„ვაშინგტონში შიშობენ, რომ უკრაინამ შეიძლება, რუსეთთან ომი წააგოს. ამერიკელები კიევს ახალ კონსერვატიულ სტრატეგიას სთავაზობენ, რომლის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიები უნდა შეინარჩუნოს, პარალელურად კი, ძალა მოიკრიბოს და რეზერვი შეივსოს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „აშშ და უკრაინა წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ: ახალი სტრატეგიის ძიებაში“ (ავტორები - ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი, დევიდ სენგერი და თომას გიბსონ-ნეფი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
შეერთებული შტატები სამხედრო კონსულტაციებს ააქტიურებენ: პენტაგონი კიევში სამვარსკვლავიან გენერალს გზავნის, რომელიც პირადად მოინახულებს უკრაინის ჯარის ქვედანაყოფებს ფრონტის ხაზზე და მნიშვნელოვან დროს დაუთმობს სიტუაციის გაცნობას. როგორც ამერიკელი და უკრაინელი ოფიცრები ამბობენ, მათ იმედი აქვთ, ახალი სტრატეგიის დეტალებს მომავალ თვეში, სამხედრო თამაშების სერიების დროს განიხილავენ - თამაშები გერმანიაში, ვისბადენში ჩატარდება.
ახალი სტრატეგია - ძველის ნაცვლად...
ვაშინგტონში შიშობენ, რომ უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს: ჯერ ერთი, რომ კიევს ახალი სტრატეგია სჭირდება (ძველმა არ გაამართლა), მეორე - უკრაინას ჰაერივით ესაჭიროება დაფინანსება. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინის არმიის სარდლობაში და ქვეყნის ხელმძღვანელობაში ბევრს არარეალური მოლოდინები აქვს, რომ ისინი ამერიკას ჭურვებს, რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს სთხოვენ: „ჰგონიათ, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის იარაღს მიაწვდის, მაგრამ ზედმეტი იარაღის რეზერვები, უბრალოდ, არ არსებობს. კიევში ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რამდენად არასტაბილური იქნება ომის დაფინანსება აშშ-ის მიერ“.
ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინას ბრძოლა შეზღუდული ბიუჯეტით მოუწევს. ისინი, აგრეთვე, იმასაც შიშობენ, რომ თუ სტრატეგიას არ შეცვლიან, 2024 წელს ფრონტის მდგომარეობა პირველი მსოფლიოს ომის დროს არსებულს დაემსგავსება, განსაკუთრებით კი ისეთს, როგორიც 1916 წელს იყო - ყველაზე სიკვდილისმთესველი წლის მდგომარეობას, როცა პოზიციური ბრძოლების დროს ათი ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, ფრონტის ხაზი კი ფაქტობრივად არ შეცვლილა.
ტერიტორიების შენარჩუნება და ძალის აღდგენა
ამერიკელები კიევს ახალ კონსერვატიულ სტრატეგიას სთავაზობენ, რომელიც ფოკუსირდება ტერიტორიის შენარჩუნებაზე, ძალის აღდგენასა და რეზერვის შევსებაზე წლის განმავლობაში. რასაკვირველია, უკრაინელებს სურთ, ისევ განახორციელონ შეტევა - ან სახმელეთო, ან საჰაერო - მტერს (რუსეთს) ზიანი მიაყენონ შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტებით. კიევის მიზანია, აგრეთვე, მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა - ისე, როგორც შარშან და მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულში იყო. ამავე სტრატეგიის თანახმად, უკრაინა იარაღით უზრუნველყოფის საკითხში მუდამ სხვისი შემყურე არ უნდა იყოს - განსაკუთრებით ეს ეხება საარტილერიო ჭურვებს. კიევმა საკუთარი წარმოება უნდა შექმნას.
ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ასეთი სტრატეგია გააუმჯობესებს უკრაინის თვითკმარობას, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და მისცემს კიევს იმის შესაძლებლობას, რომ გაუმკლავდეს მტრის შეტევას და - უკუაგდოს კიდეც. „მიზანი - შეუქმნას კრემლს ისეთი რეალური საფრთხე, რომ მოსკოვი იძულებული გახდეს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას ან 2024 წლის დამლევს, ან 2025 წლის დასაწყისში“.
იმავდროულად, უკრაინელები სწავლობენ ისეთ სტრატეგიასაც, რომელიც გათვლილია რუსეთის ზურგში, მისი ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტების განადგურებაზე ან მათ დაზიანებაზე, მაგალითად, იმის მსგავსად, როგორიც ყირიმში დისლოცირებული რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ხდება. უკრაინის მხარე ეძებს ისეთ კრეატიულ მოქმედებას, რომელიც რუსეთს წყობიდან გამოიყვანს, მაგალითად, სამხედრო ქარხნებისადმი დარტყმების მიყენებით, საბრძოლო მასალების გადამტანი სამხედრო ეშელონების აფეთქებით და ა.შ.