„ნაციონალებმა არც იციან არჩევნებში მონაწილეობა რას ნიშნავს, ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამა არასოდეს შეუთავაზებიათ, ყოველთვის ბრძოლას სთავაზობდნენ“

„ნაციონალებმა არც იციან არჩევნებში მონაწილეობა რას ნიშნავს, ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამა არასოდეს შეუთავაზებიათ, ყოველთვის ბრძოლას სთავაზობდნენ“

15 დეკემბერს საქართველო კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს. ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა პრიორიტეტული ამოცანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო კურსს ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიცია ვერ გამოიყენებს პროცესების რადიკალიზაციისთვის. თუმცა, ძალაში რჩება რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა. „ნაციონალური მოძარაობის“ შემდეგ ვარდებზე შეაჩერა არჩევანი „ლელომ“. როგორც საბა ბუაძე ამბობს, ახლა საჭიროა ევოლუციური ცვლილებები, ახალი პოლიტიკური თაობა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ტოლფას შედეგს მოიტანს.

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა. 2003 წლის მსგავსად, ახლაც ოპოზიცია ამომრჩეველს ქუჩაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იხმობს იმ მიზეზით, რომ არჩევნები გაყალბდა. ის, რომ გეგმა ისევ რევოლუცია არის, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებემა კინოსტუდიაში შეკრებილ მხარდამჭერს ღიად განუცხადეს. პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ახალი ვარდები სჭირდება, რომ ჩრდილოური ვექტორიდან შემოაბრუნოს საქართველო.

მაგალითად, საინტერესო იყო პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის „ორიგინალური“ მიმართვა: „არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები, ღმერთმა დალოცოს საქართველო, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, აანონსებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა, ქუდზე კაცი უნდა შეიკრიბოს და ეროვნული ენერგია გააერთიანონ. მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და აცხადებს, რომ ახლაც იგივე მასშტაბის ტრანსფორმაციაა საჭირო.

„ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია, გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია საჭირო, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავიმარჯვოთ არჩევნებში. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები - ირჩევ ევროკავშირის, ძლიერ, ერთიან საქართველოს თუ „რუსულ ჭაობში“ ცხოვრებას. აი, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავერთიანოთ. ამიტომ დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა, რომლის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვიყურებს ჩვენ. მიშა, გვიყურებ ახლა და შენთან ერთად, მთელი საქართველო აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ კი სააკაშვილმა აცნობა მხარდამჭერებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება და იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე. მთავარი გეგმაც დასახა - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოება და იმ ხალხის დაბრუნება, რომელთაც პარტიის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვით - ასეთია უკრაინის მოქალაქის და პატირმობაში მყოფი სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები, რომელიც ერთ დროს მის მიერ დაარსებულ პარტიაში კეზერაშვილი-მერაბიშვილის გავლენით უკმაყოფილოა და ცდილობს, ყოფილი ძალოვანები პარტიის მმართველობას ჩამოაშოროს.

მმართველ გუნდში კარგად იციან, რომ რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო ერთი წლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე თავიდან ეცდებიან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას. როგორც კობახიძე აცხადებს, რადიკალურ ოპოზიციას შანსი არ აქვს, ბოლომდე მიიყვანოს რევოლუციური გეგმა, რადგან, როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ, მაგრამ პრევენცია არასდროს არის ზედმეტი.

„როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო. ხაზგასმით ვამბობ, გადაიდო, მაგრამ გადაიდო ერთი წლით. ყველამ ხომ იცის, რომ როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე თავიდან ეცდებიან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას.

ყველამ იცის, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს - და ძალიან მწარედ წააგებენ - მაშინვე დაიწყებენ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს, თუმცა ნულოვანი შანსი აქვთ, რომ რევოლუციური გეგმები სისრულეში მოიყვანონ. რევოლუციას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება არჩევნების მოგებას - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია, რომ არჩევნებისთვის არ ემზადება, ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ნაციონალები, სწორედ, რევოლუციით და ბრძოლით მოვიდნენ ხელისუფლებაში 2003 წელს.

„აბა, არჩევნებზე რომელი პარტია გავა კიჟინის მოწოდებით, თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“?! რა თქმა უნდა, ეს ბრძოლის სულისკვეთებაა. ასე მოვიდნენ 2003 წელს ხელისუფლებაში - რევოლუციით, ბრძოლით. რევოლუცია და ბრძოლა ყველა ეტაპზე მიაჩნიათ ერთადერთ საშუალებად. არც იციან არჩევნებში მონაწილეობა რას ნიშნავს. მათ ხომ ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამა არასოდეს არ შეუთავაზებიათ, ყოველთვის ბრძოლას სთავაზობდნენ. სთავაზობდნენ ამ სიტყვის ისეთი გაგებითაც, რომ ამომრჩეველმა იცოდა, რომ წაგებული დარჩებოდა და შიშის გამო მათ აძლევდა ხმას, ასეთ ვითარებას ქმნიდნენ. ასე რომ, მათ არ იციან რას ნიშნავს საარჩევნო სულისკვეთება. ჰგონიათ, რომ საარჩევნო და საბრძოლო სულისკვეთება ერთი და იგივეა“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სტრატეგია რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ დაისახეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, კონფრონტაცია რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება, საშიში არის იმდენად, რამდენადაც რუსეთის მიმართ ეს დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისთვის“ არის ხელსაყრელი.

„არა იმიტომ, რომ ვერ იტანენ რუსეთს - არა. როგორ შეიძლება ვერ იტანდეს რუსეთს პარტია, რომლის წამყვანი ფიგურა არის რუსეთის მოქალაქე - კობა ნაყოფია, მაგრამ რუსეთის განდევნის იდეამ მათ გვერდით შეიძლება ბევრი დააყენოს საქართველოში და შეიძლება ამავე დროს მათი დაპირისპირება ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებთან გახადოს ლოგიკურად გამართული, რომ აი, ისინი აპირებენ ამ რეგიონების განთავისუფლებას და ამიტომ აწყობენ კონფლიქტს.

მაგრამ ის, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, ის, რომ ეს კონფლიქტი ფაქტობრივად, რუსეთისთვის მომსახურეობა იქნება, ამაზე არაფერს ამბობენ. ანუ, ანტირუსული ლოზუნგით რუსეთის საქმის კეთება, ჩვეული მდგომარეობაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 2008 წლის აგვისტოს ომიც ასეთი მოვლენა იყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სამწუხაროა რეალობაა ის, რომ 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ მათი პოლიტიკური ვარდები კიდევ უფრო დამჭკნარია და ამას ვერანაირი ე.წ. პოლიტიკური სასუქი ვერც შიგნიდან და ვერც გარედან ვერ უშველის. როგორც აბაშიძე აცხადებს, პარტია არის დაქუცმაცებული, გახლეჩილი.

„შიდა დაპირისპირებებია. პოლიტ-ტექნოლოგიურად იმდენად ჩამორჩნენ თანამედროვე ნოუ-ჰაუს, გუშინდელი ჭერქვეშ შეკრება, რომელიც ჩემი ინფომრაციით, კინო სტუდიის ერთ-ერთ ძველ სტუდიაში გაიმართა, ინტერიერით გავდა ლენინის მავზოლეუმს. ზუსტად, ეს შავ-წითელი ფერები შეეფერება მათ. თითქოს იქ რაღაცა პლანშეტები და მობილური მიკროფონებით საუბარიც კი არ ჯდებოდა იმ კონტექსტში, რასაც წარმოადგენს სისხლიანი და უკვე ჩამორჩენილი, ჩამოძენძილი პოლიტიური ძალა.

სააკაშვილის ის რაღაც მანიფესტი და მანამდე გამოქვეყნებული საქართველოს დაცვის ე.წ. 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეთითხნა, ერთი და იგივე ხელწერაა. თავად სააკაშვილმაც დაადასტურა, რომ მხარს უჭერს „ლელოს“ ამ 9-პუნქტიან თეზისებს, რომელიც ძირითადად არის საქართველოს ეკონომიკაზე დარტყმა, თვითდაზიანება და არა რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება“, - აცხადებს აბაშიძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ამ პოლიტიკურ სექტას პარტიასაც ვერ უწოდებს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი. მათთვის ყველაფერი არის რუსული, პრორუსული და ა.შ. როგორ უნდა იყოს პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც ასეთი დიდი ნახტომები აქვს გაკეთებული ევროტლანტიკურ ინტეგრაციაში.

„თვითონ წარმოადგნენ რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტებს. გავიხსენოთ 20 წლის წინ ვინ იყო მთავარი მომლაპარაკებელი პრეზიდენტ შევარნაძესა და ვარდების რევოლუციის ტრიუმვირანტს შორის? ეს იყო იგორ ივანოვი, რუსეთისგან მოვლენილი ემისარი დიპლომატი. არა ევროპიდან, ან დასავლეთიდან, არამედ რუსეთიდან მოვლენილი მაღალჩინოსანი. შემდეგ, როდესაც 2008 წელს მიწები ჩააბარეს ოკუპანტ რუსეთს, გადაუფორმეს სტრატეგიული და ეკონომიკური ობიექტები, რუსეთის პოლიტიკური, თუ პოლიტექსპერტების წრეებიდან კეთდებოდა განცხადებები საჯარო სივრცეში, რომ მათ მეტი არაფერი უნდათ საქართველოდან, რადგან ყველაფერი, რაც უნდოდათ, მიიღეს 2008 წელს, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. და, ეს ძალა უტიფრად და ძალიან ცინიკურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს უწოდებს რუსულს. სრული პოლიტიკური ჭაობია ნაცოპოზიციის მხარეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.