„კაგებეს აქვს ერთი, შესასვლელი კარი და იქედან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამოდიან - კაგებეს გენერალი ალასანია დავალების გარეშე ამ განცხადებას არ გააკეთებდა“

„კაგებეს აქვს ერთი, შესასვლელი კარი და იქედან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამოდიან - კაგებეს გენერალი ალასანია დავალების გარეშე ამ განცხადებას არ გააკეთებდა“

თემურ ალასანიას ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა არ მოსწონს. ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძამ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. ალასანია ამბობს, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

„დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რა საკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება? - არ მოხდება“, - მიიჩნევს თემურ ალასანია.

ალასანიას ამ რადიკალურ განცხადებას ვერ გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შეეცადნენ განცხადების შერბილებას. პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნელი, მტკიცე, მეთოდური ნაბიჯებით შესაძლებელია ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება.

„მშვიდობიანი გზით არის ოკუპირებული ტერიტორიები აუცილებლად დასაბრუნებელი, მტკიცე, მშვიდობიანი პოლიტიკური, პრაგმატული მიდგომებით. როდესაც დევნილი მოსახლეობა უკან დაბრუნდება, არჩევნების შედეგად მოვა ის ძალაუფლება, რომელიც კეთილგანწყობილი იქნება თბილისის მიმართ. რა გახლეჩილი საქართველო, სად არის გახლეჩილი საქართველო?! პოლარიზებული საქართველო ურჩევნია? თემურ ალასანია კონკრეტულ, თავის პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და მე მეკითხებით? შეეკითხეთ იმ ადამიანს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თემურ ალასანია არ არის პოლიტიკოსი და არც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი. „არც ვიცი, რა განცხადებაზეა საუბარი, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ალასანიას განცხადებას ემიჯნება „გირჩი“. იაგო ხვიჩიამ არ იცის, თემურ ალასანია რა მოტივით საუბრობს, თუმცა მისი თქმით, საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ რევანშისტები, ხალხი, რომელიც ყურადღების მიქცევას იარაღის ჟღარუნით ცდილობს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თემურ ალასანიას განცხადება ნიშნავს საქართველოსთვის ფართომასშტაბიან ომს, რაც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც იყო 2008 წელს, თუმცა მისი თქმით, ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია და ვერც მისი დის შვილი. კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია და „ქართული ოცნების“ სულისკვეთებაც ეს არის.

„მისმა დისშვილმა ერთხელ სცადა ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ალსანიას და მისი დის შვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამით არიან გაღიზიანებული. ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე, საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ალასანიას რიტორიკას უწუნებენ და საკუთარ ბიოგრაფიას ახსენებენ ანალიტიკოსები. როგორც ვაჟა ბერიძე ამბობს, თემურ ალასანიას საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მოღვაწეობა საბჭოთა სპეცსამსახურებიდან დაიწყო და მთელი ცხოვრება საქართველოს გარეთ საქმიანობს. ანალიტიკოსის განცხადებით, მას აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის პატრიოტი და ჭირისუფალი. მათ შორის უფლება აქვს, ჰქონდეს ის მოსაზრება, რომ ჩვენ მშვიდობინი გზით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და უნდა დავიბრუნოთ ომით. როგორც ბერიძე ამბობს, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის ალასანიას მხრიდან, მაგრამ ამაზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს.

„საყურადღებო განცხადებაა, რამდენადაც ის არის ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, რომელიც აქ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვაში, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი. აქვს ეს მოსაზრებები და ჰქონდეს, მაგრამ მეორეა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენად გვაქვს ძალა და საშაუალება იმისა, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ ომით, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ჩვენ უნდა ვეომოთ რუსეთს და მარტივია, რომ უკრაინის ომის პარალელურად ვაწარმოოთ ომი? ეს ომი ავანტურას უფრო დაემსგავსება, ვიდრე კარგად დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებს. თუ ამ ქვეყნის მტერი ხარ, ნებისმიერ ავანტურაზე შეიძლება წახვიდე და ამის კლასიკური მაგალითია 2008 წლის ომი“, - აცხადებს ბერიძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. შესაბამისად, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საუკეთესო გზა არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა.

„ვერანაირი გზა და საშუალება, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ვერ იპოვეს, არ არსებობს. იმიტომ, რომ ელექტორატის 60%-ზე მეტი ცალსახად განწყობილია ნაციონალების და მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. ამიტომ, იქნება-და ხალხის ქუჩაში გამოყვანით იქნას შედეგი მიღწეული. ომით რომ შეცვალონ პოლიტიკურ ძალთა განლაგება, აი, ამას ებღაუჭებიან. შესაბამისად, ეს ბატონიც ამ შეხედულების მატარებელია. საუბარი იმაზე, რომ ახლა ჩვენ უნდა შევიჭრათ სამაჩაბლოში, აფხაზეთში და შეიარაღებული ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, სახიფათოა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ალასანიას განცხადებაში რამდენიმე ტიპის დანაშაულია ჩადებული და თვლის, რომ ამ განცხადებაში ღიად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ მისწრაფება ომისკენ.

„უკრაინის ომზეც ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები აკეთებდნენ მინიშნებას, ზოგი პირდაპირ ამბობდა, რომ თავმოყვარე ერი უნდა ჩაებას ომში. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, უკრაინის ხაზმა არ გაამართლა და, რა თქმა უნდა, მეორე და მესამე ვერსიის სცენარი იქნება ამ ტერიტორიებში შესვლა. თავად უკრაინელებიც ხომ მაგას გვეუბნებოდნენ, რომ აი, რუსეთემა ჩვენსკენ გადამოისროლა მთელი ძალები, თქვენთან არ ეყოლება სამხედრო შენაერთები და შედით აფხაზეთში და ოსეთშიო. პირდაპირ გვითითებდნენ ამაზე.

ალასანიას ამ მოწოდებებში რამდენიმე ტიპის დანაშაული არის ჩადებული. ჯერ ერთი, რომ მსოფლიოს არ ახსოვს მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ტყუილი. თოფის გასროლის გარეშე გაერთიანდა ორი გერმანია. თუკი ხელშემწყობი პირობები იქნა, რა თქმა უნდა, შეიძლება ყოველგვარი კონფლიქტის მოგვარება. ამიტომ, თემურ ალასანიას ეს მოწოდება საქართველოსთვის სახიფათო მოწოდებაა. იმიტომ, რომ ისევ ხალხთა შორის - აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირებას ისახავას მიზანად და ეს დანაშაულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, თემურ ალასანია ახმაურებს იგივე პოზიციას, რა პოზიციაც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას ცხინვალთან და აფხაზეთთან მიმართებაში, როდესაც თამაშობდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ თითქოსდა არ აპირებდნენ ძალის გამოყენებას, ხოლო სინამდვილეში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა სამხედრო ძალის გამოყენებით გადაეწყვიტათ.

„ამას ემსახურებოდა კოდორის ხეობაში საჯარისო ფორმირებების შეყვანა, მანამდე ცხინვალში 2004 წელს დაწყებული სამხედრო ავანტურა, რომელიც ჩაუვარდათ ძალიან სამარცხვინოდ. აფხაზებისგან წამოუსლი ინიციატივა იმაზე, რომ დაძაბულობა რამენაირად შენელებულიყო, თბილისში ატყდებოდა წინააღმდეგობა. ხომ გახსოვთ ბაღაფშის წინადადება - „გასაღები მშვიდობისთვის“ რომელიც უარყო საქართველოს ხელისუფლებამ.

სხვათა შორის, ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ჩასული აფხაზებთან, მათგან წამოიღო წინადადებები, რომ შექმნილიყო ქართულ-აფხაზური ერთობლივი ჯგუფი, რომელიც დააკვირდებოდა კოდორის ხეობაში არსებულ სიტუაციას, არ შექმნილიყო ისეთი ვითარება, რომელიც სამხედრო საფრთხეს შეუქმნიდა აფხაზებს. მოგეხსენებათ, რომ კოდორი თავისი სტრატეგიული სიმაღლეებით ძალიან კარგი პლაცდარმი არის აფხაზეთზე სამხედრო იერიშის მისატანად“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ალასანიას ეს განცხადება ნაკარნახევია იმითაც, რომ ნახა, როგორ მოახდინა აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ნახა ეს 25-წლიან სამშვიდობო მოლაპარაკება არაფერს იძლეოდა. გაიჩინა ძლიერი მოკავშირე თურქეთის სახით, მეტ-ნაკლებად დაალაგა ურთიერთობა რუსეთთან, რომ არ ჩარეულიყო, თანაც ისარგებლა იმით, რომ რუსეთი უკამყოფილო იყო ფაშინიანის ხელისუფლებით. მომენტი დაიჭირა და მიაღწია კიდეც მიზანს. ჩვენთან მიმართებაში სიტუაცია სხვაგვარია. საქართველომ რომ დაიწყოს სამხედრო მოქმედებები, ამას სხვანაირი რეაქცია მოჰყვება. ეს არ იქნება იმავე სცენარის გამეორება, რაც, დავუშვათ, ყარაბაღში მოხდა და ამიტომ არის სახიფათო.

პრინციპში, რაც თემურ ალასანიამ თქვა, იგივეს მოგვიწოდებდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები. თუ საქართველო დაიწყებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცხინვალსა და აფხაზეში და მეორე ფრონტს გახსნის რუსეთის წინააღმდეგ, ეს მათ დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ჩვენც დაგვეხმარებაო. ამიტომ, ეს მიდგომა, რომ საქართველოს უბიძგონ სამხედრო გზით შეეცადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც ჩანს, მართლა არსებობს ვიღაც-ვიღაცების თავებში. ასევე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც აქვს თავისი ლიმიტი. ისინი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს უშუალოდ ომის დაწყებას, მაგრამ როდესაც არის იმის განცდა, რომ საერთაშორისო თანმეგობრობა მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაღაც მომენტში მან შეიძლება გონივრული დოზით მხარი დაუჭიროს სამხედრო კომპონენტის გამოყენებას, ეს რაღაცა დოზით ცივი შხაპივით მოქმედებს იმ სეპარატისტულ რეჟიმებზე, რომლებმაც ეს ტერიტორიები ძალით მიიტაცეს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი სააკაშვილთან ერთად თემურ ალასანიას გასამართლებას ითხოვს, იმ სიტყვებისთვის, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა სააკაშვილთან საუბარში და ახლა, რაც იკადრა საქართველოს მოქალაქეების - აფხაზებისა და ოსების მიმართ. მეტიც, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ალასანიას ოჯახი ჩართულია იარაღის კონტრაბანდაში.

„ამბობენ და ეს ასეც არის - იმ ორგანოს, რომელშიც მუშაობდა და დარწმუნებული ვარ ახლაც მუშაობს თემურ ალასანია, აქვს ერთი შესასვლელი კარი, რომელსაც ჰქვია კაგებე. შედიან იმ კარებში და იქედან შემდეგ გამოდიან მხოლოდ ერთხელ და ეს არის გარდაცვალება. წინააღმდეგ შემთხვევში მთელი ცხოვრების მანძილზე რჩებიან იქ. თემურ ალასანია არ არის კაგებეს რიგითი, ეს არის კაგებეს გენერალი. ის დავალების გარეშე არც ერთ შემთხვევაში ამ განცხადებას არ გააკეთებდა.

რა არის გასაკვირი? არსებობს მსოფლიოში ისეთი ძალები, რომლებიც მოწოდებული არიან ომზე, სწორედ მათ ინტერესებს წარმოადგენს თემურ ალასანია, იქედან გამომდინარე, რომ ამ ომის შედეგად უსაშველოდ მდიდრდება და ამბობენ, რომ თემურ ალასანიას და მის ოჯახს ძალიან დიდი წილები აქვს მსოფლიო იარაღის ვაჭრობაში. ამიტომ შემთხვევით არ ლაპარაკობს იმას, რასაც ლაპარაკობს.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ „ნაცმოძრაობა“ და მისი ხროვა სააკაშვილისა და ალასანია ხელმძღვანელობით რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, არა მარტო აქ დააყენებენ სისხლის გუბეებს, არამედ დაუფიქრებლად შეიჭრებიან ოკუპირებულ ტერიტორებზე. ესენი არიან სისხლიანი ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს ითხოვენ სისხლს, რათა სისხლზე მოხდეს მათი გამდიდრება. ეს არის ამათი მთელი ფილოსფია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.