დასჯის რუსული მეთოდი - ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე რჩება

დასჯის რუსული მეთოდი - ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე რჩება

რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა. იმისთვის, რომ სოხუმი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, სასწრაფოდ უნდა გამონახოს 2 მილიონ დოლარზე მეტი. თანხის სწრაფად მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, რომლის თქმით, ეძებენ ფულს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე გაიზარდა. აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს.

2020 წლამდე ეს სავსებით საკმარისი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ელექტროენერგიის არალეგალურმა მოპოვებამ, ანუ ე.წ. მაინინგმა გაზარდა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე, წარმოქმნილმა დეფიციტმა კი ნაწილობრივ დაფარა რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიწოდებული ნაკადი. ასე რომ, მოსკოვმა დატოვა ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების პრაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა აფხაზეთმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილებით არასებითად არაფერი არ შეიცვლება რუსებსა და აფხაზებს შორის დამოკიდებულებაში, რადგან აფხაზეთის სეპარატისტული ანკლავი არსებობს იმით, რომ რუსეთი უდგას უკან და გვერდით. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი მყისიერად შეიცვლებოდა და დღეს სხვა მოცემულობა გვექნებოდა.

„ამავე დროს აფხაზების ამბიციები არის საკმაოდ არარეალურად დიდი და მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. აფხაზებს აქვთ დიდი ამბიციები, მათ არ უნდათ ზედმეტად იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე. დრო და დრო საკმაოდ სერიოზულად ჭირვეულობენ და ამ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. რამდენად რეალურია მათი ამბიციები რუსეთთან თანასწორი პარიტეტის პირობებში, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ცოტა ჰიპერდოზა დაჰკრავს ამ ყველაფერს. ჩემი აზრით, რუსები ცდილობენ სპარინგი გააგრძელონ და აგრძნობინონ აფხაზებს, რომ მათი ყველა მოთხოვნა ავტომატურად არ იქნება შესრულებული. შესაბამისად, ეს არაფერს არ შეცვლის. ეს ორი მილიონი მოიძებნება და შეიძლება მოიძებნოს სხვაგან, საზღვარგარეთ, რადგან აფხაზებს მოკეთეები ბევრი მიმართულებით ჰყავთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი შიშობს ზომიერი ოპტიმიზმიც კი გამოთქვას იმის შესახებ, რომ ამით წყდება ახალი კონფიგურაციის საწყისი ეტაპის დასაწყისი, რომელიც შეიძლება დავუკავშიროთ იმ პრეცედენტს სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ყარაბაღის პრეცედენტი ჰქვია.

„პანდორას ყუთი სამხრეთ კავკასიაში სწორედ ყარაბაღით გაიღო და ღმერთმა ქნას, რომ დაიხუროს ისევ ყარაბაღით. ამით საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, რომ უფრო თამამად დაველოდოთ იმ სამართლიანობის აღდგენას, რომელსაც რამდენიმე ათეული წელიწადი ველოდებით. დღეს ამ სუვერენიტეტების აღლუმების დრო არ არის. დღეს მსოფლიო დგას ძალიან პრაგმატული და ახალი ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების წინაშე, რომელიც დაკავშირებულია იმ ნახევარი მსოფლიოს გაძლიერებაზე, რომელსაც წარმოადგენენ ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და აზიის ქვეყნები, რომლებიც კბილებით ცდილობენ დაიჭირონ საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობა.

მსოფლიოს მეორე ნახევარი, სადაც მშვიდობა სამწუხაროდ არ არის, დაამშვიდოს იმით, რომ ეს ეკონომიკური პოტენციალი, რომლითაც ამ ნახევარ მსოფლიოს შეუძლია დააპუროს ეს კონტინენტი, ეს ყველაფერი მათ შორის დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაზე, მშვიდობაზე და ერთიანობაზე“, - ამბობს ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, სამხრეთ კავკასიას იგივე ჩინეთი განიხილავს როგორც ერთიან რეგიონს და როდესაც მთლიან რეგიონს განიხილავს როგორც სატრანზიტო ჰაბს, გამორიცხულიც უნდა იყოს იმის მინიშნებაც კი, რომ შეიძლება კიდევ რაღაცამ იფეთქოს, ისევ ენთნიკურ ნიადაგზე საომარ მოქმედებას გამოჰკრას ხელი.

„ამიტომ, რუსეთი, რომელიც დღეს მეტწილად ჩინეთის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული, ალბათ, დაადგება საქართველოსთან იმ გზას, რომ მისი გამთლიანების ფორმულაზე დაიწყოს ფიქრი. საქართველოსთან ერთად დაიწყოს ფიქრი იმ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, რომელიც მიესადაგება ჩვენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებს. რა თქმა უნდა, ამ საზღვრებში ცხინვალის და სოხუმის მოსახლეობის უფლებების და უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მხრიდან მიდის ნელ-ნელა მინიშნება აფხაზეთის მიმართ, რომ თამაშის წესები ნელ-ნელა ჩვენს შორის იცვლება. ის, რომ რუსეთისთვის არაფერს არ წარმოადგენს პატარა აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ყველას გვესმის. ჩემი აზრით, აქ არის პოლიტიკური მინიშნებით ჩადებული ქმედება. დაველოდოთ, არ ვიჩქაროთ. ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენათა შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ამ მოტივით რუსეთმა გადაწყვიტა სოხუმის დასჯა და დასჯის მოტივი ბევრი შეიძლება იყოს.

„ურჩი ხალხია აფხაზები და რუსებსაც ეურჩებიან. მაგრამ, მე მგონია, რომ მარტო დასჯაში არ არის საქმე. ახლა სანქციებისა და ომის პირობებში თვითონ რუსეთსაც არ ულხინს. ვფიქრობ, რომ ცდილობენ ზედმეტი ტვირთებისგან გაინთავისუფლონ თავი. დაახლოებით ის ვითარებაა, როდესაც ნავიდან ზედმეტ ტვირთებს ყრიან, რომ ნავი არ ჩაიძიროს. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა აქვს რუსეთს. დღეს, ეს რეგიონები ზედმეტი ტვირთია რუსეთისთვის. ვფირობ, რომ ამისკენ არის მიმართული რუსეთის პოლიტიკა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.