დარჩება, წავა თუ გარიცხავენ? – „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა, დაიშალოს. პარტიის საიუბილეო შეკრებაზე ნიკა მელია და მისი მომხრეები არ იყვნენ, სადაც მას პირდაპირ მიუთითეს, რომ თუ არ აღიარებს იმ მანიფესტს, რომელიც სააკაშვილმა „ვივამედიდან“ 11 პუნქტის სახით გამოაქვეყნა, მაშინ მისი ადგილი პარტიაში არ არის.
ნიკა მელია კი დუმს და უცნობია აპირებს თუ არა ის მანიფესტს შეუერთდეს. სავარაუდოდ, იგი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, რის გამოც ყოფილ თავმჯდომარეს ყოფილმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პარტიის დამფუძნებელი მხარს ლეგიტიმურ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს უჭერს. მათი თქმით, პარტიიდან არავის გარიცხვას არ აპირებენ, მაგრამ ბუნებრივია, მათ თავიანთი გზა ექნებათ - ანუ, ვინც მანიფესტის სულისკვეთებას არ იზიარებს, უნდა წავიდეს.
მანიფესტის ეპილოგში კი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის აღიარებას გულისხმობს, ნიკა მელიას თანამოაზრეებმა დავით კეზერაშვილის ხელწერა ამოიკითხეს და ფიქრობენ, რომ დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ არის, რადგან კონკრეტული ჩანაწერი მისსავე სიტყვებს ეწინააღმდეგება - პოლიტსაბჭოდან გარიყულების დაბრუნების საკითხზე.
არის თუ არა მანიფესტის დამოუკიდებელი ავტორი მიხეილ სააკაშვილი? - შეკითხვას ექსპრეზიდენტის პოზიციების ოფიციალური გამხმოვანებელი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. მელიას გუნდის ეჭვებს სოფო ჯაფარიძე მხოლოდ განსხვავებულ აზრს უწოდებს. მოქმედ მენეჯმენტში კი, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ შერიგების ნაცვლად, ინიციატივა ნიკა მელიას გარიცხვით დასრულდება.
რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობა - ასე ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებული ინიციატივას აქვს. დარწმუნებულები არიან, რომ მანიფესტი პარტიაში განხეთქილებას საბოლოოდ გააფორმებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი მორიგი პოლიტიკური ბოდვაა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევა უკვე დაწყებულია და არ აქვს მნიშვნელობა, ამას ნიკა მელია ბეჭდით თუ ხელმოწერით დაადასტურებს. უახლოეს თვეებში პარტიაში რღვევა კიდევ უფრო გაღრმავდება და პარტიაში გავლენებისთვის და საარჩევნო სიებისთვის ბრძოლა კიდევ უფორ მძიმე სახეს მიიღებს. ამიტომ, ზოგადად, „ნაცმოძრაობაში“ მრავალხელისუფლებიანობაა. სააკაშვილს და ბიძამისს ჰგონიათ, რომ პარტიას მართავენ, თუმცა, რეალურად, პარტიას კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. აქ კიდევ არის გაუგებრობა ნიკა მელიასთან დაკავშირებით რომელ ფლანგზე არის ის, ისევე, როგორც გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს ნიკა გვარამიას. პარტიის შიგნით ტოტალური გაუგებრობაა. ამიტომ, ეს მანიფესტობანა, მხოლოდ მხადამჭერების გამხნევებისთვის არის და არანაირი პოლიტიკური დივიდენდების მომტანი არ არის“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ნიკა მელია კლასიკურად უკვე გასარიცხია პარტიიდან, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას არ ეთანხმება. შესაბამისად, როცა ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაა, მაშინ მელიამ უნდა დატოვოს პარტია. ამიტომ აბაშიძე ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მელია მოაწერს თუ არა ამ მანიფესტს ხელს.
„არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მელიას პარტიიდან ჩამოშორება რა ფორმით მოხდება, ეს იქნება იურიდიულად თუ სხვა ფორმით. ფაქტია, რომ მელიასა და კეზერაშვილს გუნდს შორის უმწვავესი დაპირისპირებაა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს კონფრონტაცია უფრო გამწვავდება. ამიტომ სააკაშვილმა რა მანიფესტებიც არ უნდა წეროს და აქვეყნოს, არ მგონია, რომ რამემ უშველოთ“, - ამბობს აბაშიძე.
თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე კი ამბობს, რომ ის რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირს, დიაგნოზია და 2024 წლის არჩევნებისთვის ეს სიტუაცია უარესი იქნება. ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ფონზე, რაც ახლა ენმ-ში ხდება, არჩევნების წინ მათი გაძლიერება, ან ბლოკებად გაერთიანება, რომელიც აკრძალულია, გამორიცხულია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი არ აქვს, ამიტომ იძულებულები ვართ, მათ წარსულზე ვისაუბროთ. ამ პარტიის გამაერთიანებელი დღემდე რომ სააკაშვილი იქნება, იმ პარტიას რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს?! ასევე მათი დამფინანსებელი ბიუჯეტის და ჯარისკაცების ფულის ქურდი დავით კეზერაშვილია. ამ პარტიის იდეოლოგი ისევ ზურაბ ადეიშვილია, რომელმაც ისეთი კანონები შემოიღო და სისტემა ააგო, რომ ბევრსაც კი შეშურდებოდა.
ასევე ჰყავთ ვანო მერაბიშვილი, რომელიც პირდაპირ მიცვალებულებს ითოხვდა. აწინაურებდა იმ ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად გაგვლახავდნენ და გვცემდნენ. ვის ჰგონია ახლა, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიას მართავს, ან ნიკა მელია როდისმე პარტიაში რაიმე გარდატეხის შემტანი იყო. ამიტომ ამათი მანიფესტები, მასზე ხელის მოწერები და რაღაცა თამაში, მხოლოდ ფარსია. თურმე ახლა კოალიციურ მთავრობას სთავაზობენ ხალხს. ვინ იქნებიან ამ კოალიციურ მთავრობაში, დაშლილი და გაშლილი „ნაცმოძრაობა“, რომელიც საზოგადოებას ატყუებს?!“,-ამბობს ბოჟაძე.