15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად უნდა მიანიჭოს. ამის შემდეგ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას. როგორც ჩანს, ეს გზა რთული და ამავე დროს ხანგრძლივი სავალია. საქართველოს კონკრეტული რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი, რომ ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროკომისიამ ხელისუფლებას 9 პირობა დაუწესა. მათგან რამდენიმე ახალია, მათ შორისაა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობა და, რა თქმა უნდა, - დეპოლარიზაცია.
მიუხედად რეკომენდაციებისა, რადიკალური ოპოზიცია მზად არ არის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს სამუშაო პროცესი. კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა. როგორც ჩანს, ოპოზიციის გეგმა უცვლელია - პროცესების რადიკალიზაცია. მმართველ პარტიას არ აქვს იმედი, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, შეძლეს ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად იქცა.
„საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გასულ წელს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო. იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი კი, ქართველ ხალხს მიმართავს, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც თავად მიყვება და ფიქრობს, რომ საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საბოლოოდ, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია.
„ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა.
საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან - 76%-მდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის მიზანი არ არის დეპოლარიზაცია, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსებიც და საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან, ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ, რადგან ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით სპეკულაციების მოწყობას ცდილობენ. ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ერთია, რას ამბობს დესტრუქციული ოპოზიცია, რა მავნებლურ გზავნილებს აგზავნის საზოგადოებაში, მაგრამ მეორეა რას ამბობენ ევროპელი ლიდერები, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
„საქართველო საკუთარი რეფორმატიული გზით იმსახურებს, რომ ევროპულმა საბჭომ 15 დეკემბერს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, უკვე ოფიციალურად. მაგრამ შეკითხვა, რომელიც საზოგადოებაში არის აქტუალური, რა უნდა ოპოზიციას - პასუხგაცემულია ამ ოპოზიციისვე განცხადებებით და ქმედებებით, რასაც ჰქვია მუდმივად ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, მათ არ ახარებთ არც ერთ წარმატება, რომელსაც ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება აღწევს. ცდილობენ დეზინფორმაციით, მანიპულაციით და სხვადასხვა ხრიკებით როგორმე საქართველომ გადაუხვიოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითრების გზიდან“, - აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება დეპოლარიზაციას, მისი თქმით, როდესაც ასეთი რადიკალები და სახელმწიფოს მტრები არიან პოლიტიკურ ველზე, მათთან რაღაცა კონსტრუქციულზე საუბარი, შეუძლებელია.
„ერთი, რომ არიან დესტრუქციულები, მეორე, რომ მათ აკლიათ პროფესიონალიზმი დარგობრივ ცოდნაში და არიან გაუნათლებები. ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ ხაბეიშვილს ან მის გარემოცვას სერიოზულად დაელაპარაკო საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციაზე, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობაზე და ა.შ. მათ აქვთ ფარატინა, გახუნებული ლოზუნგები, „რუსული ოცნება“, „რუსული ხელისუფლება“, დაგამხობთ და ა.შ. მათ საზოგადეობისთვის არ შეუთავაზებიათ არაფერი ისეთი არსებითი შინაარსობრივი პროექტი ან პროგრამა, რითაც დააინტერესებდნენ თუნდაც დამატებით ამომრჩეველს.
ნებისმიერი პოლიტიკური პარტია არჩევნებამდე იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია მოიზიდოს სხვადასხვა არაპოპულისტური პროგრამების წარდგენით და საბოლოო ჯამში, ამომრჩეველი წყვეტს საარჩევნო უბანზე. ამიტომ, დეპოლარიზაციის მოწოდება იქნება ევროპიდან, ამერიკიდან, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და ა.შ. ეს არის შეუძლებელი“, - ამბობს ანალიტიკოსი.
როგორც აბაშიძე ამბობს, ანალოგიური ვითრებაა ამერიკაში, ევროპაში, სადაც ერთმანეთს დაპირისპირებული არიან კონსერვატორები და ლიბერალები, რაც მისი თქმით, გლობალური სენია და ასეთი დეპოლარიზაციული ექსპერიმენტის ჩატარება საქართველოში ძალიან ფუჭია და არაფრის მომტანია არსებული რეალობიდან გამომდინარე.
„ჩვენ არაერთგზის ვიხილეთ თუნდაც ევროკომისიის რეკომენდაციამდე, როგორ იმუქრებოდნენ ეს ნაცმარგინალები, მათ შორის ერთ-ერთი იყო ის ბოროტი კლოუნი, რომელსაც ჰქვია გიორგი ვაშაძე, რომელმაც იარაღის გამოყენებაზეც კი გააკეთა პირდაპირი მინიშნება. აქ არაფერი არ არის გასაკვირი. ჩვენ ვიხილეთ 7-8 მარტს როგორ წააქეზა ოპოზიციამ პარლამენტის შტურმზე საკუთარი აქტივისტები და როგორ წააქეზა ამ დესტრუქციულმა ძალამ პოლიციელებზე თავდასხმისთვის. აი, ეს არის მათი სახე. ეს ხდება კრიმინალი სააკაშვილის კარნახით და დირექტივით, რომელიც რატომღაც ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ კუთვნილ სატუსაღოში. ის პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია ამ მხრივ და დიდი ხანია საჯარო დირექტივებს იძლევა სოციალური ქსელიდან. მაგრამ აქ მთვარი რა არის - საზოგადოებამ დიდი ხანია გაიგო რაში მდგომარეობს ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ ეს არის უწინარესად რევანშიზმი. ხელისუფლებაში, თუნდაც ჰიპოტეტური დაბრუნების შემთხვევაში, ეს რევანშიზმი გამოიხატება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რეპრესიებით და ამას ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ე.წ. შავი სიებით, რომელსაც წლიდან წლამდე ადგენენ, განსაკუთრებით აქტიურდებიან ხოლმე წინასაახალწლოდ ან რელიგიური დღესასწაულების წინ.
ახლა რუსულ ფულზე დამოკიდებულებმა შექმნეს ე.წ. საიტი mona.ge, სადაც ვინც კი ღირსეული ადამიანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, „ქართული ოცნების“ შემომწირველები, სუს-ის წარმომადგენლები, პოლიციელები შეჰყავთ ე.წ. შავ სიაში, რაც ტრაგიკომიკურია. ის გეგმა, რომელიც მათ აქვთ ჩაფიქრებული - თითქოს 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ და შემდეგ დაიწყებენ მასობრივ რეპრესიებს, რასაკვირველია, მორიგ ჯერზე ჩაუვარდებათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
მე მგონია, რომ მათ იყენებენ ანტიქართული საქმეებისთვის, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ რუსეთზე დამოკიდებული... ჯერ იყო ენერგეტიკაში და ეხლა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღია კარის მტვრევა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით...