იმის მოლოდინით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი ძალებით იბრძოლებდა 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო მარათონზე, აუხდენელ ოცნებად დარჩა. ერთგვარი პოლიტიკური განაჩენი პარტიას მისმა ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოუტანა, როცა მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ერთიანობის მანიფესტს ხელი არ მოაწერა, კონტრშეთავაზება გაუკეთა და თვითონ პარტიის მიღმა აღმოჩნდა. მელიას ფლანგი ამტკიცებს, რომ მანიფესტის ტექსტი, რომელიც ცალსახად ხაბეიშვილის მხარეს აძლევს ხელს, სააკაშვილს „შეატენეს".
„რაც პარტიაში ხდება, ესაა „კვიპროსის კლუბის" გადაწყვეტილებები, მერე როდესაც აღმოჩნდება რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს. სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი ხალხი, რომელიც ბუნებრივად აღმოჩნდა მეორე მხარეს, გარიყული და პოლიტსაბჭოდან გარიცხული." - დააციტირა ფეისბუქზე მელიამ მისი მომხრე მურთაზ ხურცილავას განცხადება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნიკა მელია აიძულეს მიეღო მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„მანიფესტი ისე იყო შედგენილი და იმდაგვარად, რომ მელია პარტიაში თუ დარჩება, ეს ნიშნავს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერც პარტიულ და ვერც ქვეყნის საქმიანობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს მანიფესტი თავიდან ბოლომდე ხაბეიშვილის და მისი გუნდის მიერ შედგენილი დოკუმენტია.
„ყველა საკვანძო პოსტი უჭირავს ხაბეიშვილს და მის გუნდს. რა უნდა გააკეთოს მელიამ? - არც არაფერი, კაცი-შვილი მაგას არაფერს არ ეკითხება. გამოვიდა ისე, რომ მას იზოლირება გაუკეთეს პარტიის შიგნით. იძულებულია, რომ დატოვოს პარტია. მიუხედავად იმისა, მანიფესტს ხელს მოაწერს თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობაში" მისი ადგილი ნამდვილად არ არის. შესაძლოა დავუშვათ ასეთი ვარიანტი, რომ გაჩერდეს პარტიაში, მაგრამ 2024 წლის არჩევნებს ფაქტობრივად გამოტოვებს.
„მომავალში საქმე თუ ისე არ წავიდა პარტიაში, როგორც ხაბეიშვილი ჰპირდება მომხრეებს, შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს ისევ პარტიის თავმჯდომარედ, ეს იქნება 2028 წლისთვის და არა 2024 წლისთვის. ამიტომ მელია ალბათ სწორად მოიქცა, როცა ხელი არ მოაწერა მანიფესტს, და ფაქტობრივად დარჩა პარტიის მიღმა.
„ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არ უნდა, რომ ვინმე გარიცხოს პარტიიდან, ამიტომ ძალიან დიპლომატიური გზა მოძებნეს - იძულებულს გახდიან მელიას ან წავიდეს პარტიიდან, ან დარჩეს, მაგრამ როგორც ბალასტი. ამიტომ გასაგებია, რატომ არ რიცხავენ - ან რატომ უნდა გარიცხონ თუ პარტიის ნომინალური წევრი იქნება? ჩიხში მოექცა მელია და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მელიას ხმები რომც დაიკარგოს, ენმ 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავს, მაგრამ პარტია იქნება სრულად ხაბეიშვილის განკარგულების ქვეშ. ხაბეიშვილის გუნდი იმდენად ძლიერია დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში", რომ სააკაშვილი სავარაუდოდ ფორმალურ ლიდერად დარჩება", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ
ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება - შესაბამისად, დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან ენმ-ში მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებზე ნიშნის მოგებით აღნიშნავს, რომ ნიკა მელია ცალკე რომ გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს, არჩევნებში 1%-ს აიღებს და ეს 1%-ი დაეკარგება „ნაციონალურ მოძრაობას".
თავად სააკაშვილი კი 23 ნოემბრის ამბებით კმაყოფილია. გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის, დაწერა მან ფეისბუქზე.მისი თქმით, „უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვებს".
„მანიფესტს რაც შეეხება, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთი მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის" წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.„მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ენმ-ს პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ პარტიიდან არავის გარიცხვას არ აპირებენ.