გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო? - ჰკითხა პარლამენტში მისულ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა.
„სასწაული უკვე მოხდა – კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს, პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და, როდესაც ექიმებისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.
„მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები ვართ, ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული. როგორ მოგეხსენებათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის გაუმჯობესების და მისი პოლიტიკური განცხადებების მიუხედავად, ახლა არ არის იმის დრო, რომ მისი ციხეში გადაყვანა მოხდეს.
„იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სამომავლო გეგმებს აწყობს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს და დატოვოს იქ, სადაც არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის თემა ისევ აქტუალური ხელოვნურად არ გახადოს. მის მიმართ ხელისუფლების უყურადღებობა უფრო არ მისცემს საბაბს მის მომხრეებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, რომ „ოცნებას“ ხელახალი პრობლემები შეუქმნას.
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს ბრძოლა მოიგო და სააკაშვილის ცუდად ყოფნის ამბავი აქტუალური აღარ არის. როგორც კი მას ციხეში გადაიყვანენ, ის ამის აქტუალიზებას დაიწყებს. ისევ დაიწყება ევროპიდან და დასავლეთიდან კრიტიკა, რაც ახლა „ოცნებას“ არაფერში არ აწყობს. ამას სააკაშვილი უფრო სათავისოდ გამოიყენებს და პოლიტიკურად მისი კვლავ რეინკარნაცია მოხდება. ის სწორედ ამას ცდილობს. ხელისუფლებას ახასიათებს ხოლმე ასეთ რამ - როცა პრობლემა არ აქვს, მის ძალით პოვნას ცდილობს. სააკაშვილის ციხეში გადაყვანა სწორედ ასეთი ამბავი იქნება. აუტკივარ თავს ისევ ხელახლა აიტკიებენ“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება იმას, აზიანებს თუ არა ხელისუფლებას ეს ფაქტი საკუთარ ამომრჩევლებში, საყვარელიძე ფიქრობს, რომ - არა, რადგან მისი ციხეში გადაყვანა უფორ მეტ თავის ტკივილს გაუჩენს ხელისუფლებას, ვიდრე მისი არაფრად ჩაგდება. რაც უფრო არ მიაქცევენ ყურადღებს, მისი პერსონა მით უფრო სასაცილო და არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიგურა უკვე იმდენად გაცვდა, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, აღარც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებისთვის და აღარც „ოცნებისთვის“, ის სად იქნება. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ენმ და „ოცნება“ ორივე საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს.
„არ მგონია, რომ ახლა ხელისუფლებისთვის სააკაშვილი რამე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდეს. თუ უნდათ ციხეში ეყოლებათ და თუ უნდათ საავადმყოფოდან გადაიყვანენ. ვფიქრობ, ის როგორც „ბულკი“ სათამაშო, ისე ჰყავთ ხელში. სააკაშვილი საშიშროებას აღარ წარმოადგენს, რადგან საკუთარი თავი თავად გააუფასურა, როცა ხან ცუდად იყო და ხან კარგად. ჯერ კაცი კვდებოდა და ახლა გადმოდგა და იძახის პრემიერობის კანდიდატი უნდა ვიყოვო. მერე ამბობს - „ნაცმოძრაობის“ რაღაცა საბჭოს თავმჯდომარეო.
ახლა, მის ნათქვამს ვინ დაიჯერებს?! ამიტომ, არ მგონია ხვალვე ციხეში რომ გადაიყვანონ, ამით რაიმე პრობლემა შეუქმნას ხელისუფლებას. ორივე პარტიისთვის, პიარის მხრივ, ძალიან კარგი თემაა - გათენდება - სააკაშვილი, დაღამადება - სააკაშვილი, მორჩა, ოპოზიცია სხვა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის. ხელისუფლებასაც ხომ ეს უნდა, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს. სხვა თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება. რა უნდა ქნას „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა, როცა პარტიაში თავად არ იციან, ვინ სად მიდის და ვინ სად რჩება. ამიტომ სააკაშვილი კარგი პოლიტიკური სათამაშო გახდა. მგონია თუ ხელისუფლებას დასჭირდება, მას ცხიდანაც კი გამოუშვებენ“,-ამბობს ძაბირაძე.