„ზურაბიშვილს ჩინეთის ელჩისთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია, პირიქით, ორბელიანის სასახლეში ადმინისტრაციის წარმომადგენლის შეხვედრა იმ განცხადებაზე დიდი შეურაცხყოფა იყო“

„ზურაბიშვილს ჩინეთის ელჩისთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია, პირიქით, ორბელიანის სასახლეში ადმინისტრაციის წარმომადგენლის შეხვედრა იმ განცხადებაზე დიდი შეურაცხყოფა იყო“

„სალომე ზურაბიშვილის ხელში, პრეზიდენტის ფუნქციები ისეთივე საშიში გახდა, როგორც ასანთი ბავშვის ხელში“, - ასე ფიქრობს ხელისუფლება მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა და ქვეყანა ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ ახალ სკანდალში გახვია. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების სფეროდან არის გასული, არამედ „მთლიანად გასულია მომსახურების ზონიდან“.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და სი ძინპინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ, მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. პრეზიდენტის ამ პოზიციას „ქართული ოცნება“ მალევე გაემიჯნა, 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრიც შეხვდა ელჩს და, ამ განცხადების გამო, სინანული გამოთქვა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს და არ დააზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

ამის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა 14 ნოემბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, ნათია სულავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება მიზანმიმართული ქმედება იყო და ეს არ იყო მხოლოდ უნებლიე წამოცდენა. ანალიტკოსი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს არც იმპიჩმენტის პროცედურამ უშველა და იმაზე ტოქისკური და მავნებელი გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

„რადიკალური ოპოზიციის მიერ გადარჩენილი ე.წ. პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობა კარგა ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მავნებლობას არ ეშვება. მას საქართველოს ხელისუფლება მსგავს მძიმე და უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ ჩაუყენებია. მისი ნათქვამი ჩინეთის პრეზიდენტზე არ ყოფილა მხოლოდ უბრალო წამოცდენა. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება. არ ვიცი, ვის ასიამოვნა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის ე.წ. გლობალური ომის პარტიის ნარატივს იმეორებს და ვიღაცის საამებლად გააკეთა.

ახლა მისი ბოდიშები და იმის განმარტება, რომ ჩინეთის პრეზიდენტი არ უგულისხმია, ტყუილია. არ ვიცი ამ თვეების განმავლობაშ რას იზამს, რა უხერხულობაში ჩააგდებს ქვეყანას, მაგრამ მისი საქციელი უკვე მავნებლურია. პრემიერს ჩინეთის ელჩთან შეხვედრები და ბოდიშების მოხდა მოუწია. ეს ნორმალურია? მე ვფიქრობ, რომ ამ ხნის განმავლობაში, სანამ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, ის კიდევ უფრო ტოქსიკური გახდება და არავინ იცის ქვეყანას რა შარში გახვევს. სწორედ ამას ამბობდა კობახიძე სასამართლოზე, რომ მას სხვა დროსაც ქვეყანა და ხელისუფლება არაერთ დიდ უხერხულობაში ჩაუგდია“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს სანამ საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, ალბათ, ასე, თავის ნებაზე ივლის. ჩავა სადაც უნდა და რასაც უნდა იმას გააკეთებს. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მას მხარდამჭერების და ამომრჩევლის მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია და როგორც პოლიტიკური ფიგურა არაფერს წარმოადგენს. ცუდი ისაა, რომ ეს ქვეყნის შიგნით კი იციან, მაგრამ გარეთ ხელისუფლებას ვადის ამოწურვამდე მუდმივად ახალ თავის ტკივილს გაუჩენს, რომლის დალაგებაც ისევ მთავრობას მოუწევს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ჩინეთის ელჩისთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია, პირიქით, ელჩის ორბელიანის სასახლეში მიწვევა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლის შეხვედრა იმაზე დიდი შეურაცხყოფა იყო, ვიდრე ზურაბიშვილის მანამდე გაკეთებული განცხადებაა.

„ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი კიდევ უფორ ურესად მოიქცა, როედესაც მან ჩინეთის ელჩი დაიბარა და თავად კი არ შეხვდა, არამედ - მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ხოლო მთელი მათი საუბრის პათოსი ის იყო, რომ ჩინეთმა ზურაბიშვილის განცხადება არასწორად გაიგო. არანაირი ბოდიშის მოხდა არ ყოფილა. დავანებოთ ყველაფერს თავი, მაგრამ ეს ქალბატონი ხომ თავს დიპლომატად ასაღებს და რაში გამოიხატებოდა მისი დიპლომატიურობა, როდესაც ის ძალიან ბინძურად შეეხო საქართველოს პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს?! იმ ადამიანს და ლიდერს, რომელიც 15 ნოემბერს სანფრანცისკოში ხვდება ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენს და მათ შორის ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება.

ეს ორი უდიდესი ლიდერი ისაუბრებს მომავალი მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურბაზე. ეს არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც 7- 8 დეკემბერს ევროკავშირის პრეზიდენტი ჩადის. ასევე, ჩინეთში ჩადის ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამ დროს კი, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაში საერთოდ საგარეო კურსის შესახებ განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს ისეთი ტიპის, რომელიც აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს სააკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ზურაბიშვილი კი ამხელა მსოფლიო ლიდერს, ჩინეთის პრეზიდენტს აყენებს პუტინის დონეზე და მისი დაპატიმრების პერსპექტივებზე საუბრობს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ის უკვე დაადგა იმ გზას, რომ ამ მავნებლობის ხარისხი და მასშტაბი, ალბათ, უფრო გაიზრდება. ამიტომ ქართველიშვილი ფიქრობს, რომ მისგან ყოველ ჯერზე სულ უფრო უსიამოვნო სიპურიზებს უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, არ არსებობს ამ ეტაპზე რაიმე ბერკეტი, რომელიც ამ ქალბატონის მავნებლობას შეაჩერებს.

ლევკოთეა მე მგონი, ამ ქალს, წითელმა ცხენებმა ჩამოუქროლეს. თუ რაც ჰქვია იმ მოვლენას, ზოგს რომ უფრო ადრე ემართება და ზოგს გვიან.
1 წლის უკან
Gami ამ ქალმა/ სალომემ/ და იმ ქალმა/ ამერიკის ელჩმა/ საერთოდ იციან ბაიდენი ვის უნდა შეხვდეს.
1 წლის უკან
რომანი ჩვენს პროქსი პრეზიდენტს სახელისუფლებო სქემაში ზომიერად სასარგებლო იდიოტის როლი აქვს მინიჭებული, რამაც, გარკვეულ ეტაპზე, გაამართლა. სამწუხაროდ, პერიოდულად, იგი ამ როლიდან გამოსვლას და პერიმეტრის გარეთ გასვლას ლამობს, რასაც, როგორც ამ შემთხვევაში, უხერხულობის და, ხშირად, მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია მხოლოდ.
1 წლის უკან