„ნაციონალები“ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის პომპეზურად აღნიშვნისთვის ემზადებიან. ეს თარიღი მხოლოდ მათთვისაა საზეიმო, თორემ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ვარდების რევოლუციის „მონაპოვარი“ უმძიმესად გასახსნელებელია.
ირაკლი კობახიძე ნაცების მხრიდან რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნას თავხედობას უწოდებს. მისი თქმით, ამ რევოლუციამ ადამიანებს მოუტანა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის აზრით, ნაცებმა საკუთარი ცოდვებით მდინარე ერთხელ უკვე დააბინძურეს, ძალიან დიდი ცოდვებით გაავსეს, მეორედ ამ მდინარეში შესვლას ქართველი ხალხი აღარ დააპირებს.
თავის მხრივ, ნაციონალები მიიჩნევენ, რომ მათ უწევთ 11-წლიანი ბრძოლა ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვართან - საქართველოს ევროპულ მომავალთან. მათ უკვირთ, რომ 23 ნოემბერს, ნაცებისთვის საკრალურ დღეს, რატომ ეუბნებიან უარს ფართის დათმობაზე ცალკეული დაწესებულებები, მათ შორის, სპორტის სასახლე. არადა, ამ თარიღს ნაცები დიდ შეკრებას გეგმავენ და მანიფესტს გააცნობენ თავიანთ მომხრეებს. სააკაშვილი სწორედ 23 ნოემბერს აპირებს მეორედ „დაბადებას“, ანუ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად თავის გამოცხადებას. სავარაუდოდ, შემდგომ უკვე სააკაშვილი პრემიერის პოსტისთვის დაიწყებს ბრძოლას. ეს კი ნიშნავს, რომ პრემიერობის მოსურნე გიორგი ვაშაძეს კიდევ ერთხელ მოისვრიან.
რა მოიტანა ვარდების რევოლუციამ, ამის შესახებ არაერთგზის დაწერილა, მაგრამ საინტერესოა, უარყოფითის გარდა რაიმე დადებითი თუ ახსენდებათ ჩვენს რესპონდენტებს?!
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ნებისმიერ რევოლუციას, მათ შორის, ხავერდოვან რევოლუციებს უარყოფითად აფასებს, რადგან როდესაც კონსტიტუციიდან ამოვარდები, არაპროგნოზირებადი მოვლენები ვითარდება. ამიტომ ყოველთვის ჯობია, მოვლენები მიჰყვეს კონსტიტუციას, მით უმეტეს, 6 თვე იყო დარჩენილი და არჩევნების საშუალებით შეიძლებოდა შევარდნაძის გადარჩევა. თუმცა მოვლენები დროში დაჩქარდა და გამზადებული სცენარით მოვიდა სააკაშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ მოვიდოდა სათავეში.
პოლიტოლოგის აზრით, ალბათ, ვარდების რევოლუციამ რაღაც დადებითიც მოიტანა წესრიგის თვალსაზრისით, მაგრამ მანამდე, სანამ მიშა მოვიდოდა, ბევრი რამ ხელოვნურად იყო პროვოცირებული. კერძოდ, შევარდნაძის რეჟიმი ისეთნაირად წარიმართა, რომ ფერადი რევოლუციის მოწყობის მეტი სურვილი გაჩენილიყო. ყველაფერ ცუდში, ალბათ, არის რაღაც კარგიც, თუმცა ფაქტია, საშინელი წლები გავიარეთ.
„ცხადია, წესრიგი, მკაცრი ხელი საჭირო იყო, მაგრამ მიშას რომ პატრიოტული მოტივით ემოქმედა, გაცილებით კარგ შედეგს მოიტანდა. ის ასრულებდა გარეშე ძალების დაკვეთას, განსაკუთრებით, მძიმე იყო მის პერიოდში რეპრესიები ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა, განათლების ე.წ. რეფორმა, საშინელი შედეგებით, სააკაშვილმა არ დაგვაკლო ომი, ტერიტორიები დაკარგა... საბოლოოდ რომ შევაფასოთ, ვარდების რევოლუციამ უარყოფითი შედეგი მოიტანა, ამიტომ სულაც არ ვთვლი, რომ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი უნდა აღინიშნოს. პირადად მეც შავბნელად მახსოვს ეს ყველაფერი, რადგან პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს ორი უნივერსიტეტიდან და რეპრესირებულთა შორის ვიყავი, ამდენად, სულაც არ მეზეიმება მათი რევოლუციის თარიღი. რაც მთავარია, სააკაშვილის სისტემამ ყველა სფეროში არაპროფესიონალიზმი დაამკვიდრა - პოლიტიკაში, განათლებაში“, - იხსენებს თამარ კიკნაძე ჩვენთან საუბრისას.
პოლიტოლოგის შეფასებით, სააკაშვილს თარიღების მიმართ ყოველთვის სენსიტიური დამოკიდებულება ჰქონდა და გარკვეულ თარიღებს ამთხვევდა თავის აქტიურობას, ასეთი იყო რიცხვი 5, ასევე, 23 ნოემბერი, მაგრამ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ არ შედიან, დღესაც ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილს მაღალი რეიტინგი აქვს. ნაწილობრივ, ეს აიხსნება მისი სამარცხვინო ყოფნით „ვივამედში“.
„პირადად მე მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩვენი პრეზიდენტი იყო. ნორმალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და, ღმერთმა დაგვიფაროს, კიდევ შემოვიდეს პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ გარეშე ძალებს უნდათ პოლიტიკაში მისი შემოსვლა, ქართველ ხალხს ეს არ სურს. გარდა ამისა, თვითონ „ნაცმოძრაობაშიც“ შიდა აშლილობაა“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ვარდების რევოლუციამ ერთ-ერთი პირველი, რაც მოგვიტანა, ეს იყო პოლიტიკური გამოცდილება - რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც დასავლეთის დროშას იქნევენ, მაგრამ რუსეთის საქმეს აკეთებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის, 2008 წლის ომზეც თვალი დავხუჭოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი სტრატეგიული ობიექტები აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს გადაეცა. თავი დავანებოთ იმასაც, რომ აგვისტოს ომამდე საქართველოს ტერიტორიები შემოიხაზა ისეთნაირად, კოდორი და ახალგორის ტერიტორია, რომ რაც შეიძლება მეტი წაეღოთ ოკუპაციის შედეგად რუსებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოდორის ხეობის დამცველი „მონადირე“ განაიარაღეს და უსუსური დატოვეს ოკუპანტების წინაშე ეს ხეობა.
„სულაც რომ არ ჩამოვთვალოთ რუსეთისთვის გადაცემული ობიექტები, მარტო ეს ჩამონათვალი მიუთითებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება საქართველოსთვის ცდილობდა, თუ რუსეთისთვის, ეს ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს. ამას ახლდა მძაფრი სიმკაცრე, ციხეებში ხალხის ჩაყრა და დაუნდობელი ხოცვა ქუჩებში. მოსახლეობამ ყველაზე მეტად ეს განიცადა, თუმცა ამ სიმკაცრემ განაპირობა კარგიც - ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდა ხელისუფლების შიშით, თუკი ამას კარგი შეიძლება ეწოდოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხება დღევანდელობას და სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მანიფესტს, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილი აპირებს ბრძოლას, დაე, იბრძოლოს, რადგან „ნაცმოძრაობას“ 20% აქვს გამოკვლევებით, დავუშვათ, რომ 3% აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“, შეიძლება ერთად 25%-მდეც ავიდნენ, თუკი ყველაფერი მათ სასარგებლოდ წავა. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერებმა „ნაცმოძრაობაზე“ უარი თქვან, ერთხანს ასეთი სულისკვეთება ტრიალებდა „სტრატეგია აღმაშენებელში“, პარალელურად, „ნაციონალებმაც“ შეიძლება უარი თქვან „აღმაშენებელზე“, ანუ პარტიების ერთმანეთთან მიყვანა არ ნიშნავს მათი ამომრჩევლების გაერთიანებას. ამდენად, „ნაცები“ მანიფესტს დაწერენ, თუ რას იზამენ, ეს უკვე პოლიტიკის ლირიკაა, სერიოზული მნიშვნელობა მანიფესტს არ აქვს. მით უმეტეს, რომ 12 წელი გადის და „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის სააკაშვილიანად, ახალი არაფერი წამოუყენებია.
ნაც-ამომრჩეველი არის განსაკუთრებული ფენომენი. ესაა ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ხმა და არ აქვს გონება.
მთელი მათი აზროვნება ქაჩავს მხოლოდ ორ სიტყვამდე - ,,მიშა მაგარია".
ნუ, უფრო მამალი ნაცებისთვის - არა არს პოლიტიკოსი თვინიერ მიშასი და პეტრე, ივანე არიან მოწაფეები მისი.