საქართველო და რუსეთი ომის მიუხედავად ბიზნესს მაინც აკეთებენ

საქართველო და რუსეთი ომის მიუხედავად ბიზნესს მაინც აკეთებენ

[კონსტანტინ როზნოვი – ბიზნესრეპორტიორი; “BBC”]
სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელს მომხდარი შეიარღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დიპომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნეს საქმიანობაზე მიდგება, ორივე მხარე ხშირად უფრო პრაგმატულ მიდგომას არჩევს.

ის, რომ რუსეთმა რამდენიმე წლის წინათ ქართულ ღვინის იმპორტი აკრძალა და ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლების დეფიციტია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ბიზნესის სფეროში ზეწოლას, რეგიონზე საკუთარი გავლენის მნიშვნელოვნად გაფართოვებისთვის იყენებს, მაგრამ ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაშიც კი, საქართველოში მაინც ბევრი რუსული კომპანია ოპერირებდა.

საქართველოს პარლანეტში იმ წინადადების გარშემო, რომლის თანახმადაც, თავიდან უნდა შეიქმნას გასაყიდად ასაკრძალი სახელმწიფო საკუთრების ნუსხა, მწვავე დებატები გაჩაღდა.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი სამი წაკითხვით დაამტკიცა, ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც რუსული გაზი საქრთველოს გავლით სომხეთში მიაქვს, შეიძლება პრივატიზაციას დაექვემდებაროს.

რუსეთის გაზის მონოპოლია გაზპრომი იმ ერთადერთ პოტენციურ ინვესტორადაა მიჩნეული, რომელიც დაინტერესებულია და შეუძლია ამ მილსადენის მნიშვნელოვანი წილის შეძენა.

”პოლიტიკურად მოტივირებული”
ამ ბოლო წლებში, რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებსა და მათ კოლეგებს შორის მეზობელი ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის გამო რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. მოსკოვი აცხადებს, რომ დავები მხოლოდ ბიზნესის გამო მოხდა, ხოლო ოპონენტები რუსეთს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის ენერგეტიკული მიმწოდებლის სტატუსს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

”პრობლემა ის არის, რომ გაზპრომს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთის საზღვრებს მიღმა შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც” - უთხრა BBC-ის ნოდარ ხადურმა, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა.

ქართველი ეკონომისტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მილსადენი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი არ არის და მას მხოლოდ ისეთი ”პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტორი იყიდის, როგორიც გაზპრომია”.

მაგრამ მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომელი ანდრეი სუზდალცევი ამბობს, რომ გაზპრომისთვის ბიზნესის თვალსაზრისით მილსადენის შეძენა საინტერესო იქნებოდა, რადგან მას აირი მნიშვნელოვან ბაზარზე გააქვს.

გარდა ამისა, უთხრა მან BBC-ის, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის ბიზნესს პოლიტიკისგან განცალკევებით განიხილავს.

ლიბერალური ბაზარი
და მართლაც „თელასი“, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია, რუსული კომპანიის Inter RAO UES-ის მიერ კონტროლდება.

ორი წლის წინ მიმდინარე ომის მსვლელობისასაც კი მას რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგება არ შეუწყვეტია.

გარდა ამისა, კონფლიქტიდან სულ რამდენიმე თვეში Inter RAO UES-ი და საქართველოს მთავრობა აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ.

საქართველოში სხვა რუსულ კომპანიებს შორის Itera-ც მუშაობს. ის თავად ფლობს გაზის რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას რეგიონებში, VTB ბანკსა და მობილურ ოპერატორს VimpelCom-ს.

გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა: ”ჩვენ არ ვაპირებთ რუსულ კომპანიებს საქართველოში შემოსვლაზე ხელი შევუშალოთ. რაც უფრო მეტ ბიზნეს ინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა” – უთხრა მან Bloomberg-ს.

სუზდალცევი აღიარებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო ახლა ”ლიბერალიზმის ოაზისია”.

მაგრამ მისი აზრით, იმის გარანტია, რომ მომავალში რუსული ინვესტიციები საქართველოში დაცული იქნება ხელისუფლების ჩარევისგან, არ არსებობს.

”ეკონომიკური ინტერესი”
რუსეთიდან სომხეთში მიმავალ გაზსადენზე მსჯელობისას, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა, იმ შემთხვევაში ”თუ რუსული კომპანია მილსადენს იყიდის” ქვეყანა ”ენერგეტიკული დაეკონომიკური საფრთხის წინაშე დადგებოდა. ისინი საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ იმის გარანტიებს, რომ საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს საკონტროლო პაკეტს.

აქამდე კანონპროექტში არავითარი ასეთი გარანტიები არ შესულა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ მილსადენი ”არ მიეყიდება რუსეთის ფედერაციას”.

”ჩვენ ამ საკითხს ეკონომიკური პოზიციებიდან ვუდგებით. ასეთ საშუალებებს უკეთესია კერძო კომპანიები მართავდნენ”, – განაცხადა მან.

გაზპრომისათვის მილსადენის მიყიდვის შესახებ საუბარი პირველად არ დაწყებულა. ხუთი წლის წინაც ასეთი დისკუსიები მიმდინარეობდა.

მაგრამ მაშინ აშშ-მ და თბილისმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თბილისს მილსადენის მოდერნიზებისთვის ფული მისცეს და საქართველომ სანაცვლოდ პირობა დადო, რომ მილსადენს არ გაყიდდა. ამ ხელშეკრულებას ვადა 2011 წლის აპრილში ეწურება.

როდესაც კანონპროექტი მილსადენის პრივატიზაციის შესახებ პირველი წაკითხვით განიხილებოდა პარლამენტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.

თუმცა ცნობები იმის შესახებ, რომ მილსადენის საკითხი დაისვა სააკაშვილთან მოლაპარაკებების დროს, არ გავრცელებულა.
ამ დროს საქართველოს პარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ კანონპროექტს ხმა მისცა.

თუ პარლამენტსა და მთავრობას შორის ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ მხარდაჭერა არ გაქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდება.
foreignpress