რა იქნება პარლამენტის დეპუტატის ანაზღაურება - შალვა პაპუაშვილი განმარტავს

რა იქნება პარლამენტის დეპუტატის ანაზღაურება - შალვა პაპუაშვილი განმარტავს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რას მოიცავს პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდის ახალი პროექტი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თავდაპირველ ინიციირებულ პროექტში იყო თანხები გაწერილი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებიც ასევე ჩაჯდებიან ანაზღაურების იმ ერთიან სისტემაში, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის არის შექმნილი.

„თავდაპირველ ინიციირებულ პროექტში იყო თანხები გაწერილი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა პროცესი, რომელსაც გადის პარლამენტი, არის 5 წლით დაგვიანებული პროცესი კოეფიციენტებზე გადასვლისა პარლამენტის წევრების შემთხვევაში, მსჯელობის შედეგად, სწორად ჩავთვალეთ, სწორედ ის კოეფიციენტები, რაც კანონით იყო დადგენილი, შესაბამისად აისახოს. რაც შეეხება კონკრეტულად რა იქნება ანაზღაურება, რთულია თქმა ვინაიდან კოეფიციენტების იდეა სწორედ ისაა, რომ დამოკიდებულია იმ ანაზღაურებაზე, რომელიც დგინდება ხოლმე ბიუჯეტის მხრიდან და შემდეგ ნამრავლია კოეფიციენტის. ისევე, საჯარო სექტორი უკვე 5 წელია გადასულია ამ სისტემაზე, საჯარო მოხელეები მათ შორის. ყველა პოზიციას საკუთარი კოეფიციენტი აქვს მიკუთვნებული და ყოველ წელს ხდება კოეფიციენტი ნამრავლი ძირითად ანაზღაურებასთან, რომელიც ბიუჯეტით დგინდება. საქართველოს პარლამენტის წევრებიც ასევე ჩაჯდებიან იმ ერთიან სისტემაში, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის არის შექმნილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ ნოემბერს დააინიციირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.