პრობლემაა, რომ ქვეყანაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იღებენ თანამედროვე პირადობის მოწმობას, თუმცა სწორია, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის შესთავაზებენ დროებით ID ბარათებს, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ არაელექტრონულ პირადობის მოწმობებზე საუბრისას.
მისი თქმით, მთავარია, როგორ კამპანიას აწარმოებს იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება, რათა ყველა მივიდეს იუსტიციის სახლში და ახალი პირადობის მოწმობა აიღოს.
„თუ უარს ეტყვიან, მათ გადაეცემათ დროებითი ლამინირებული ბარათები, რომელთაც ერთთვიანი ვადა ექნება. ამან შესაძლოა, პრობლემა გადაჭრას. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც არ იღებენ ნორმალურ, თანამედროვე პირადობის მოწმობას, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრისთვის ვფიქრობ, სწორია, რომ ამ ადამიანებს შესთავაზებენ დროებით ID ბარათებს“, - განაცხადა სამნიძემ.
1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.