთან" ითანამშრომლოს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კითხვა „რადიო თავისუფლების" პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს".
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა, შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს.
„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რას ფიქრობენ პრეზიდენტის განცხადებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და „ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს".
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება გარკვეულწილად თვალთმაქცურია, რადგან დიდი ხანია, ის საკმაოდ ხისტად საუბრობს, ხშირ შემთხვევაში, ყალბად, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ასცდა და მისი ხელისუფლება არასწორად მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს. მის პოლიტიკაში ჩართვას კი წინ უნდა უსწრებდეს რაღაც მიზეზი. ახლა ამ მიზეზს წინასწარ იგონებს.
„ხელისუფლებას ევროპულ კურსთან არანაირი აცდენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი კონცეფციაა, თითქოს საგარეო კურსს ვინმე ცვლის. საკუთარი ქვეყნის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების გარეშე საკუთარ პოზიციებს ვერ აფიქსირებს.
„გაიხსენეთ მისი განცხადებები, რომლებიც 26 მაისს და პარლამენტში გააკეთა. მისი განცხადებები აზიანებს არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. ეს არის მისი პოლიტიკური პორტრეტი და ამ პორტრეტით უნდა გამოსვლა ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს და ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ევროინტეგრაციის საკითხთა ლიდერი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ზურაბიშვილს რეიტინგი არ აქვს.
„და აქამდე სად იყო? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ის დიდი ხანია გაემიჯნა ქართულ ინტერესებს, მმართველ პარტიას, ხალხს და არის ხელმოცარულებთან, ვინც არიან რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე აქცენტირებულნი.
„კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტისგან რას ელოდებოდით? დიდი ხანია ოპოზიციაშია. აქ არაფერია ახალი. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ჩაფლავდა, ახლა გამოდის ორ ფრონტზე, ერთი იქნება ჩემი „ხაბე" და მისი შემადგენლობა, ნუ „ლუზერები" და აქეთ იქნება ვითომ ახალი სისხლი, მათ შორის ქალბატონი ზურაბიშვილი, გვარამია, „ლელო", გახარია და დანარჩენი ხელმოცარულები.
„როგორც მანამდე ჩაფლავდა ყველა პროექტი და ვერაფერი მოაწყვეს, იგივე ბედი ეწევა ამას, ბარიერის პროცენტს ვერ გადალახავენ, 5 პროცენტიანს. ასე რომ, ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ იმიტომ, რომ გაშიფრული ხართ. თქვენ არ ხართ ქართული საზოგადოების, ქართული ინტერესების მხარდამჭერი და გამტარებელი, რისთვისაც ჩვენ მოგიყვანეთ, მხარს გიჭერდით და ავარჩევინეთ ჩვენს მოსახლეობას (თქვენი თავი), ეს მანდატი ნდობის დაკარგეთ როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ჩვენი სახელმწიფოსთვის.
„მის ამ შეხვედრებს რაც შეეხება, ჩემი „ხაბეს" შეხვედრები რომ ნახოთ ამერიკაში, რამხელა მხარდაჭერა აქვს - დაახლოებით ერთ სეგმენტზე ოპერირებს ორივე, ეს დიდი „ნაციონალური მოძრაობის" ღირსეული თავმჯდომარეა და ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ბილბორდზე ჩამოვხსენით, რადგან მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ლიდერები იყვნენ იქ გამოკრული.
„აი, ასე ავირჩიეთ, გესმით?! და ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ეს ხელმოცარულების გაერთიანება ორი თუ სამი ფრონტით იქნება რამე (წარმატებული)? არაფერი. ქართველ ხალხს აქვს გააზრებული, რომ „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობას, ევროპულ განვითარებას. გაჩერდით, მისი (ზურაბიშვილის) რეიტინგი არ გაიშვას", - განაცხადა ზარქუამ.
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა გაუთავისუფლოს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას", რომ ქოც-ხმოსნებით 5 წლით აირჩიონ კიდევ პრეზიდენტი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ უნდა აირჩიონ აპოლიტიკური პრეზიდენტი.
„საპარლამენტო არჩევნები იმიტომაა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ აირჩიონ უკვე აპოლიტიკური პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის ვადით. პრეზიდენტს თუ მართლა უნდა, რომ ფუნქცია შეასრულოს, შეეცადოს, მეტნაკლებად მაინც გაჯანსაღებული იყოს საარჩევნო გარემო. აქ ვხედავ მე პრეზიდენტის როლს. დანარჩენი უკვე სხვა საკითხია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვისთან ვიხილავთ პრეზიდენტს და რა პერსპექტივა ექნება მის პოლიტიკურ ძალას
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" რამდენიმე სცენარზე ყვება თუ ვისთან შეიძლება ვიხილოთ სალომე ზურაბიშვილი, თუ არცევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
„თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რამდენიმე ვერსიაა - შესაძლოა შეუერთდეს და ითანამშრომლოს გახარიას პარტია „საქართველოსთვის", ამ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. მეორე ვარიანტია, შესაძლოა მოლაპარაკებები გამართოს წვერილ პარტიებთან შემდგომი ალიანსის თაობაზე - „ლელოსთან", „გირჩთან", „დროასთან" და სხვა პროდასავლურ პარტიებთან, მათი რეიტინგი დიდი არაა და აქ პრეტენზია ექნება, რომ ლიდერი იყოს.
„ან არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა პარტია თავად დააარსოს,რადგან ცდილობს, რომ თავისი ნიშა აიღოს პროდასავლურობის, სადაც შესაძლოა თუნდაც ლომჯარია ვიხილოთ. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი მაინცდამაინც არაა. მან შექმნა პარტია, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა, 2006 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მისმა პარტიამ 3% მიიღო.
„თუ პრეზიდენტმა პარტია მარტომ შექმნა, შესაძლოა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს კიდეც. მას სუფთა წარსული არ აქვს და თავის დროზე რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, რომ თითქოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მძინარე ცხინვალი დაბომბა. თუ თანამდებობიდან გადადგა, ბევრი ამას გაუხსენებს. პრეზიდენტის ალიანსი „ნაცმოძრაობასთან" გამორიცხულია, მე უფრო მგონია, რომ გახარიასთან იქნება ალიანსში",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილს რეიტინგი არ აქვს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გახარიასთან ალიანსში შვიდეს.
„ზურაბიშვილი საქართველოში პოლიტიკური გვამია, ის არაქართული საქმის მკეთებელია, იგი მიმდინარე წლის 7-8 მარტს გარე პატრონების დავალებით, ერთ-ერთ ჩვენ სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაში ჩავიდა და იქ თავისულების ქანდაკების ფონზე, პირდაპირ ტელევიზიით, პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გარანტი უნდა იყოს, გრიდორიადისის მსგავს ორფეხა მარტის კატებოივით მოხტუნავე ე.წ. მომიტინგეებს მოუწოდა, რომ ქართველი სამართალდამცავები მოლოტოვის კოქტეილებით დაეწვათ, ამის შემდეგ როგორ შეიძლება ეს ქალბატონი ან ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, ან პოლიტიკაში რაიმეს მსურველი?!"
„მითუმეტეს, რომ მას იმპიჩმენტის პროცედურა აქვს გავლილი და საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, ამიტომ არც მორალური, არც ზნეობრივი უფლება არ აქვს, მაგრამ ეს ქალი ყველაფრის მკადრებელია. თავად ლაპარაკობს, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელიო და გარეშე ძალებმა რომ დაუკვეთონ და მას ბენზინი მისცენ, რომ საქართველოს გადაასხას და ცეცხლი წაუკიდოს, დარწმუნებული ვარ ამის გამკეთებელია.
„როდესაც ვლაპარაკობ, რომ ზურაბიშვილი ყველაფერზე წამსვლელია, არ გამოვრიცხავ გახარიასთანაც შევიდეს ალიანსში, რადგან ორივე ერთი და იგივე ყალიბის ჩამოსხმის ადამიანები არიან, ეს ორივე უმადურები არიან და საქართველოში პოლიტიკოსებად, ფიგურებად ბიძინა ივანიშვილმა გახადა, მაგრამ როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ყველაზე მეტი დიდი უბედურება ადამიანისთვის უმადურობაა.
„ვეფხისტყაოსანში" ერთი ასეთი მომენტია, როცა ტარიელი ხატაეთს რამაზ მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის, რომელიც ინდოეთს აუჯანყდა. ამ დროს, რამაზ მეფე იგრძნობს რა ტარიელის ძალიან დიდ ძალას, ის შემოუთვლის, რომ გბარდები და მარტო წამოდიო. მართლა ტარიელი სამასი მეომრით წავა და ისიც იქიდან შემხვედრებს გამოუგზავნის, როცა დაილაპარაკებენ იმ შემხვედრებიდან ერთი მოვა ტარიელთან და ყურში ჩასჩურჩულებს, რომ რამაზ მეფეს არ ენდო, გიღალატებსო. ტარიელმა უთხრა, კი მაგრამ, შენ მისი წარმომადგენელი ხარ და ამას რატომ მეუბნებიო? მეორემ მიუგო, იმიტომ გეუბნები, რომ მამაშენის გაზრდილი ვარ და მისგან იმდენი ამაგი მახსოვს, რომ მის შვილს ვერ ვუღალატებო.
„დიდმა შოთამ, ყველაზე მეტმა დიდმა ქართველმა მოაზროვნემ, სახელმწიფო ინტერესებს ამჯობინა ის უმაღლესი კატეგორია, რომელსაც ადამიანის ზნეობა ჰქვია. ამ გადასახედით, ზურაბიშვილიც და გახარიაც ერთი ყალიბის ხალხია, რომელთაც შუბლის ძარღვი არ გააჩნიათ, ისინი ივანიშვილის მიმართ ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ"- განაცხადა ანალიტიკოსმა.
გვენეტაძე ამასთან ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს მანამდე, სანამ არჩევნები არ ჩაივლის, რადგან ამბობს, რომ ოპოზიცია გაყალბებაზე დაიწყებს საუბარს და პრეზიდენტის მხრიდან ამაზე სუაბარი მსოფლიოსთვის უფრო დამაჯერებელია.
„დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ შეუერთდება, რადგან გარე პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. იმიტომ, რომ უკვე დაიწყება ყიყინი, რომ არჩევნები ყალბდებაო. თავად „ენდიაის" გამოკვლევა ვნახეთ, სადაც ოპოზიცია კატასტროფულ სიტუაციაშია, ფაქტიურად წაგებული აქვს. თუ რაიმე საშინელება არ მოაწყვეს, საკონსტიტუციო უმრავლესობას „ოცნება" აიღებს. ესენი იტყვიან არჩევნები გაყალბდაო და ხომ წარმოგიდგენიათ სახელწიფოს სათავეში პირველი პირი რომ იტყვის გაყალბდაო, მას რა მსოფლიოში რეზონანსი მოჰყვება?! ამიტომაც ზურაბიშვილი იქ სჭირდებათ, სადაც არის და რომელიც გარე ძალების ნებისმიერ დაკრულზე ცეკვავს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".