“როგორ ფრენ სულ ჩემთან და ჩემში / შენი ნაკადი მიმაფრენს ოცნებებში / მარადიულად შენთან ყოფნისა / ღამის წყვდიადში მგოსანნი უკრავდნენ / რაინდები კი იხსნიდნენ მზეთუნახავებს ურჩხულთ ხელიდან...” (ჯგუფი Caravan, Winter Wine 1971 წ.)
კენტერბერის სცენა ცალკე მიმდინარეობაა როკ მუსიკაში და მას საფუძვლად უდევს გარემო, რომლითაც გამოირჩევა მუსიკალური კრიტიკის მიერ ძალიან ზუსტად დანახული ეს ფრიად უცნაური ფენომენი, რომლის განმასახიერებლებიც ჟანრობრივად უპირველეს ყოვლისა პროგრესივსა და ჯაზ როკს განეკუთვნებიან.
წარმოვიდგინოთ, რომ ინგლისში არ არსებობს ლონდონისა თუ თუნდაც The Beatles-დან გამომდინარე მერსისაიდული სცენა, სამაგიეროდ - ჰარდ როკი, პროგრესივ არტ როკი, პოსტ პანკი თუ მრავალი სხვა ჟანრის გვერდზე, ცალკე მიმდინარეობად მოიხსენიება ინგლისის ამ ისტორიული მხარის როკ ჯგუფები. ერთის მხრივ, ამგვარმა გაერთიანებამ თითქოს ისინი ერთ გუნდად შეკრა კიდევაც და აქაურ ჯგუფებს ბევრი რამ აქვთ საერთო. მეორეს მხრივ კი აღსანიშნავია ამ ერთიანობის განმაპირობებელი მუსიკოსების საკმაოდ ჩაკეტილი წრე.
ისინი გადადიოდნენ ერთი ჯგუფიდან მეორეში და თან მიჰქონდათ საკუთარი განუმეორებელი ხელწერა და იდეები, რაც ამსგავსებდა ამ კოლექტივებს და საბოლოოდ ემსახურებოდა ზემოთხსენებული ჟანრის - კენტერბერის სცენის წარმოშობას.
შესაძლებელია ამ მიმდინარეობის გენეალოგიური ხის აღწერაც. 1964 წელს შეიქმნა ჯგუფი Wilde Flowers, რომლის საფუძველზეც დაარსდა ერთის მხრივ ორი უმთავრესი კენტერბერული ფსიქოდელიური ჯაზ როკის განმასახიერებელი Soft Machine და Gong, ხოლო მეორეს მხრივ კი - ჯაზ-როკის შედარებით მცირე დოზით შემცველი და მეტად „პროგრესივ“ მიმართულების მქონე Caravan.
Caravan -ის ერთ-ერთი დამაარსებელი შესანიშნავი კომპოზიტორი, მომღერალი და ბას გიტარისტი რიჩარდ სინკლერია. იქამდე კი, ზემოთხსენებულ Wilde Flowers-ში იგი შემდგომში ბუმბერაზი Soft Machine-ს ბასისტ ჰიუ ჰოპერთან, კევინ აიერსთან, რობერტ
ვაიატთან და კენტერბერის სცენის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად უკრავდა და მღეროდა.
სადებიუტო ჯგუფში გატარებულმა ფსიქოდელიის ორწლიანმა კურსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რიჩარდ სინკლერის მუსიკალური ხელწერის ჩამოყალიბებაზე, რისი უმთავრესი შტრიხიც ერთგვარი იდუმალებაა როგორც საოცრად მშვიდი ვოკალის, ასევე საკმაოდ უცნაური დაკვრის თვალსაზრისით, რადგან სინკლერის ბას გიტარა ყოველთვის გამომწვევია მსმენელის ყურისათვის და სოლოებისკენაც კია მიდრეკილი, ახასიათებს რა განუწყვეტელი აფეთქებები და მომენტებში შეგნებულად ფალშის ზღვარზე დაკვრა.
თუმც ეს უკვე მომავალში ხდებოდა, მას შემდეგ, რაც რიჩარდ სინკლერმა Caravan-დან წასვლის შემდეგ, პიანისტ დეივ სტიუარდთან ერთად, Hatfield & The North დააარსა.
Hatfield & The North კენტერბერული სუპერჯგუფი იყო, რომელშიც ადგილობრივი სახელოვანი მუსიკოსები გაერთიანდნენ. პიანისტ დეივ სტიუარდთან და რიჩარდ სინკლერთან ერთად, აქ დრამერი პიპ პაილი და გიტარისტი ფილ მილერი უკრავდნენ.
საოცარია, რომ მუსიკოსებმა „არაკენტერბერულად“ ფაქტობრივად წარსულს ჩააბარეს თავ-თავიანთი ჯგუფების სტილი და ახალმა კოლექტივმა უკომპრომისო სუპერ ჯაზ როკი წარმოაჩინა ფსიქოდელიის ვრცელი დოზებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რიჩარდ სინკლერის როლი, რომლის დაკვრა Hatfield & The North-ში, მკვეთრად განსხვავებულია Caravan-გან. თუკი იგი Caravan-ში ვოკალისტის ფუნქციას პაი ჰასტინგსთან ინაწილებდა, Hatfield & The North-ის მკვეთრი ინსტრუმენტულობის მიუხედავად, აქ ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსის საოცარი სიმშვიდით გაჯერებული წამყვანი ვოკალისტობა.
ეს მომავალში თავს განსაკუთრებით იჩენდა უკვე Hatfield & The North-ის 1990 წლის გამაერთიანებელ საკონცერტო ალბომში, სადაც სინკლერის ადრეულ შედევრებთან Share It, It Didn’t Matter Anyway და Halfway Between Heaven & Earth ერთად, პიპ პაილის 12 წუთიან Shipwrecked -ში, რომლის ძირითად მოტივსაც აიტაცებს თითოეული ინსტრუმენტი და იმპროვიზაციით შეაჯერებს, უდიდესი დახვეწილობით ჟღერს მისი მშვიდი და იმპროვიზაციულობით აღსავსე ვოკალი.
Hatfield & The North-მა საკმაო ზეგავლენა მოახდინა რიჩარდ სინკლერის კარიერის უკვე მომდევნო ეტაპზე. Camel არასოდეს ყოფილა ჯაზ როკ ფიუჟენ ბენდი, მაგრამ ენდრიუ ლატიმერმა შეიძლება ითქვას, რომ იქამდე არსებული სტილი, რიჩარდ სინკლერისა და King Crimson-ის საქსოფონისტ მელ კოლინზის მოწვევით, ახალ სახელებს შეალია. მართალია ჯაზის დოზები აქ Hatfield & The North-ისაზე მცირეა, მაგრამ განსაკუთრებით სცენაზე აშკარად იგრძნობოდა რიჩარდ სინკლერის ზეგავლენა, რომელსაც ვოკალის პარტიებთან ერთად, განუმეორებელი კენტერბერული აურა შემოჰქონდა Camel-ის ძველ რეპერტუარშიც კი, აქცევდა რა ენდრიუ ლატიმერის ჯგუფს კენტერბერის სცენის წარმომადგენლად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობის მანძილზე Camel-ს 40-მდე მუსიკოსი განასახიერებდა და სიმღერები სხვადასხვა პერიოდების ალბომებიდან ყოველთვის ჟღერდა სცენაზე, მომავალში 1977 და 1978 წლების ალბომები Rain Dances და Breathless, პარქტიკულად ამოღებულ იქნა საკონცერტო რეპერტუარიდან, ხოლო ლატიმერ-
სინკლერის დუეტის ხილვა კი საბედნიეროდ შესაძლებელია Unevensong-ის მშვენიერი ხარისხით ჩაწერილ ვიდეოზე.
1980-იან წლების დასაწყისში რიჩარდ სინკლერმა კვლავ აღადგინა თანამშრომლობა პიპ პაილთან და ფილ მილერთან. ჯგუფ In Cahoots-ში კენტერბერული სცენის სახელგანთქმული პიანისტი პიტერ ლემერი და Soft Machine-ს მუსიკოსები საქსოფონისტი ელტონ დინი (ვისი სახელიც გამოიყენა ფსევდონიმად ელტონ ჯონმა) და ჰიუ ჰოპერი გამოჩნდნენ. იმავდროულად სინკლერი 4 წლით კვლავ „გაჰყვა“ Caravan -ს.
1990 წელს სინკლერი ჯერ Hatfield & The North-ის ზემოთხსენებულ გამაერთიანებელ ტურში აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ კი Caravan of Dreams დააარსა. საგულისხმოა, რომ ამ დროს პაი ჰასტინგსის „ნამდვილი“ Caravan-იც არსებობდა, სადაც რიჩარდიც იყო შემადგენოლაბაში (!), ხოლო რიჩარდ სინკლერის ჯგუფში კი ძველი Caravan-ის შემადგენლობიდან მხოლოდ პიანისტი - ბიძაშვილი დეივ სინკლერი აღმოჩნდა.
1992 წელს გამოცემული ალბომი Caravan of Dreams, რომლის დამაბოლოვებელი ნაწილი საკონცერტოა, Caravan -ისა და Hatfield & The North-ის იდეების სრულ სიმბიოზს წარმოადგენდა. ალბათ არცერთ სხვა ნამუშევარს არ წარმოუჩენია მთლიანობაში რიჩარდ სინკლერის ხელწერა, როგორც ამ - ფსიქოდელიით გაჯერებულ, ეპოქის გულისცემიდან ამოვარდნილ ალბომს, რომელშიც კომპოზიციურ სიმწიფესთან ერთად, გვაოცებს ჩანაწერის ერთგვარი კუსტარულობა, რაც კიდევ მეტ ხიბლს სძენს მას.
Hatfield & The North-ის 2006 წლის გამაერთიანებელი ტურნეს პერიოდში პიპ პაილი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ რიჩარდი კენტერბერის საგრაფოდან იტალიაში გადაბარგდა საცხოვრებლად, დროდადრო ევროპის ქვეყნებს აკითხავს და მართავს მცირე მასშტაბის სოლო კონცერტებს. საგულისხმოა ბოლო პერიოდში მისი თანამშრომლობა მოარულ კენტერბერულ ფსიქოდელია - Spirogyra-ს დამაარსებელ მარტინ კოკერჰემთან.
კენტერბერული სცენის გურმანებს კი გული მაინც სინკლერის ყველაზე წრფელი პერიოდისკენ - Caravan-ის კლასიკური ალბომებისკენ If I Could Do It All Over Again, I'd Do It All Over You და In The Land Of Gray And Pink მიუწევთ. ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან თუნდაც ვინილის დისკის ცალი გვერდის დამფარველი რვა ნაწილისგან შემდგარი Nine Feet Underground არასოდეს დაკარგავს აქტუალობას ულამაზესი ტექსტის, თემების ცვალებადობის, გადასვლებისა თუ არანჟირების თვალსაზრისით, ხოლო Winter Wine კი თანაბრად სასიამოვნო გასასინჯია წელიწადის ნებისმიერ დროს...