„თემურ ალასანია რასაც ლაპარაკობს, თუ ეს რეალობაა, მაშინ 2008- დან 2012 წლამდე, სანამ „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, რატომ არ დაიბრუნეს ომით აფხაზეთი და სამაჩაბლო?!“

„თემურ ალასანია რასაც ლაპარაკობს, თუ ეს რეალობაა, მაშინ 2008- დან 2012 წლამდე, სანამ „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, რატომ არ დაიბრუნეს ომით აფხაზეთი და სამაჩაბლო?!“

სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ქართველებს „ავანტყოფ“ ერს უწოდებს და ამ „ავანტყოფ“ ერში რევოლუციური ახალგაზრდების გააქტიურებას გეგმავს, ამჯერად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების „რევოლუციურ“ მიგნებაზე ალაპარაკდა. ალასანიამ ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრისას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან, ასევე, მეორე უცნაური თეზისიც შემოგვთავაზა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს თემურ ალასანიას კომენტირებას იმ მოტივით, რომ მისი სპიკერი არაა, სამაგიეროდ, მმართველი გუნდი ალასანიას წამოცდენას შემთხვევითობად არ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თქმით, თემურ ალასანიას განცხადება ადასტურებს, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება საშიშია.

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ალასანიას და მის დის შვილს საქართველოში იმ უბედურების გამეორება უნდათ, რაც 2008 წელს დამართეს ქვეყანას.

დავით მათიკაშვილი თემურ ალასანიას განცხადებაში ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებებთან მსგავსებას ხედავს. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სააკაშვილის ბიძას მიმართავს, რომ დასრულდა ის დრო, როცა ბიძია თემურის ბრძანებით საქართველოს ომში ჩართვა ხდებოდა.

„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას უჭირს იმის ახსნა, რა მოტივით საუბრობს თემურ ალასანია ამ კონტექსტში, მაგრამ ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ყოველთვის არსებობენ რევანშისტები, რომლებიც ყურადღების მიპყრობას იარაღის ჟღარუნით ცდილობენ.

რას უკავშირდება თემურ ალასანიას მორიგი სკანდალური განცხადება?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ თვლის, რომ თემურ ალასანიას გზავნილი რეალურია, გარკვეული ადამიანებისთვის შეიძლება ასეთი მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ ეს არ შეესაბამება რეალობას. მით უმეტეს, როცა საუბრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა ომის გარეშე დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, მართალია, ცალკეული ადამიანები გვარწმუნებენ, თითქოს მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ, სინამდვილეში, არსებობს ასეთი პრეცედენტი და არც თუ შორეულ წარსულში.

„30 წლის წინ მოხდა გერმანიის გაერთიანება ყოველგვარი ომების გარეშე. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, თითქოს ასეთი პრეცედენტები არ არსებობს, არასწორია. ცხადია, ხელისუფლება თემურ ალასანიას ნათქვამს გამოიყენებდა, რადგან ოპონენტები ამის გამოყენების საშუალებას აძლევენ. ამიტომაც გვესმის, „ნაცმოძრაობა“ თუ მოვა ხელისუფლებაში, ისევ ომი იქნებაო. თემურ ალასანია რასაც ლაპარაკობს, თუ ეს რეალობაა, მაშინ 2008 წლიდან 2012 წლამდე, სანამ „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, რატომ არ დაიბრუნეს ომით აფხაზეთი და სამაჩაბლო?! სხვას რომ ახლა მოუწოდებს თემურ ალასანია?!“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ყარაბაღის ომის პრეცედენტს, რომელსაც ხშირად იშველიებენ აფხაზეთისა და ცხინვალის დასაბრუნებლად, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ ომთან პარალელის გავლება არასწორია, რადგან ყარაბაღის პრობლემა ორ რესპუბლიკას შორის მიმდინარეობდა. სანამ რუსეთი მხარს უჭერდა სომხეთს, მანამ ეს პრობლემა არ გადაწყდა და არ მოგვარდა, ხოლო როდესაც რუსეთმა ხელი დაიბანა და მარტო დატოვა სომხეთი თურქეთთან აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მაშინ, რა თქმა უნდა, პრობლემა მოგვარდა.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინა წარმატებას მიაღწევს და სერიოზულად დადგება აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი, მაშინ ჩვენც ყოველგვარი ომის გარეშე დროებით დაკარგული ტერიტორიებს დავიბრუნებთ. პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ საქართველო ასეთ სასურველ სიტუაციაში ნამდვილად აღმოჩნდება.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ თემურ ალასანიას რიტორიკა დროებით დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შესახებ დამღუპველია საქართველოსთვის. პოლიტოლოგის აზრით, ალბათ, ამ შემთხვევაშიც, თემურ ალასანია გარკვეული სპეცსამსახურების დავალებას ასრულებს და არ აინტერესებს, რომ, ომის შემთხვევაში, საქართველომ შეიძლება საერთოდ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა.

„არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა ავყვეთ თემურ ალასანიას რიტორიკას, რადგან სააკაშვილმა თავისი ქმედებებით საქართველო უკან დაწია, ახლა რაღაც შანსები არის, რომ პროგრესულად განვითარდეს მოვლენები, თუკი ჩვენ ეროვნული ინტერესების დაცვას მივყვებით, მაგრამ სააკაშვილი, მისი გუნდი, მისი ბიძა - მთელი ეს „კამანდა“, საქართველოსთვის კეთილდღეობის მომტანი არ არის, ამიტომ ხელისუფლებაში ისინი არ უნდა მოვიდნენ“, - აცხადებს თამარ კიკნაძე for.ge- სთან საუბრისას და განმარტავს, რომ ყარაბაღის მოვლენების საქართველოში გადმოტანა არ გამოვა, ჩვენმა ხალხმა იმდენი უბედურება და უსიამოვნება იწვნია ნაციონალების ხელში, რომ აღარ არიან ისეთი არიფები, როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს. ამიტომ ალასანია-სააკაშვილებს ჩვენი ხალხის დაბოლება არ გამოუვათ.