ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ქართულ სოციოლოგიას არ აღიარებს და თვლის, რომ სოციოლოგია, როგორც საშუალება საზოგადოებრივი აზრის კვლევისა, საქართველოში არ არსებობს. მისი თქმით, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევის კომპანიები, უადგილოა არსებული კვლევის შედეგებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სოციოლოგები არიან საკმაოდ კვალიფიციურები. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენის კიდევ ერთი შანსი აქვს, რადგან, ასეთია ქართული საზოგადოების დღევანდელი განწყობა.
for.ge ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
ბატონო ვაჟა, როგორ შეიძლება აიხნას რუსეთის გადაწყვეტილება, როდესაც აფხაზეთს უარი უთხრა ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე?
ვაჟა ბერიძე: ჩვენთვის ისევ და ისევ რუსეთის გავლენის ხარისხის ყურადღების მიდევნება იქნება აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი. რუსებს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული თავის ტკივილი აქვთ უკრაინაში შეჭრით და ომის წარმოებით, როგორც კი სულს მოითქვამენ, იმ წუთში ისევ მარწუხებს მოუჭერენ აფხაზურ ელიტას, რომლის ამბიციები ხშირად საკმაოდ უნიადაგოა და ჯერ კიდევ ღრმა სეპარატისტული მისწრაფებებით გამოირჩევა, რომელიც ძირითადად, მითებზე და ლენგენდებზეა დაფუძნებული და არა წარსულის თუ დღევანდელობის რეალისტურ აღქმაზე. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი რაიმე მნიშვნელოვანის მანიშნებელია.
დავუშვათ და, ვიფიქროთ, რომ აი, რუსეთმა გადაწყვიტა სიტუაციის შეცვლა აფხაზეთში, რადგან ჩვენი ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს და თითქოსდა აქ სიტუაცია რუსეთისთვის სასიკეთოდ შეიცვლება, არც მაგისი რესურსი არ აქვთ, არც პოლიტიკური და არც ინტელექტუალური, რომ მოიქცნენ გონივრულად და ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აღადგინონ და ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებას მომავალი ურთიერთობის შესახებ. არა ვარ მაღალი აზრის მათ პოლიტიკურ რეალიზმზე.
მოლოდინი, რომ შეიძლება რუსეთი თავად იყოს დაინტერესებული აფხაზეთის საკითხის დავრეგულირებაში, გადაჭარბებულია?
- არ არის ასეთი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი პუტინი. რუსული ინტერესების სამსახურის თვალსაზრისით, შეიძლება საუკეთესო მმართველი იყოს, მაგრამ არ არის ისე, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას. შენ, სულ ისეთი გაჭირვებული უნდა იყო, რომ კომპრომისზე წახვიდე და რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდეგნის პროცესში, რომელიც რაღაცა ფორმით მიმდინარეობს, ევრაზიული კავშირი იქნება, თუ სხვა მსგავსი გაერთიანება, ხელი არ შეუშალო. ეს არის რუსეთის ამოცანა. დასავლეთიდანაც საკმაოდ ბევრი არადეკვატური პოზიცია დაფიქსირდა ბოლო პერიოდში. ჩვენი პოლიტიკური კლასის ამოცანაა ამას ყველაფერს ფრთხილად ადევნოს თვალ-ყური, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კლასი ძირითადად დაკავებულია იაფასიანი პოპულიზმით და პროპაგანდისტული ტაქტიკით და არ მგონია, რომ ღირესეულად გაართვან თავი ამ ამოცანას.
როგორც უკვე გაცხადდა, 15 დეკემბერს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. 12 პუნქტიდან 9 პუნქტის შესრულების რეკომენდაცია მოგვცეს და ერთ-ერთი არის დეპოლარიზაცია. რამდენად შესაძლებელია ჩვენს მდგომარეობაში დეპოლარიზაციის შესრულება?
- ჩემი აზრით, ეს 12-პუნქტიანი დავალება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, თავიდანვე იყო გარკვეული ინსტრუმენტი საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის. ერთი, რომ ამ პუნქტების შესრულება იმ თვალთახედვით, რა თვალთახედვითაც ჩვენ დაგვიწესეს, გულისხმობდა „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას. სხვანაირად ამ პუნქტების შესრულება შეუძლებელი იყო. მეორე, ამის შესრულებას არც ჰქონდა მნიშვნელობა და არც აქვს, ჩემის აზრით, არცთუ ღირებული კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. და მესამე, მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, ისე, როგორც უკრაინა და მოლოდოვა, ეს არის, იყო და იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვერანაირი პუნქტები ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას ვერ შეცვლის. ბიბლიური პრინციპია - ხვალისა, ხვალემ თქვას. ხვალემდე ერთი თვეა დარჩენილი. ამ ერთ თვეში შეიძლება რამე შეიცვალოს. თუ შეიცვალა და უარის სათქმელად დაურჩათ საქმე, იტყვიან, რომ არ შესრულდა ეს პუნქტები. არადა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ დასკვნით, რაც ჩვენ მივიღეთ, უკვე გაკეთებულია და ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები.
რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას?
- ერთი ჭკვიანი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ გავერთიანდეთ, აუცილებელია გავემიჯნოთ. როცა გაიმიჯნება „ოცნება“ და მისი საპირწონე „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან, იმდენად შორი პოლუსებია, რომ მათ ერთ პოლუსად გაერთიანება შეუძლებელია ერთ-ერთი მხარის მეორისადმი დამორჩილების და მარცხის გარეშე. ამ ორიდან უნდა დარჩეს ერთი. ამის პერსპექტივაც რეალური არ არის.
ამიტომ, დეპოლარიზაცია ჯერ უნდა განისაზღვროს იმათ მიერ, ვინც ამას მოითხოვს ჩვენგან. მეორე, ჩვენს პოლიტიკურ კლასს - ნაციონალებს და „ოცნებას“ როგორ ესმით დეპოლარიზაციის დასრულება, ეს დაგვიზუსტონ. მერე უნდა გვითხრან, რატომ არ სრულდება საკმაოდ სერიოზული დეპოლარიზაცია აშშ-ში? ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ დიდი და დემოკრატიის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყანა, მაგრამ ასეთ საკითხებზეც ვფიქრობთ.
რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით?
- მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მიზნის, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. თან, ეს ნაბიჯი არის სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, სრულფასოვანი გაწევრიანების თვალსაზრისით, არანაირ უპირატესობას არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, ყველა მიმართულებით ევროსივრცესთან თანხვედრის თვალსაზრისით, გვაძლევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას, მიახლოებას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც არის პროცესი და რაც ყველა თვალსაზრისით, არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინაპირობა. ამიტომ, კარგია კანდიდატის სტატუსი, აუცილებელია მისი მიღება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკური კლასის მიერ უნდა იქნას გასაგებად და მკაფიოდ ახსნილი, რასაც მთავარი პოლიტიკური ძალები ჯერჯერობით ან ვერ ახერხებენ, ან არ ახერხებენ და შესაბამისად, ვერ აკეთებენ.
15 დეკემბერს მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგი განვითარება როგორი იქნება? წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და როგორც ჩანს, იგი თავისი შინაარსით იქნება ძალიან დაძაბული. როგორი იქნება ძალთა ბალანსი იმ კვლევების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყნდება?
- ეს ყველაფერი არის ამ სპეციფიკური დროის, ვითარების და სიტუაციის გაგრძელება, რაც დღეს არის მსოფლიოში. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება, რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ და არჩევნები სამართლიანად და მშვიდად ჩავატაროთ. გარე ფაქტორები ამაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს ყველა თვალსაზრისით, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ფრონტზე და როგორ განვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, დღევანდელი ვითრებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენის კიდევ ერთი შანსი აქვს, ასეთია ქართული საზოგადოების დღევანდელი განწყობა.
ვერ გეტყვით ექვსი თვის შემდეგ რა განწყობა იქნება, მაგრამ რეალურად ასეთი ვითარებაა დღეს. არ ველი, რომ 2024 წლისთვის ვითარება შეიცვლება და რომელიმე ძალა - მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“, ან სხვა ახალი პარატია, თუ კოალიცია შეძლებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. რაც შეეხება განწყობას და რამდენად ზუსტად ასახავს ამას გამოკითხვები... მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სოციოლოგია, როგორც საშუალება საზოგადოებრივი აზრის კვლევისა, საქართველოში არის მკვდარი, არ არსებობს. ეს არის მექანიზმი და ინსტრუმენტი საზოგადოებრივი აზრის მართვის და არა კვლევის. ამიტომ, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევითი კომპანიები, რომელთა კვლევასაც ყველა ენდობა, უბრალოდ, უადგილოდ მეჩვენება ამ არსებული კვლევის შედეგებზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სოციოლოგები არიან საკმაოდ კვალიფიციურები და მიუხედავად იმისა, რომ ისეა განვითარებული სოციოლოგიური კვლევების ტექნოლოგიები, რომ ცდომილების 1-2%-ის ფარგლებში ყოველთვის იძლევა საზოგადოებრივი აზრის განწყობის ზუსტ მაჩვენებელს. საქართველოში ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ზედმეტი და ნაადრევია.