სააკაშვილმა ხაზარაძესთან გადაკვეთის წერტილები იპოვა. „ვივამედში“ მყოფი ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მთლიანად ეთანხმება „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას და, ასევე, იწონებს „ლელოსეულ“ მეორე კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“, რაც ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზის - „შუა უნდა გაიკრიფოს“ საწინააღმდეგოა.
ერთხანს სააკაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთის მიმართ სიმპათიებს გამოხატავდნენ, იყო დრო, როცა სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძე მის დაბადების დღეზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების დღეს, ანუ 2010 წლის 29 დეკემბერს, „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტს 44 წელი შეუსრულდა, სააკაშვილმა ხაზარაძის დაჯილდოება იმით ახსნა, რომ, მიუხედავად იმისა, მსგავსი ორდენი იშვიათად გაიცემოდა, „ხაზარაძემ ეს დაიმსახურა“.
სხვათა შორის, მოგვიანებით ხაზარაძე ცდილობდა, წარმოეჩინა, რომ მიშა მის დაჭერას აპირებდა, აბსურდული საქმეც აღიძრა მის წინააღმდეგ, მაგრამ იგი გადარჩა.
ნამდვილად აპირებდა თუ არა ხაზარაძის დაჭერას მიშა, ამის შესახებ თავისი ვერსია აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, მორჩილი მსახური, რომელიც სააკაშვილის ფინანსურ დანაშაულებს ასრულებდა. ღარიბაშვილის თქმით, ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის, „თიბისი ბანკშიც“, ხაზარაძის ოფისებში და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება.
მოგვიანებით სააკაშვილის და ხაზარაძის გზები გაიყო. სააკაშვილი შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, ხაზარაძე არ გაელანძღა. მას ხან მონასტერში წასვლას ურჩევდა, ხან ბიძინა ივანიშვილის ზვიგენების ლუკმად გახდომას უწინასწარმეტყველებდა.
„ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ადამიანის გაუბედურებას, რადგან ხაზარაძის ქონება, მინიმუმ, ხუთჯერ გაიზარდა. ეს უმადური მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში“, - ამბობდა სამიოდე წლის წინ სააკაშვილი ხაზარაძის ბრალდების საპასუხოდ, რომ სააკაშვილი ბიზნესმენების განკულაკებას ახდენდა.
უფრო მეტიც, სააკაშვილი მოუწოდებდა საზოგადოებას, ნუ შეიცოდებდნენ ხაზარაძეს, როდესაც „ბოლომდე შეახრამუნებდა ზვიგენთა მფლობელი“.
სააკაშვილის დამოკიდებულებას ხაზარაძის მიმართ მისი კიდევ ერთი ფრაზა გამოხატავდა, რომ ეს „ფულის ტომარა ოლიგარქი ხაზარაძე ხელისუფლებაში შეძრომას ცდილობდა“.
დღეს რა შეიცვალა ხაზარაძე-სააკაშვილის ურთიერთობაში და რაში უნდა აწყობდეს ხაზარაძეს პრეზიდენტყოფილის მხრიდან ქათინაურები?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ხაზარაძის ურთიერთობა პოლიტიკისთვის ტიპურ სიტუაციას ადასტურებს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პოლიტიკოსებს ან ძალიან უყვართ ერთმანეთი, ან ძალიან სძულთ, სინამდვოლეში, რეალური დამოკიდებულებით პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ, არამედ ხელმძღვანელობენ იმით, იმ წუთას რა არის მათთვის სასარგებლო.
„მოცემულ მომენტში სააკაშვილისთვის სასარგებლოა ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, მით უმეტეს, ოპოზიციური ძალა, რომელსაც გარკვეული თანხები აქვს. თანაც, ეს ოპოზიციონერი - მამუკა ხაზარაძე იმ პლატფორმაზე ყოფნას ქადაგებს, რაც სააკაშვილისთვის მისაღებია, თითქოს ეს არის დერუსიფიკაცია. სააკაშვილი სულ იძახდა, რუსეთი მტერია, რუსეთი ცუდიაო და ამ ფონზე ყოველთვის ყიდდა სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთზე. რაც შეეხება ხაზარაძის ახალ თეზისს - „შუა უნდა შეიკრიბოს“, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, „შუა უნდა გაიკრიფოსო“, იგულისხმა, რომ მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის შუალედური პოზიცია არ უნდა არსებობდეს, ყველა უნდა იდგეს ან ერთ, ან მეორე მხარეს. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი წამყვანი მოთხოვნა. ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში პოლიტიკოსები ცდილობენ ხოლმე, იპოვონ პოლუსები და ყველანი შეკრიბონ ამ პოლუსების გარშემო. ახლა სიტუაცია სხვანაირია, რადგან „ქართული ოცნების“ პოლუსი არსებობს და ძალიან დიდი მიზიდულობის ძალა აქვს, ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო ოპოზიციის პოლუსზე შედარებით ცოტა ამომრჩეველია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მანვე განმარტა, რომ ართიმეტიკის დონეზე სააკაშვილისთვის უკვე ცხადი ხდება, რომ ცოტა ამომრჩეველი დასაკარგი არ არის, თითოეულ ხმას ოქროს ფასი აქვს და ეს ხმები უნდა შეიკრიბოს.
„მართალია, სააკაშვილმა თქვა, „შუა უნდა შეიკრიბოსო“, მაგრამ სააკაშვილმა ის იგულისხმა, რომ „შუა ჩემსკენ უნდა წამოვიდესო“. თორემ „შუა შუად დარჩესო“, სააკაშვილს ეს არ უთქვამს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, სააკაშვილი ეშმაკსაც შეეკვრება, ოღონდ თავი დააღწიოს და გამოვიდეს იქიდან, სადაც ის ამჟამად არის გამოკეტილი. ამდენად, ახლა ხაზარაძის მიმართ თბილ ფრაზებს არ იშურებს. თუმცა ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის სააკაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.
„სააკაშვილი როდესაც ხალხს აყაჩაღებდა, ნაძარცვი ქონების „გაპრავებას“ ახდენდა ხაზარაძე, ამისთვის ხაზარაძე იღებდა ე.წ. ბრწყინვალების ორდენებს სწორედ სააკაშვილის მხრიდან. ამიტომ სააკაშვილის რიტორიკა ხაზარაძის მიმართ ბლეფია, მეტი არაფერი, ესენი ერთი მედლის ორი მხარეც არ არიან, ესენი ერთი მედლის წინა მხარეს წარმოადგენენ და ერთსა და იმავე ნაძირლურ საქმეს ემსახურებიან. როდესაც სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“, ეს იმისთვის სჭირდება, რომ რამენაირად თავის დაიხსნას „ვივამედიდან“, რამენაირად გამოვიდეს იქიდან და პოლიტიკურად უბადრუკი ვითომდა პარტიული გაერთიანება მოაწყოს „ლელოსთან“, მაგრამ სააკაშვილს მიმატებული ხაზარაძე ნულს პლუს ნულია“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.