პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკვე მკაცრად აფრთხილებენ, რომ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, შეიძლება თავად მიუჯდეს ექსპრეზიდენტს „ვივამედში“.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი უკვე მერამდენედ უგზავნის მოქმედ პრეზიდენტს მესიჯს, რომ თეორიულად, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების შემთხვევაში, ისიც „ვივამედში“ დაჯდება სააკაშვილთან ერთად, როგორც მინიმუმ, იმიტომ, რომ საერთაშორისო და ქართულმა სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშვილმა შექმნა დამნაშავე რეჟიმი.
„სამწუხაროდ, ათასობით ოჯახია გაუბედურებული. ახლა რომ ეუბნება პრეზიდენტს, მამა დაუბრუნე შვილებსო, მამა ცოცხლად ენატრებოდათ შვილებს, ზოგს მოუკლა, ზოგს დაუხვრიტა, იქ კი არ იყვნენ გამოკეტილი ოროთახიან ლუქსში“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პარალელურად, ზურაბიშვილზე გარე და შიდა ძალები ერთნაირად მოქმედებენ და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. თავისუფლებას ითხოვს მიხეილ სააკაშვილიც, როგორც მამა.
„ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, - ასეთია „ვივამედის“ პაციენტის სურვილი.
მამის ცოცხლად დაბრუნებას აღარ ელის გიორგი ზერეკიძე, „ნაციონალების“ დროს 14 წლის ასაკში დაკავებული ახალგაზრდა, რომლის მამაც, ასევე, სააკაშვილის დროს დაკავებული მამუკა ზერეკიძეც მაშინდელმა რეჟიმმა ციხეში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილად გამოაცხადა. თუმცა მამუკა ზერეკიძის ცხედრისთვის ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო დენის დარტყმის კვალი არსად ჩანდა.
„შენს შვილებს, ადრე თუ გვიან, დაუბრუნდებათ მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასდროს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, რადგან შენ ისინი მოკალი“, - წერს გიორგი ზერეკიძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განაცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის, რომელიც თავად გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იცილებს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის ხელშია და ამის შესახებ მას სათქმელი არაფერი აქვს.
დავით მათიკაშვილიც აფრთხილებს პრეზიდენტს, რომ შეწყალების შემთხვევაში, სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამოზიარე გახდება.
თეა წულუკიანის აზრით, მოქმედი პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში და შეიწყალოს სააკაშვილი, ამით საკუთარ თავს დაუსვამს წერტილს.
ერთ-ერთი საქმე, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო, ის იყო, რომ მან, პრეზიდენტობის დროს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ოთხი ადამიანი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა. გამოძიების მტკიცებით, სააკაშვილმა კუდის მაშინდელ უფროსს დათა ახალაიას გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ ეს პირობა შეასრულა. ამით სააკაშვილმა შექმნა სამართლებრივი ბერკეტი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.
როგორ ბერკეტს ქმნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილთან მიმართებით და რას ნიშნავს გაფრთხილება, რომ შეიძლება ოდესმე ზურაბიშვილი „ვივამედის“ ურჩ პაციენტს მიუჯდეს გვერდში?!
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს არ უკვირს, რომ უკანონო შეწყალების გამო პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოდესმე შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, რადგან ამ ტიპის საფრთხეები ზურაბიშვილის სახელს უკვე უკავშირდება.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა საქმეები საეჭვო შეწყალებებსაც მოიცავს, ამდენად, ერთით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამის მიუხედავად, არა მგონია, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს, თანაც, რომც შეიწყალოს, სააკაშვილის სახელს კიდევ სხვა საქმეები უკავშირდება და სააკაშვილი მაინც ვერ გათავისუფლდება. ასე რომ, ეს შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილს მხოლოდ ქულის დასაწერად გამოადგება სააკაშვილის ქართველი, ან უცხოელი მხარდამჭერების წინაშე. სხვა შედეგი სააკაშვილის შეწყალებას არ ექნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არასწორია გურამ მაჭარაშვილის შეფასება, რომ ზურაბიშვილი შეიძლება „ვივამედის“ პაციენტის გვერდით აღმოჩნდეს, რადგან შეწყალება ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი. ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. თუმცა პოლიტიკურად რამდენად სწორი იქნება სააკაშვილის შეწყალება, ეს უკვე სხვა საკითხია.
„გააჩნია, რას აპირებს ზურაბიშვილი, მაინც მგონია, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამს და სააკაშვილს არ შეიწყალებს. რომც შეიწყალოს, ეს არაფერს შეცვლის. სააკაშვილი დარჩება „ვივამედში“, გადაიყვანენ ციხეში, თუ გამოვა გარეთ, იქნება თბილისში, თუ სადმე სხვაგან, ეს ძალთა განლაგებასა და ელექტორატის რაიმე დიდ გადანაწილებაზე არ აისახება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების მსგავსად, ზურაბიშვილსაც ხომ არ გაუხსენებენ საეჭვო შეწყალებებს, აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე სააკაშვილის მიმართ, მართალია, საქმე აღიძრა, მაგრამ იქ სხვა რამეზე იყო ლაპარაკი, რომ ეს დანაშაული მათ საკუთარ თავზე აიღეს და ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული, ანუ შეწყალების პირობა ის იყო, რომ ისინი თავის თავზე აიღებდნენ დანაშაულს, რაც ასეც მოხდა.
თუ ზურაბიშვილის მიმართაც კითხვა გაჩნდება სააკაშვილის კონტექსტში, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დაამტკიცებენ, რომ უკრაინიდან სააკაშვილის ჩამოსვლა ზურაბიშვილთან იყო შეთანხმებული, რომ მიშა ჩაჯდებოდა ციხეში, მერე ზურაბიშვილი შეიწყალებდა, რაც, ცხადია, ზღაპარია.