რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შტურმით აღების სურვილი არ ეკარგება, მაგრამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის დილემა აფრთხობს. ამიტომაც აღნიშნული ბარიერის დაწევას სთხოვენ ხელისუფლებას. ცალკეული ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ დათმობაზე არ უნდა წავიდეს და, გავრილოვის ღამის შემდგომი დათმობების ანალოგიით, ლმობიერება არ უნდა გამოიჩინოს ოპონენტთა მიმართ, რადგან ეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებას დაემსგავსება ჩასაძირად გამზადებული ოპოზიციის გადასარჩენად.
ხატია დეკანოიძის აზრით, ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი თუ სურს, საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიებს გაერთიანებისკენ უბიძგებს.
ამავე აზრზრეა ნაციონალი გია ბარამიძე, ისიც ბარიერის დაწევას ითხოვს იმ მოტივით, ხმები არ დაიკარგოს და პატარა პარტიები თამაშგარეთ არ აღმოჩნდეს. „გირჩის“ წარმომადგენლებიც დაბალ ბარიერს ქართული პოლიტიკური სისტემისთვის კარგ ვარიანტად განიხილავენ.
ხელისუფლების პასუხი უკვე ცნობილია. ისინი 5%-იან ბარიერს ადეკვატურად მიიჩნევენ და ამ ბარიერის დაწევაზე მათხოვრობას შეუსაბამოდ აფასებენ. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირონიით აღნიშნავენ, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსიც არ გააჩნიათ. არადა, ერთი მხრივ, ისმის ოპოზიციონერთა ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან, მეორე მხრივ, ითხოვენ ბარიერის დაწევას.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებოდა. თუმცა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის ბარიერის დაწევა, „ოცნებას“ არ სურს, ბევრი პარტია შევიდეს პარლამენტში. ამდენად, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ახლა მთავარი ის კი არ არის, ბარიერის დაწევა სურს თუ არა ოპოზიციას, არამედ მთავარია, რა გამოუვათ.
„საბოლოოდ ოპოზიციას გამოუვა ის, რომ „ქართული ოცნება“ არ დაწევს ბარიერს და დარჩება 5%-იანი ბარიერი. ამიტომ ოპოზიციამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ასეთი მოწოდებებით „ქართული ოცნება“ თავის ინტერესებს არ დათმობს, დროის ათვლა უკვე დაიწყო და ოპოზიცია უნდა შეუდგეს ისეთი პარტიების შექმნას, რომელიც კონსტიტუციითაა დადგენილი, რათა ამ პარტიებმა გადალახონ 5%. უმჯობესია, ამაზე დაიწყოს მუშაობა ოპოზიციამ და არა იმაზე, სინდისზე შეაგდონ „ქართული ოცნება“, „ოცნებას“ თავისი ინტერესები აქვს და მას ვერ შეაგდებ სინდისზე, ოპოზიციურმა პარტიებმა გამსხვილება უნდა დაიწყონ, რათა პოტენციურად შეძლონ 5%-ის გადალახვა. დღეს მე „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერავის ვხედავ, ვინც თამამად გადალახავს 5%-ს, მე მგონი, კიდევ ორ პარტიას აქვს გადალახვის შანსი - გახარიას პარტიას და „ლელოს“. დანარჩენი პარტიებისთვის უმჯობესია გამსხვილება, მათ უნდა იპოვონ საერთო იდეოლოგიური, იდეური პოზიციები, დროებით გვერდზე გადადონ წარსულის წყენა, თორემ ასე ტირილ-ტირილით, დაუწიე ბარიერი, „ოცნება“ არ დაუწევს ბარიერს“,-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ამასთან, განმარტავს, რომ თავის დროზე თვით „ლელოსაც“ და გახარიას პარტიასაც ურჩია გამსხვილება, მაგრამ ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ვერ ხედავენ ამ შანსს. არადა, ეს ორი პარტია ერთმანეთს ხმებს ართმევს. თუ ვერ გაერთიანდებიან, ამ ორიდან რომელიმე მაინც გადალახავს ბარიერს და მეორე შეიძლება გარეთ დარჩეს.
რაც შეეხება დანარჩენ წვრილ-წვრილ ოპოზიციურ პარტიებს, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ისინი დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, ტრიბუნა აქვთ, რადგან წინა არჩევნები დაბალი ბარიერით ჩატარდა, რომლის გადალახვაც მათ შეძლეს. ეს აღარ განმეორდება. ამიტომ ბევრი ოპოზიციური საინტერესო ფიგურა ვეღარ აღმოჩნდება პარლამენტში, თუკი ვერ იპოვის გამსხვილების შანსებს.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს ხელისუფლებამ 5%-იანი ბარიერი. პეტრე მამრაძე იხსენებს, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ უაზრო კომპრომისზე წავიდა ხელისუფლება, დღეს კი ეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, რადგან დალექილი ლექი, ანუ ადამიანები, რომლებიც ახლოსაც არ უნდა მიუშვა პარლამენტთან, არ უნდა ხვდებოდნენ ამ საკანონმდებლო ორგანოში 1%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.
„ეს ბარიერი რომ არა, პარლამენტში შევიდოდა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, სხვა ვერავინ გადალახავდა ბარიერს, ვერც ბოკერიას პარტია, ვერც „ლელო“, ვერც „გირჩი“. 2016 წელს 28 ადგილი აიღო პირადად სააკაშვილმა და 22 ადამიანი იქვე გაექცა ერთ თვეში, ახლაც უკვე ნახევარი გაქცეულია. სწორედ ამის ეშინოდა სააკაშვილის ბიძას და ყვიროდა, არც ერთი არ შევიდეს პარლამენტში და უნდა ავიღოთ ხელისუფლებაო. სააკაშვილის ბიძამ იცოდა, რომ იმ 36-დან, რაც სააკაშვილმა გაიყვანა, კიდევ ნახევარზე მეტი გაექცეოდა. არადა, პარლამენტში შეიყვანეს ეს ადამიანები, ეს ლექი, რომელთაც არაფერი არ ესაქმებათ ამ ადგილთან“, -აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება გამსხვილებას და გაერთიანებას, ანალიტიკოსის აზრით, ეს ყოველთვის როდი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ამით მეტ ქულას დააგროვებს.
„გავიხსენოთ ქართული მარაზმი - „ახალი მემარჯვენეები“ და კუკავა ერთად რომ იყრიდნენ კენჭს და არჩევნებში მიიღეს ნულოვანი შეფასება, რადგან ელექტორატის ის 1%, რომელიც ერთ კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, საერთოდ არ მისცემს ხმას თავის ფავორიტს, თუკი მასთან გაერთიანებული მეორე პარტია არ მოეწონება“, - მიიჩნევს პეტრე მამრაძე, რომლის აზრითაც, პარტიების გამსხვილება ძალიან ხშირად არ მუშაობს. ამიტომ ოპოზიციონრები ახლა პრობლემის წინაშე დგანან, რა იღონონ პოლიტიკაში დასარჩენად, რადგან პარლამენტარის სტატუსი მათ ფინანსურად ეხმარება, ეს მათთვის პრივილეგირებული მდგომარეობაა.