აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფოთის პორტში შესული ხომალდი დატვირთულია მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი Bastion-ით, რომელსაც ფრანგული კომპანია Acmat-ი აწარმოებს. ამასთანავე, ფოთის პორტში შევიდა კომპანია ARQUUS-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც Bastion-ის ჯავშანტრანსპორტიორის ოპერირებისთვის არის საჭირო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფოთის პორტიდან ამ ტვირთის ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით მოხდება. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ადასტურებს, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა კონკრეტული ტვირთი, რომელიც შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან.
საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. აიჰან ჰაჯიზადემი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თავი შეიკავოს აგრესიული პოლიტიკით ცნობილი სომხეთის შეიარაღებისგან, შეწყვიტოს და დაგმოს ისეთი არალეგიტიმური ქმედებები, რომლებიც აფერხებენ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებას.
აზერბაიჯანელი დიპლომატის განცხადებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საფრანგეთის ცილისწამების და რეგიონში დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას, მიუთითებს იმაზე, რომ საფრანგეთი რეგიონში არასწორი ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში. ამ ქვეყნებმა საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. საფრანგეთის, რომელიც პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო სამართლის პროპაგანდისტი და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრე, ეს ნაბიჯები სერიოზულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას, მიმართულს რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, ურთიერთაღიარების და სუვერენიტეტის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოთა საერთაშორისო საზღვრების საფუძველზე და ემსახურება ვითარების გამწვავებას“, - აღნიშნა აიჰან ჰაჯიზადემ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური განცხადებების გარდა, უწყება ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მიაწვდის საზოგადოებას. ფრანგული გამოცემა Ouest France წერს, რომ „ბასტიონები“ თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ კიევს მიაჩნდა, რომ ისინი ნაკლებად დაცული იყო საარტილერიო ცეცხლისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანი 23 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ უარს ამბობს სომხეთში თავისი პასუხისმგებლობის ზონის განსაზღვრაზე. შეიძლება, გამოყენებული იყოს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. ჩვენ არ გამოვაცხადებთ რაიმე სტრატეგიულ პოლიტიკურ ცვლილებებს, ვიდრე არ გამოაცხადებენ ან გადაწყვეტენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლას.
სომხეთმა უარი არ თქვა ორგანიზაციის მისიის გაგზავნაზე, მაგრამ იკითხა, თუ სად აგზავნიდნენ მისიას. მათ თქვეს: სომხეთში და ჩვენ ვუთხარით: გვიჩვენეთ სომხეთი, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, მათ არ გვაჩვენეს, ჩვენ ვაჩვენეთ სომხეთი, ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი და ასეთი ოქმი უნდა შედგეს, რაც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ არ გააკეთა. ვინაიდან ის არ შეადგინა, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი მისია, რადგან გამოვა, რომ ჩვენ ვაკანონებთ ბუნდოვან აზრს სომხეთის შესახებ და, ამ პირობებში, ვაკანონებთ აზერბაიჯანის შემოჭრას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საპასუხოდ სინანულს გამოთქვამენ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ასეთი შეხვედრები კარგი მიზეზია შენიშვნების შესადარებლად.
„თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ სინანული, გვესმის, რომ თითოეულ მთავრობის მეთაურს ან სახელმწიფოს მეთაურს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოვლენები სამუშაო გრაფიკში, საკუთარი გარემოებები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სინანული გამოვხატოთ, რადგან ასეთი შეხვედრები არის ძალიან კარგი მიზეზი მოსაზრებების გაცვლისთვის, შენიშვნების შესადარებლად“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ერთი საინტერესო მოვლენა. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ფაშინიანმა დახურული შეხვედრა გამართა ერევნის მოაზროვნე ელიტასთან, სადაც დაუსვეს კითხვა, რას აკეთებს და საით მიდის ოფიციალური ერევანი. როგორც გოგავა ამბობს, ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ ის მჭირდო კავშირი, რაც რუსეთთან ჰქონდა სომხეთს, ასე უცებ შეიცვალოს და სხვა მიმართულებით წავიდეს, მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთი მწვავე დაპირისპირებაშია დასავლეთთან.
„კითხვაზე - საით მივდივართ, ფაშინიანის პასუხი იყო შემდეგი - სომხეთი ცვლის საგარეო კურსს და ეს არის ევროპული კურსი. ის ამბობს, რომ რუსეთი ძალიან დასუსტდა უკრაინის ომის გამო. არ არის იმ ფორმაში, რომ ვინმე დასაჯოს, იქნება მხოლოდ განცხადებები რუსეთის მხრიდან, მაგრამ ამაზე შორს რუსეთი ვერ წავა. გარდა ამისა, რუსეთს სომხეთში ჰყავს სამხედრო ბაზა, გუმრის სახმედრო ბაზა.
ერევენის მოაზროვნე ნაწილი სვამს კითხვებს ირანის პოზიციაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა ირანსაც არ მოეწონება. მით უმეტეს ირანის საზღვართან ძალიან ახლოს სომხეთმა ააშენა აეროდრომი, რომელსაც შეუძლია დიდი სატვირთვო სამხედრო თვითმფრინავების მიღება. ეს ყველაფერი ირანში იწვევს კითხვის ნიშნებს. კერძოდ იმას, რომ ეს შეიძლება ნატოს ქვეყნების მიერ გამოყენებული იქნას ირანზე საჰაერო შეტევისთვისთვის“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დღეს სომხეთს საკამოდ რთული პერიოდი უდგას. დაკარგეს ყარაბაღი, რომლისთვისაც არც უცდიათ ბრძოლა. გოგავას განცხადებით, ფაშინიანი ყარაბაღს ყოველთვის მიიჩნევდა ერთგავრ ტვირთად, რომელიც სომხეთს არ აძლევს განვითრების საშუალებას.
„ფაშინიანი არის იგივე მოდელის ფიგურა, როგორიც იყო სააკაშვილი და როგორიც არის ზელენსკი. ეს არის მთლიანად დასავლეთის კლიენტურა. ფაშინიანი ხელისუფლებაში მოიყვანეს ჰიბრიდული რევოლუციის გზით. მისი რეიტინგი იკლებს. იმ ადამიანებით, რომელთანაც მე მქონდა კონტაქტი, არ ესმით რას აკეთებს და საით მიჰყავს სომხეთი, რადგან ისეთი სვლები გააკეთა, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს და იმ კურსს, რომელზეც სომხეთი არის დაფუძნებული.
სომხეთი არის ოდეკაბეს წევრი, დსთ-ს წევრი და აცახდებს, რომ არ მიდის სამიტზე, მაგრამ ალტერნატივა სომხეთის უსაფრთხოების ჯერ მზად არ აქვს. თუ საუბარია იმაზე, რომ საფრანგეთი უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრხოებას, ასე არაა. საფრანგეთის ასეთ ფუნქციას და როლს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ საფრანგეთმა სომხეთის უსაფრთხოება დაიცვას კავკასიაში. მით უმეტეს სომხეთთან წვდომა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით შეიძლება და ეს ქვეყნებია - საქართველო, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. სხვა საზღვარი არ აქვს.
არის ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში შემოვიდა 21 ერთეული ფრანგული ჯავშანტრასპორტიორი, რომელიც განკუთვნილია სომხეთისთვის. ამან გამოიწვია აღელვება ბაქოში, რადგან საქართველო მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს და შესაბამისად, შეიარაღებას სომხეთისთვის, როგორც აგრესორი ქვეყნისთვის, არ ატარებდა საქართველო.
ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მოტივაცია შეიძლება იყოს შემდეგი - ყარაბაღი, როგორც პრობლემა არ არსებობს, შესაბამისად, სომხეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება, მიიღოს მათ შორის სამხედრო ხასიათის ტვირთები, რადგან ეს უკვე აღარ არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება საქართველოს მხრიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, ფაშინიანის ეს ვირეშმაკული განცხადება ნიშნავს, რომ მას აქვს ასეთი დავალება - საქართველო და სომხეთი გამოაცხადოს ერთიან ფრონტად, ერთიან ლოჯისტიკურ სივრცედ იმისთვის, რომ უფრო ეფექტური იყოს წინააღმდეგობა რუსეთის წინააღმდეგ.
„აქ, ჩვენი პორტების მეშვეობით შემოვიდეს ევროპული ქვეყნებიდან სამხედრო დახმარება. რაც შემოვიდა კიდევაც საფრანგეთიდან და ვნახეთ აზერბაიჯანის რეაქცია, რაც მძიმე ფაქტია. ესენი არიან ავანტურისტები და ეს არის ავანტურა. ავანტურა რას ნიშნავს? - როდესაც არ გაქვს სანდო გარანტიები და მოქმედებ. შევხედოთ ძალთა განლაგებას, შევხედოთ აზერბაიჯანს - 3+3 ფორმატში უნდა მიდიოდეს თანამშრომლობა და ამ დროს, ფრანგული იარაღი საქართველოს გავლით მოედინება სომხეთში. რა ეფექტი ექნება ამ იარაღს? ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია.
ჩნდება კითხვა - რისთვის მარაგდები? ცხადია, რომ ეს იწვევს ზედმეტ დაძაბულობას და თან, თუ გამწვავდა ვითარება, ეს იარაღი არაფერს არ გადაგიწყვიტავს, გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგეს აძლევ კაზუს-ბელს. ჩვენ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში ვართ. თუ იმას გავაკეთებთ, რასაც ფრანგები გვეტყვიან და მათ შეიარაღებას გავატარებთ სომხეთისკენ, დამიჯერეთ, რომ ეს კარგ შედეგებს არ მოიტანს. ამიტომ, ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, როგორც მოვლენათა განვითარებიდან ჩანს, ფაშინიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის მის გადაწყვეტილებებში. ამიტომ, მისმა გადაწყვეტილებებმა ჩიხში შეიყვანა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოება.
„ის, რაც ყოფილმა ხელისუფლებებმა შექმნეს ათწლეულების განმავლობაში, მეტ-ნაკლებად, შედარებითი სტაბილურობა შეენარჩუნებინათ, ეს ფაშინიანმა ვერ შეძლო. პრაქტიკულად, კრახი განიცადა თავისი არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო და კვლავ აგრძელებს არასწორი საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც პირდაპირ არის მიბმული იმ სახელწმიფოებთან, რომლებმაც სხვადასხვა მეთოდოლოგიით ხელი შეუწყვეს მის ხელისუფლებაში მოსვლას.
რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფაშინიანი კიდევ უფრო დააზიანებს სომხეთის ინტერესებს და ის შეიძლება უფრო აქტიურ პროცესში გადაიზარდოს. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ფაშინიანმა შესაძლოა დაკარგოს კიდევაც ხელისუფლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
სათაურში გაქვს მითითიბული, რომ გაატარა!
მთავრობამ, პარლამენტმა მიიღო თუ არ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ტვირთის გატარებაზე?!