ქართული „ნიურნბერგი“ - ტომისა და ჯერის თამაში

ქართული „ნიურნბერგი“ - ტომისა და ჯერის თამაში

ყოველი არჩევნების მოახლოებისას „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი კარგად ნაცადი და პოპულარული მესიჯია „ნაციონალების“ გასამართლება, რომ დამნაშავე პარტია უნდა გასამართლდეს, მაგრამ რეალურად ეს რჩება მორიგ შემოძახილად და სატყუარად ისევ და ისევ არჩევნების წინ.

ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე ერთი-მეორის მიყოლებით ალაპარაკდნენ „ხალხის ძალის“ წევრები. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს: „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი პარტიაა და ყველა უნდა გასამართლდეს. სანამ პასუხს არ აგებენ, არაფერი ეშველება ჩვენს ქვეყანას“.

დიმიტრი ხუნდაძის ტონალობას არ ჩამორჩება „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი სოზარ სუბარი, ისიც სააკაშვილის რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს.

ამავე რიტორიკას იზიარებს თამარ ჩიბურდანიძე და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, დამნაშავე რეჟიმის დასჯა მოეთხოვათ, თავს მოგვახვიეს კოაბიტაცია, რის შედეგადაც მკვლელები გადიდგულდნენ და კვლავ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

„ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი დავით ქართველიშვილიც ამბობს, რომ საქართველოს თავისი „ნიურნბერგი“ არ ეღირსა და საკონცენტრაციო ბანაკის მომსახურე პერსონალი, ანუ „ნაცები“ კიდევ ბედავენ ხმის ამოღებას.

ყოფილ პოლიტპატიმარს, ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ამ ხელისუფლების პირობებში „ნაცების“ გასამართლების ილუზია დაემსხვრა. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ნაციონალების“ პარტია საერთოდ დასახური და გასასამართლებელია, მაგრამ „ნაციონალების“ რომელ გასამართლებაზეა საუბარი, როცა ეს არის მხოლოდ ტომის და ჯერის თამაში.

„ნაცების“ გასამართლება თუ მართლაც უნდოდათ, 2013 წელს ჰქონდათ იდეალური შესაძლებლობა, ეს ნაბიჯი გადაედგათ. ჩვენ, პოლიტპატიმრებმა, მოვამზადეთ სპეციალური დეკლარაცია, სადაც დეტალურად იყო მოცემული, თუ როგორ უნდა მომხდარიყო „ნაცთა“ გასამართლება. სხვათა შორის, გარკვეულწილად, ჩვენ მაშინ ნიმუშად ავიღეთ ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა ელცინმა წარადგინა და მოახდინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კომუნისტური პარტიის აკრძალვა, ეს იყო საუკეთესო ვარიანტი. ეს იქნებოდა პრეცედენტი, არავინ არაფერს არ ეტყოდა ამასთან დაკავშირებით მაშინდელი „ქართული ოცნების“ კოალიციას, სადაც შედიოდნენ „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და წვრილ-წვრილი პარტიები, დღეს რომ წკმუტუნებენ. მარტო პარტია „ქართულ ოცნებას“ ვერ დავადანაშაულებთ, რომ მათ დაბლოკეს „ნაციონალების“ გასამართლება, თუმცა, ცხადია, „ქართული ოცნება“ ამ მხრივ დამნაშავეა, უფრო ზუსტად, კოალიციის თითოეული წევრი, ყველანი დამნაშავეები არიან. მათმა ლიბერალურმა შეხედულებებმა ქვეყანა მიიყვანა სახელმწიფოებრივ კრიზისამდე“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსის აზრით, „ნაცებისგან“ დაზარალებულ ამდენ ხალხს ღირსება შელახული აქვს. ესენი კი კატათაგვობანას თამაშობენ და ავიწყდებათ, რომ „ნაცები“ თაგვები არ არიან, „ნაცები“ დიდი ვირთხები არიან. როგორც წესი, კატა ამ ვირთხებთან თამაშობს, მათ ვერ იჭერს, ვითომ გაუშვებს და ისევ თავისკენ ექაჩება, ეს არის „ქართული ოცნების“ და „ნაცების“ თამაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გაახმოვანა ამჯერად „ნაცების“ გასამართლების სურვილი „ხალხის ძალამ“, ამ პოლიტიკურ ძალას ვახტანგ მაისაია სერიოზულად არ აღიქვამს. მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კიდევ მაინც გარკვეული აქვს და პროდასავლურ იმიჯს იქმნის, „ხალხის ძალა“ კი არის ევრაზიული ტიპის პოლიტიკური ძალა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე საუბარი უბრალო სატყუარაა, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, ხალხს დაანახონ თავიანთი პოზიცია, რომ თვითონ კრიტიკულები არიან „ნაცმოძრაობის“ მიმართ.

„რამდენიმე სირთულე ახლავს „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას. თუკი უნდა გაასამართლონ ის, ვინც ხელს უწყობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყონ, რადგან მთელი წლები ეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“ ისე, როგორც ამას ბევრი ვერ დაიკვეხნის, მთელ სისტემებს უფინანსებდა „ნაცებს“ თავდაპირველად, პოლიციიდან დაწყებული. „ნაცმოძრაობის“ დროს შეიძლება არაერთმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ვინ უნდა დასაჯოს? ერთხელ ელდარ შენგელაიამ უსაყვედურა შევარდნაძეს, რა არის, კორუფციის კლიმატია თქვენს გარშემო, ყველა კორუმპირებული ადამიანი გარს გახვევიათ, დაიჭირეთ ეს ხალხიო. შევარდნაძემ კი კითხვა შეუბრუნა შენგელაიას, ვისით უნდა დავიჭიროო?! მართლაც, დგას ხოლმე ეს საკითხი, ვისი ხელით უნდა განხორციელდეს დამნაშავე ადამიანების გასამართლება? თუმცა ქადა შეიძლება შეიჭამოს ორივე ხელით, თუ გული გულობს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ ზედმეტად ემოციური ტექსტები აქვს „ხალხის ძალას“ და პოლიტიკურ რეალობას არ უწევს ანგარიშს.

რამაზ საყვარელიძის აზრით, პოლიტიკური რეალობა ისაა, რომ ნელ-ნელა კარგავს ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობა“. ამდენად, „ოცნებას“ არ ადარდებს, რომ „ნაციონალების“ დროს უსამართლოდ დაზარალებული ხალხი მის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი, რადგან „ნაციონალების“ გარდა სხვა ალტერნატივა არც არსებობს.