მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი ძალა არ აპირებს ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 7 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას 2%-მდე, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. 2023 წლის 8 ნოემბერს კი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რის შემდგომაც ოპოზიცია ბარიერის დაწევის მოთხოვნით გამოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტია მხარს უჭერს ბარიერის დაწევას, რადგან არ შეიძლება ხმები დაიკარგოს. მისი თქმით, ხმების დაკარგვა და შედარებით პატარა პარტიების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, სწორედ რუსულ რეჟიმს აწყობს.
„სწორედ პოლარიზაცია აწყობს რუსულ რეჟიმს, მას არ უნდა, რომ სხვა მოქმედი, შედარებით პატარა პარტიებიც იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე, მათ სურთ, ვინც 5%-იან ბარიერს მიაღწევს, ყველა ხმა დიდწილად თვითონ წაიღონ. კი, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ერგება, მაგრამ ამის გათვლა აქვთ მათ. ჩვენ გვინდა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და მხარს ვუჭერთ 2%-მდე ბარიერის დაწევას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ადრინდელ განცხადებას, მისი თქმით შარშან გაცემულ დაპირებას ჰქონდა კონკრეტული ლოგიკა, რომ შარშან კანდიდატის სტატუსის მონიჭება შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს და ამ პირობებში უფრო ლოგიკური იქნებოდა შედარებით დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება.
„ეს იყო კონკრეტული მესიჯი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ არ დაებლოკათ ეს პროცესი და ჩვენ დავწევდით ბარიერს, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა, გააღვივეს პოლარიზაცია. 4%-ზე დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის თუ არ ვცდები მხოლოდ 4 ქვეყანაში. ასევე უკრაინასა და მოლდოვაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი. ჩვენ ისედაც „ჩამოვრჩებით“ მათ და არ გვინდა ამაშიც „ჩამოვრჩეთ“. აქედან გამომდინარე, ძალაში უნდა დარჩეს 5%-იანი ბარიერი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტაბილურად განვითარდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 55%
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 20%
„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - 4%
„ლელო“ - 4%
„ევროპული საქართველო“ - 3%
„საქართველოსთვის“ - 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%
„ლეიბორისტული პარტია“ - 2%
„მოქალაქეები“ - 1%
„გირჩი“ - 1%
სხვა - 5%
ამ კვლევის მიხედვით 2024 წლის პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წარმოდგენილი. პარლამენტს მიღმა რჩება „მოქალაქეები“, თუმცა როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბარიერზე ხვეწნის დაწყებას არ აპირებს, მაგრამ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ არის გადამგდები პოლიტიკური ძალა.
„ჩვენნაირი ხალხი არ უნდათ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის იდეალური ოპონენტია და „ოცნება“ ბარიერს არ დაწევს იმის მიუხედავად, რომ დაპირება არაერთხელ გასცა. რაც არ უნდა აკრიტიკოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყოველთვის მიუბრუნდება და ეტყვის, რომ 9 წელში ეს გაქვთ გაკეთებული და მართლა ბევრი საძაგლობა აქვთ გაკეთებული. ამიტომ სჭირდებათ მაღალი ბარიერი, რომ სხვები იქ არ იყვნენ, მაგალითად, ღარიბაშვილმა რომ „მარშრუტკასავით“ გაიგდო ის თვითმფრინავი და შვილი უნივერსიტეტში თვითმფრინავით წაიყვანა, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამაზე აკრიტიკებდა, მიუბრუნდნენ და უარესები უთხრეს, აღარ მომაყოლინოთ ახლა, რა წარმომავლობის და შინაარსის ქალებს დაარბენინებდა სააკაშვილი იმ თვითმფრინავით, მაგრამ მე ამას ვერ მეტყვის, ამიტომ ჩემნაირი კაცი არ უნდათ პარლამენტში, რომელიც საქმეზე ელაპარაკება,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
GORBI-ის კვლევის თანახმად „გირჩს“ ამომრჩევლის მხოლოდ 1% აძლევს ხმას. შესაბამისად, ამ კვლევით პარლამენტს გარეთ რჩება. ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს თუ ოპოზიციასთან ერთად მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით საარჩევნო ბარიერის ცვლილებებს.
„ამით ევროპელებს დავანახებთ, რომ პოლარიზაცია ცოტა შემცირდა, ერთად შეგვიძლია მუშაობა და მართლა უკეთესი საარჩევნო გარემოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს“, - აღნიშნა ჰერმან საბომ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების, სტაბილურობის და გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია არსებობდეს 3-5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რათა პარლამენტში, თუ საკრებულოში შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ, როგორც ეს ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში მოხდა. ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ჩვენი პოლიტიკური სისტემა არ არის კლასიკური სისტემა, ეს უფრო კლიენტიზმია, ლიდერების გარშემო შეკრებილი მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც არ აქვთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური კაპიტალი.
„აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს კლიენტელიზმი შენარჩუნებული იქნას. წვრილ-წვრილი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში, რომ ამოფარებული იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს კლიენტელები არსებობენ პატრონის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე, რომელიც აძლევს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ არსებობისთვის. „ქართულ ოცნებას“ ეს არ სჭირდება, იმიტომ, რომ ისედაც საკმაოდ ძლიერი პარტიაა და არ აქვს ამის ინტერესი. მაგრამ, აქ არის ეს წვრილ-წვრილი პარტიები, რომელთა მიზანია „ოცნების“ განეიტრალება.
საბალოო ჯამში 5%-ანი ბარიერი თუ დარჩა, მანდატები გადანაწილება „ოცნებასა“ და „ნაცებს“ შორის. ბოლო კვლევაც ასეთი პროპორიციაა „ქართულ ოცნებას“ ექნება სამჯერ მეტი მანდატი, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ნიშნავს ორ მესამედს. თუ ბარიერი დაიწევა და ეს წვრილ-წვრილი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში, მაშინ ეს პროპორცია შეიცვლება „ქართული ოცნების“ საზიანოდ. შესაბამისად, ხელისუფლება არ წავა ბარიერის დაწევაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერი ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიის სტაბილურ განვითარებას და თვლის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველასთვის მისაღები და ნორმალური არის, რომ 2-დან 3%-მდე დავიდეს საარჩევნო ბარიერი, რაც არ არის პატარა პროცენტი და „ედისონ რესერჩის“ გამოკვლევები ადასტურებს, რომ რამდენიმე პარტია გადალახავს ბარიერს. ამის მიუხედავად ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ამ კომპრომისზე არ წავა.
„ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ძლევს ხელს 5%-ანი ბარიერის დაწევა. ის, რაც განაცხადა კობახიძემ ერთი წლის წინ, სხვა დრო იყო. ახლა სხვა დროა და სხვანაიარად ლაპარააკობენ. მე, უბრალოდ, ოპოზიციის ის მიკვირს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს იმას, რაც მას უნდა და რაც მისთვის ხელსაყრელია, რომ ძალა-უფლება შეინარჩუნოს და არა იმას, რაც ქვყენებას სჭირდება და მით უმეტეს ამ ოპოზიციას უნდა. ნომრამლური იქნება 3%-იანი ბარიერი. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ და არა რაღაცა სხვა ვითარებით.
ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ბარიერის დაწევაზე არ წავა. რაც იმას ნიშავს, რომ მომავალ პარლამენტში შევა ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, ოპოზიციამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ იჭიდაოს ბარიერის დაწევაზე, არამედ იმაზე, რომ გამსხვილდეს. როგორც კი გაჩნდება 4 პარტია, რომელიც 5%-იანი ბარიერს დაძლევს, „ქართული ოცნება“ თავად წავა ბარიერის დაწევაზე. ეს არის ერთადერთი გზა. დღეს-დღეობით „ქართულ ოცნებას“ მშვენივრად აქვს აწყობილი საქმე, აწყობს ის, რაც არის და ამიტომ დათმობებეზე არ წავა და არც აწყობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება Gorbi-ის კვლევას, „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ამ კვლევის უცნაურობა იმაშია, რომ პარტიულ რეიტინგთა პროცენტული ჯამი რატომღაც ას პროცენტს არ აღემატება და აქედან გამომდინარე, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, რომლის კვლევები, როგორც წესი, 102%-ს აჭარბებს ხოლმე, მისი თქმით, დიდ ნდობას არ უნდა იმსახურებდეს.
„კვლევის ეს შედეგი იმის წარმოდგენის შესაძლებლობასაც გვაძლევს, თუ რამდენად გაიზრდებოდა დღეს „ქართული ოცნების“ დაფიქსირებული 55%-იანი რეიტინგული ნიშნული იმ გამოკითხულთა მხრიდან, ვინც სტატუსის არმინიჭებაზე ფსონის დადებით ამჟღავნებდა თავის პარტიულ ნდობით სიმპათიებს. რა თქმა უნდა, კატასტროფულია სექტანტების 20%, მაგრამ ფანატიკოსთა ეს სეგმენტი ქვეყნიდან არსად არ გამქრალა და რა გაეწყობა. სექტას ორბიტას მოწყვეტილი მისი სხვადასხვა ხელოვნური თანამგზავრები, რომლებიც ჯამში ასევე 20%-ს შეადგენენ, ამ ეტაპისთვის დაწესებულ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ და ამაში ვის ადანაშაულებენ, გაუგებარია.
მათი მხრიდან ბარიერის დაწევის მოთხოვნა, მხოლოდ რამდენიმე ურეიტინგო პოლიტიკოსისთვის, სადეპუტატო მანდატების მოპოვების მიზნით, არ წარმოადგენს იმ სამოტივაციო არგუმენტს, რომელიც ქვეყნის მართლაც რომ პოლიტიკური გაჯანსაღების და პარტიული მრავალფეროვნების შესაქმნელად ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდეს ხელისუფლებისაგან, რომელსაც, ანუ საარჩევნო ბარიერის თუნდაც 3%-მდე დაწევას, ევროპული სივრცის უმეტეს ქვეყანაშიც კი არ მიმართავენ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.