გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 4 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- კავკასიის რეგიონში მიდის ძალების გადანაწილება. როგორ შეიძლება დალაგდეს სიტუაცია რუსეთსა და თურქეთს შორის?
- არ დალაგდება. თუ ვინმეს ჰგონია, ცდება. ლაპარაკი იმაზე, რომ გავლენებს გადაინაწილებენ კავკასიაში, ნონსენსია. არის მესამე მოთამაშე - ირანიც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მთავარ მოთამაშედ თვლის თავს. ირანს თავისი ინტერესები აქვს და ეს ჩანს კიდეც ყარაბაღის კონფლიქტში. ჯერ ერთი, ირანი არ დაუშვებს, რომ თურქეთმა მასზე მეტი მიიღოს კავკასიურ პოლიტიკაში. არ არის მხარ-თეძოზე წამოწოლის დრო, უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზული გამოწვევები იქნება, ახლაც არის, მაგრამ ჯერ გეოპოლიტიკური ვითარება მანევრირების საშუალებას გვაძლევს. ხვალ-ზეგ ამის უფლება აღარ გვექნება, იმიტომ, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება სამხრეთ კავკასიაში დასაბრუნებლად. შეცდომები გააანალიზეს, ძალთა გადალაგება მოხდა და ახალი მიდგომების დემონსტრირება ცოტა ხანში დაიწყება. იმან, რომ საქართველომ 13 ნოემბერს შეიარაღება გაატარა სომხეთისათვის, იმხელა ქარიშხალი გამოიწვია. ერთი შეხედვით ეს არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა - გაღიზიანდნენ როგორც ბაქოში, ასევე ანკარასა და მოსკოვშიც.
საქართველო დღეს ყველა მსხვილი მოთამაშისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. სტრატეგიული მეგობრობა პირობითი ცნებაა დღევანდელ მსოფლიოში. პრინციპში მიმდინარეობს ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის და თურქეთი ისე იბრძვის, სულ აღარ აინტერესებს, დასავლელი პარტნიორების აზრი კავკასიის საკითხზე. მიაჩნია, რომ არ უნდა დაუშვას რუსეთის დაბრუნება კავკასიაში, ჩინეთის შემოსვლა და დასავლეთის აქტიურობა კავკასიაში. თურქეთს პირდაპირი დაპირისპირების ამხელა რესურსი არა აქვს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პოლიტიკური თამაში შეძლოს. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ თურქეთისთვის მიუღებელია როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი ამ რეგიონში. ის, რომ ფლირტის დემონსტრირებაა თურქეთსა და რუსეთს შორის, იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ეს ყველაფერი პირობითი და დროებითია. მაგალითად, დღეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეაჩერეს ზანგეზურზე ლაპარაკი - გადაწყდა, იმ გზამ, რომელსაც ჰქვია აბრეშუმის გზა და ზანგეზურის კორიდორის გავლით უნდა მოხვედრილიყო თურქეთში და ამით უნდა დაჰკავშირებოდა აზერბაიჯანი და დანარჩენი თურქული სამყარო ერთმანეთს, ირანის ტერიტორიაზე გაიაროს. პატარა მონაკვეთია, რამდენიმე ათეული კილომეტრი, მაგრამ ამით ირანის დამშვიდებას ცდილობს თურქეთი.
- ირანისთვის ხომ მიუღებელია ზანგეზურის კორიდორის შექმნა?
- მიუღებელი იყო ზანგეზურის პროექტზე ლაპარაკი, მაგრამ უცებ თურქეთმა ასეთი რამ შესთავაზა და ირანი უარს ვერ იტყვის. ეს აღმოსავლეთიდან დასავლეთში გამავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, რომელსაც კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთში მიმავალი გზა, რომლის ინიციატორი რუსეთია. აზერბაიჯანისთვის ეს ძალიან ხელსაყრელია. აზერბაიჯანი ცდილობს გახდეს საკვანძო ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში და გზებმა გაიაროს მის ტერიტორიაზე, ფიგურანტი გახდეს. ირანი ამასაც ყლაპავს, რადგან სერიოზულ მოგებაზეა ლაპარაკი. ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ქვეყნებმა, ირანმა და თურქეთმა, გამოსავალი ნახეს, მაგრამ პოლიტიკურად კომპრომისი მათ შორის გამორიცხულია, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებებია კრემლში, თეირანსა და ანკარაში, არავითარი კომპრომისი ამ სამ ქვეყანაში კავკასიის საკითხზე ვერ მოხდება. შეიძლება ზოგ რამეზე თვალი დახუჭონ, ზოგ შემთხვევაში დელიკატურად მოიქცნენ, მაგრამ მე წავალ და თქვენ დარჩითო, ასეთი კომპრომისი ვერ მოხდება.
- საუბარია სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კავშირის შექმნაზე. ეს რამდენად რეალისტურია?
- ეს არის სატყუარა, რომელიც სომხეთის ჭკუაზე მოსაყვანად გავრცელდა. ეს კავშირი არასოდეს არ იქნება. დასავლეთს რომ ჰქონდეს ის ძველი გავლენები რეგიონში, რაც ჰქონდა, შეიძლება ეს მომხდარიყო... ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მზადება უნდა დაიწყოს დღესვე, მეტიც, გუშინ უნდა დაწყებულიყო. ვგულისხმობ პოლიტიკურ მზადებას, იმიტომ, რომ დღეს საქართველო ზოგიერთი ქვეყნისთვის ხელისშემშლელია იმისთვის, რომ კონკრეტულმა ქვეყანამ თავისი გავლენა განამტკიცოს რეგიონში. საქართველო რომ არ იყოს, სომხეთის დღეები დათვლილი იქნება, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ტრასის განაპირასაა, ყველა ამ ფორმატის განაპირას. მის ტერიტორიაზე რუსული ბაზაა და მის საზღვარს რუსები იცავენ.
- აზერბაიჯანსა და სომხეთს საქართველომ მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. ამაზე რას იტყვით?
- საქართველომ რაც შესთავაზა, სამშვიდობო როლი, სწორი ნაბიჯი იყო. ალიევიც ორიენტირებული იყო თბილისში შეხვედრაზე, იქ ვილაპარაკოთ, არ გვინდა არც ერთი მსხვილი მოთამაშის ჩართულობაო. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ უარი თქვა სომხეთთან აქტიურ მოლაპარაკებაზე ვაშინგტონში. თავს იკავებს და უშვებს ორ ვარიანტს შეხვედრისთვის: ერთია ბრიუსელი, როგორც საერთაშორისო პლატფორმა, და მეორე თბილისში, როგორც რეგიონული პლატფორმა. ამ შემთხვევაში თავს სომხეთი იკავებს, რადგან მას სერიოზული გარანტიები სჭირდება, რასაც საქართველო ვერ მისცემს. ამიტომ ერევანს მიაჩნია, რომ უკეთესია ბრიუსელში გაიმართოს მოლაპარაკება. ამაში არის ლოგიკა და ვერ გავამტყუნებთ. საქართველო არ არის მსხვილი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გარანტიების გაცემა სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. საქართველოს შეუძლია პლატფორმის შექმნა, დაცვა, მხარდაჭერის გამოხატვა და მორჩა.
- კავკასიაში ომები ხომ არ არის მოსალოდნელი?
- ვითარებიდან გამომდინარე, ომის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური თამაში და ზეწოლა უახლოეს მომავალში მოსალოდნელია.
- ისრაელში ომია, მაგრამ ისრაელმა აზერბაიჯანს მიჰყიდა საზენიტო დანადგარები, აქეთ რუსეთმა - ირანს თვითმფრინავები, ვაჭრობა გრძელდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- პარადოქსული სიტუაციაა. მსოფლიო პოლიტიკის ორპირობა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა. ერთი მხრივ, ერთმანეთს სანქციებს უწესებენ, მეორე მხრივ, ჩუმ-ჩუმად ვაჭრობენ და მერე სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც არის, მაგალითად, საქართველო. ბოლო დროს გაირკვა, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა და რუსეთი ჩუმად ვაჭრობენ. მაგალითად, უკრაინის სამი ქარხანა აწვდიდა საავიაციო ნაწილებს რუსეთს. მართალია, სამოქალაქო ავიაციისთვის, მაგრამ ფაქტია, 370 მილიონი დოლარის ღირებულების ნაწილები მიაწოდეს რუსეთს ამ ხნის განმავლობაში. დანარჩენი მიიღო ბრიტანეთის, საფრანგეთის და ნიდერლანდების ქვეყნებიდან. ეს მსოფლიოში მიღებული წესია. დღეს თურქეთი ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მტერია და თანაც სამშვიდობო ფლოტილიის ერთ-ერთი მონაწილეა. თურქეთი ცდილობს გახდეს მუსლიმანური სამყაროს ლიდერი. ამ დროს აზერბაიჯანული ნავთობი მიეწოდება ისრაელს, რასაც ისრაელი მოიხმარს, იმ ნავთობის 40% აზერბაიჯანულია. ეს ყველაფერი პოლიტიკის ორპირობაა. ყველა ასე იქცევა, მსხვილი თუ წვრილი მოთამაშე. ამიტომ არის გამაღიზიანებელი და გასაბრაზებელი, როდესაც საქართველოზე ლაპარაკობს ვიღაც. ძალიანაც რომ უნდოდეს, ამ სურათს საქართველო ვერ შეცვლის და პროცესზე გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ზოგიერთ ევროდეპუტატს თითის გამოშვერა ეხერხება. აჯობებს თავიანთ ქვეყანას მიხედონ. განსაკუთრებით ბალტიისპირელ დეპუტატებს ვგულისხმობ.
დღეს ირკვევა, რომ ალკოჰოლური სასმელების მთავარი მიმწოდებელი რუსეთისთვის ლატვიაა, 109 მილიონი დოლარის ფარგლებში მიუწოდებია. თუ სანქციაა, სანქცია იყოს და არ იყოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ არის. ამიტომ მე მინდა ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა გავაფრთხილო, იყვნენ ფრთხილად, ყურადღებით მოეკიდონ ამ ყველაფერს და სწორი შეფასებები გააკეთონ. ჩვენ გარშემო ვითარება ისეთია, როდის რა გამოჩნდება, კაცმა არ იცის. ეს არის მთავარი. ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და სწორი შეფასებები გავაკეთოთ.