„ოპოზიციას აქამდე არ ადარდებდა საარჩევნო ბარიერი, რადგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფით დასკვნას ელოდებოდა“

„ოპოზიციას აქამდე არ ადარდებდა საარჩევნო ბარიერი, რადგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფით დასკვნას ელოდებოდა“

ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს და ანალიტიკოსების აზრით, მას აქვს შანსი, რომ ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კვლევაში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით არის ჩატარებული, ორივეგან ხელისუფლება, ჯამურად, მთელ ოპოზიციაზე მეტ ხმებს აგროვებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის მიღებამ „ოცნებას“ რეიტინგი კიდევ უფრო მოუმატოს და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მხრადაჭერა ბოლო დღეებში მიიღოს.

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ „გორბის“ კვლევა, სადაც 55 პროცენტი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა. ხოლო დღეს რომ არჩევნები ჩაატარონ, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის.

„დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია „გაკოტრებულია“ და „ერთმანეთის მხილება დაიწყეს გადარჩენისთვის“.

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ ცელი გამოუსვა ოპოზიციას. ქართველებს გვესმის, ეს რასაც ნიშნავს - გაკოტრებულები არიან. იმ დონეზე დაეცნენ, ერთმანეთს აბრალებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ელაპარაკებიან ევროპელ პარტნიორებს. ჩაშვება, არასწორი ინფორმაციის გადაცემა... სალომე სამადაშვილი რომ გყავს, ხელმოცარული დიპლომატი, ამას აკეთებს. ახლა დაიწყეს ერთმანეთის მხილება გადარჩენისთვის“, - ამბობს ზარქუა.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება - 37%, ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21%, საქართველოსთვის - 9%, ლელო - 5%, გირჩი/დროა - 4%, ლეიბორისტული პარტია - 4%, ხალხისთვის - 4%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%, ალტ-ინფო - 3%, ხალხის ძალა - 3%, მოქალაქეები - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 2%, ევროპული საქართველო - 1%. სხვა - 1%.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.

რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება: „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - 4%, „ლელო“ - 4%, „ევროპული საქართველო“ - 3%, „საქართველოსთვის“ - 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „ლეიბორისტული პარტია“ - 2%, „მოქალაქეები“ - 1%, „გირჩი“ - 1%. სხვა 5%

„იმედის“ ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა. მათი ინფორმაციით, საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბოლოს გამოქვეყნებული „გორბის“ და „ედისონ რისერჩის“ კვლევები ნათელს ხდის სურათს, რომელშიც ქართული პოლიტიკური სპექტრი იმყოფება. ძაბირაძე ამბობს, რომ მიუხედავად კვლევებში მოცემული განსხვავებული შედეგებისა, მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ „ოცნებამ“ უმრავლესობა აიღოს.

„საქმე ისაა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ოცნების“ რეიტინგს გაზრდის და ამან შესაძლოა თებერვლამდე გასტანოს. შემდეგ კი ისევ იგივე სურათს მივიღებთ, თუ რაიმე კატეგორიულად არ შეიცვალა და ოპოზიციამ რამე მნიშვნელოვანი არაფერი ჩაიდინა, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს. ოპოზიცია ხელისუფლების მინდორზე „ბალახობს“. „ოცნება“ მათ დღის წესრიგს ისე უწესებს, რომ მათ ცვლილება არ შეუძლიათ. ადრე თუკი ხელისუფლება მიჰყვებოდა ოპოზიიცის დღის წესრიგს, ახლა პირიქით არის.

კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მათ გეგმებს კიდევ უფრო უკან დასწევს. არც ხელისუფლებას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის დაწევა არ აწყობს და მათ სრულიად თავისუფლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. საქმე ის კი არ არის, დაწეული ბარიერით ოპოზიციის პატარა პარტიები რომ შევლენ, ხელისუფლებას დაამარცხებენ, ასეთი ხომ მოხდა 2020 წელს, მაგრამ რა ქნეს? საქმე ისაა, რომ ოპოზიცია ენმ-ის გარეშე უნდა გაერთიანდეს, რომ „ოცნებაზე“ მეტი ხმები ჯამში აიღოს. სხვაგვარად მის დამარცხებას ვერ შეძლებენ. „ედისონ რისერჩის“ და „გორბის“ კვლევებიც, მიუხედვად დიდი სხვაობისა, ნათელს ხდიან იმ სურათს, რაც დღეს გვაქვს. არაა გამორიცხული „ოცნებამ“ უმრავლესობაც კი აიღოს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ამ კვლევებში ისაა შეცდომა, რომ მთლიანად ამ პარტიების რეიტინგი არაა გამოკვლეული. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, რომელიც გადაწყვეტილებას არჩევნების ბოლოს იღებს. ამიტომ, ძალიან რთული სათქმელია საერთოდ გახარია და „ლელო“ 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა. ასევე, ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება და რთულია პროგნოზირება პარტიის გაყოფა მოხდება თუ არა.

საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „გორბის“ კვლევებით რეალურად ჩანს ხელისუფლების რეიტინგი და პარტიების სავალალო მდგომარეობა. ამიტომ პარტიებმა, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსზე დაინახეს, რომ დადებითი პასუხი შესაძლოა მივიღოთ, რევოლუციური სცენარი წყალში ჩაუვარდათ და ბარიერის დაწევაზე დაიწყეს საუბარი.

„ჩვენი საკანონმდებლო სისტემა სწორედ ევროპის შესაბამისია, სადაც 5%-დან 8%-მდე არის საარჩევნო ბარიერი დაწესებული. ასევე ბლოკების შექმნა არის აკრძალული. საკითხავი ისაა, რატომ არ ადარდებდა ოპოზიციას აქამდე საარჩევნო ბარიერი? არ ადარდებდათ იმიტომ, რომ მიდიოდნენ არეულობასა და დესტრუქციაზე. ეს ხალხი ნოემბერში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფით დასკვნას ელოდებოდა, ხოლო დეკემბერში, მათი აზრით, როცა უარს საბოლოოდ გვეტყოდნენ, საპროტესტო მუხტს აწევდნენ. როცა ქვეყანაში რევოლუციის გეგმას აწყობ, ბარიერი რამდენია, აღარ გაინტერესებს. ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და აქედან ვეღარ პოულობენ გამოსავალს. თუ ჩვენ ევროპისკენ მივიდვართ, მაშინ ის საარჩევნო ბარიერი უნდა გავითვალისწინოთ, რაც მათ აქვთ. მათ შორის თუ არის კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბარი, მოდი, ეს ბარიერი გადავლახოთ დ მერე შიგნით დავლაგდეთ, ვის ვისთან უნდა დაწყვილება. თუკი რომელიმე პარტია უმრავლესობას აიღებს, კოალიციას რატომ შექმნის?!“, - ამბობს ბოჟაძე.

რაც შეეხება კვლევებს, მისი თქმით, ოპოზიცია და კერძოდ კეზერაშვილის ტელევიზია საერთოდ შორს გავიდნენ და საბოლოო ჯამში, 102% დაიანგარიშეს. მისი თქმით, როგორც ჩანს, კეზერაშვილმა მხოლოდ ევროპელი პენსიონერების და ქართველი ჯარისკაცებისთვის მოპარული ფულის დათვლა იცის კარგად.

„ედისონ რისერჩის“ კველვებსაც თუ ალოკაციის პრინციპით გადავიყვანთ და დავითლით, იქაც კარგად ჩანს, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს, ჯამში, 35% აქვს, ხოლო ხელისუფლებას 37%. ანუ, მთელ დანარჩენ ოპოზიციას მაინც ვჯობნით 2%-ით და ისევ უმრავლეოსბაში მოვდივართ. აბა, ახლა „გორბის“ კვლევაში რა ეწყინათ? იქ სხვაგვარად იყო დათვლილი, რადგან ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი იგივე პროპორციით გადანაწილდა. 2021 წლის არჩევნებზე ბარიერი დავიწყეთ, მაგრამ იგივე „ლელო“ და გახარიას პარტია 64 მუნიციპალიტეტიდან ზოგიერთში საერთოდ ვერ მოხვდნენ. ის ხალხი ხომ ამ მუნიციპალიტეტებში დარჩა, ვინც ამ პარტიებს არ ენდო. ახლა რას აკეთებენ ისეთს, რომ ქვეყნის პრობლემის გადაწყვეტის საშუალება მისცენ. ამიტომ ახლა მოუნდათ, რომ მოდი, კობახიძეს დაპირება გავახსენოთო. თუმცა არც ერთ 12 რეკომენდაციაში და არც ახლანდელ 9 რეკომენდაციაში მსგავსი მოწოდება არ არის. არც კობახიძესთან და არც პრემიერთან დახურულ კარს მიღმა მსგავს თემაზე საუბარი არ ყოფილა“, - ამბობს ბოჟაძე.